არჩეულ მასალაზე გადასვლა

ძმა რუსლან ალიევი მეუღლესთან, კრისტინასთან, ერთად სასამართლოს შენობის წინ; 2020 წლის 17 დეკემბერი

2020 წლის 17 დეკემბერი
რუსეთი

რუსეთის სასამართლო ძმა რუსლან ალიევს პირობით სასჯელს უფარდებს

რუსეთის სასამართლო ძმა რუსლან ალიევს პირობით სასჯელს უფარდებს

ძმა რუსლან ალიევის დამატებითი კომენტარები

2020 წლის 17 დეკემბერს დონის როსტოვში მდებარე ლენინსკის რაიონულმა სასამართლომ ძმა რუსლან ალიევი დამნაშავედ ცნო და ორწელიწადნახევრიანი პირობითი სასჯელი შეუფარდა. ამჯერად მას არ მოუწევს სასჯელის ციხეში მოხდა.

განაჩენის გამოტანამდე რამდენიმე დღით ადრე, აშკარად ჩანდა, რომ რუსლანს „ღვთის მშვიდობა“ ჰქონდა (ფილიპელები 4:7). მან მეგობრებს სრული სიმშვიდით უთხრა: „განაჩენის მოლოდინში არ ვნერვიულობ. ყველაფერი, რასაც ღმერთი დაუშვებს, მისი კონტროლის ქვეშ იქნება და დახმარება საჭირო დროს მოვა. იეჰოვას ყველგან ვემსახურები, სადაც არ უნდა მომიწიოს ყოფნა“. რუსლანმა ისიც იცის, რომ მთელი საძმო ლოცულობს მისთვის, რათა ამ განსაცდელის დროს ღვთის ერთგული დარჩეს. როგორც თავად ამბობს, ეს მისთვის „დიდი ნუგეშია“.

2020 წლის 14 დეკემბერს რუსლანმა სასამართლოს წინაშე წარმოთქმულ ბოლო სიტყვაში გაბედულად თქვა: „პირველ საუკუნეში 33 წლის ახალგაზრდა მამაკაცს სასამართლოს წინაშე მოუწია წარდგომა იმპერიის წინააღმდეგ ამბოხებისკენ წაქეზების ბრალდებით. თუმცა ჩვენამდე მოღწეული სასამართლო პროცესის მასალები ცხადყოფს, რომ მას იეჰოვა ღმერთთან ურთიერთობის გამო ასამართლებდნენ. მოწმეების ჩვენებები ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მოდიოდა; ბრალდების მხარემ ვერ შეძლო მისთვის დანაშაულის დამტკიცება; მიუხედავად ამისა, ის დამნაშავედ ცნეს. ეს კაცი იესო ქრისტე იყო.

დღეს, 21-ე საუკუნეში, მეც, 33 წლის ახალგაზრდა, სასამართლოს წინაშე ვდგავარ. მეც ბრალს მდებენ სახელმწიფოს წინააღმდეგ შეთქმულებასა და კონსტიტუციური წესრიგის დარღვევაში. ... როდესაც გავიგე, რომ სახელმწიფოს უსაფრთხოებისა და კონსტიტუციის წინააღმდეგ მიმართულ სისხლის სამართლის დანაშაულში მედებოდა ბრალი, გამიკვირდა ასეთი უსაფუძვლო და ცრუ ბრალდება რომ წამიყენეს“.

რუსლანმა აგრეთვე მტკიცედ უარყო მის წინააღმდეგ წაყენებული ცრუ ბრალდება, რომ თითქოს ის ეთნიკური და რელიგიური სიძულვილის გაღვივებას უწყობდა ხელს. მან განაცხადა: „ისე მოხდა, რომ, სულ მცირე, სამ ერში — რუსებს, აზერბაიჯანელებსა და უკრაინელებს შორის — აღვიზარდე და სამივე ხალხის კულტურას ვეზიარე. თითოეული კულტურა ჩემთვის თანაბრად ძვირფასია. ... ჩემს მეგობრების შორის ბევრი ინგლისურად მოლაპარაკე აფრიკელია, ზოგიც ჩინელია. ... წარმოშობით აზერბაიჯანელი ვარ. ყველას კარგად მოეხსენება, რომ აზერბაიჯანელებსა და სომხებს შორის ხანგრძლივი მტრული დამოკიდებულება არსებობს; მაგრამ ჩემი უახლოესი მეგობარი სომეხია, რომელიც ჩემს ქორწილში ხელისმომკიდედ მყავდა. ჩემი რელიგიის დამსახურებაა, რომ ყველა ეროვნების, რასის, რელიგიის და სოციალური მდგომარეობის ადამიანები მიყვარს. ... მეც და ჩემს ახლობლებსაც გვიკვირს, რომ რასობრივი თუ ეთნიკური სიძულვილის გაღვივებასა და იმ იდეის მხარდაჭერაში მედება ბრალი, რომ ერთი ერი მეორეზე უპირატესობს“.

ძალიან გვამხნევებს იმის გაგება, რომ რუსეთში მცხოვრები ჩვენი და-ძმები გაბედულად ამოწმებენ სასამართლოს წინაშე. გვჯერა, რომ იეჰოვა აკურთხებს ჭეშმარიტების თესლს, რომელსაც უფლებამოსილი პირების წინაშე ჩვენი რწმენის დაცვის დროს ვთესავთ (მათე 10:18).