არჩეულ მასალაზე გადასვლა

დელეგაციის წარმომადგენლები. მარცხნიდან მარჯვნივ: ალბერტო რივერა (ესპანეთი), პიტერ ჰამადე (სლოვაკეთი), ანდრეი გევლა (ლატვია), ჩონგ ჰო (კორეა), იაროსლავ სივულსკი (რუსეთი), იოჰან ციმერმანი (ავსტრია), შტეფან შტაინერი (შვეიცარია), ვასილი კალინი (რუსეთი), ტომი კაუკო (ფინეთი), მარკ სანდერსონი (შეერთებული შტატები), რობერტ დელაჰაიე (ნიდერლანდები), მარკ ჰანსენი (ბელგია), პოლ გილიესი (გაერთიანებული სამეფო), ლარს-ერიკ ერიქსონი (შვედეთი), ტომი იენსენი (დანია), იორგენ პედერსენი (ნორვეგია), მანფრედ შტეფენსდორფერი (გერმანია), თიმუ კონსტი (ლიტვა), ბაბის ანდრეოპოლოსი (საბერძნეთი), ტემბეტ ერნიცი (ესტონეთი), ჟან-კლოდ პონსი (საფრანგეთი)

2017 წლის 21 ივლისი
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ

სასამართლო პროცესზე დასასწრებად რუსეთში იეჰოვას მოწმეები სხვადასხვა ქვეყნიდან ჩავიდნენ და თანამორწმუნეები გაამხნევეს

სასამართლო პროცესზე დასასწრებად რუსეთში იეჰოვას მოწმეები სხვადასხვა ქვეყნიდან ჩავიდნენ და თანამორწმუნეები გაამხნევეს

ნიუ-იორკი — იეჰოვას მოწმეების ხელმძღვანელმა საბჭომ მოსკოვში გაგზავნა დელეგაცია, რომელიც სამი კონტინენტიდან ჩასული ძმებისგან შედგებოდა. ისინი უზენაეს სასამართლოში გამართულ პროცესს დაესწრნენ და რუსი და-ძმები ძალიან გაამხნევეს.

რუსეთში ჩასულ დელეგაციას რუსი და-ძმები სიხარულით შეეგებნენ, რომელთაგანაც ზოგი მოსკოვში სასამართლო პროცესზე დასასწრებად შორეული ჩრდილოეთიდან, ციმბირიდანაც კი ჩავიდა. დელეგაციის წარმომადგენლებმა რუსი და-ძმები დაარწმუნეს, რომ მსოფლიო საძმოს ძალიან აღელვებს მათი მდგომარეობა და მხურვალედ ლოცულობს მათთვის. დელეგაციის ერთმა წარმომადგენელმა ასეთი რამ თქვა: „მართალია, აკრძალვის შესახებ უსამართლო გადაწყვეტილების გაუქმების ალბათობა ძალიან მცირე იყო, მაგრამ რუსი და-ძმები მხნეობას არ კარგავდნენ, რამაც ძალიან გამაოცა“.

მიუხედავად იმისა, რომ უზენაესი სასამართლოს სამკაციანმა კოლეგიამ ჩვენ წინააღმდეგ მიიღო გადაწყვეტილება, სასამართლო დარბაზში და-ძმები დადებით განწყობას ინარჩუნებდნენ. სამწუხარო იყო იმის დანახვა, რომ ღვთის სახელი ასე საჯაროდ შეურაცხყვეს. ამ ყველაფერმა მოწმეები იმაში დაარწმუნა, რომ რუსეთში მათ რწმენის დიდი გამოცდები ელოდებათ. თუმცა სასამართლო დარბაზში მოწმეების ღირსეულმა საქციელმა და მათ მიერ გამოვლენილმა სიყვარულმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ იეჰოვას მოწმეების ექსტრემისტებად შერაცხვა ყოველგვარ საფუძველსაა მოკლებული.

დელეგაციის მთავარი წარმომადგენელი ხელმძღვანელი საბჭოს წევრი მარკ სანდერსონი იყო. მან და-ძმები ასეთი სიტყვებით გაამხნევა: „მტკიცედ და უშიშრად შეხვდით ნებისმიერ განსაცდელს, რაც წინ გელოდებათ“. სასამართლო დარბაზის დატოვების შემდეგ რუსი და-ძმები დაემშვიდობნენ დელეგაციის წარმომადგენლებს, გულში ჩაიკრეს ისინი და მადლობა გადაუხადეს იმისთვის, რომ ამ ისტორიული სასამართლო პროცესის დროს მათ გვერდით იყვნენ.

დელეგაციის წევრები მოსკოვში 21 საელჩოს წარმომადგენლებს შეხვდნენ. მათ ზუსტი ინფორმაცია მიაწოდეს საელჩოს წარმომადგენლებს იმის შესახებ, თუ როგორ ავიწროებენ იეჰოვას მოწმეებს რუსეთის უფლებამოსილი პირები. რუსეთში ადგილი ჰქონდა ისეთ ფაქტებს, როგორიცაა მოწმეების სახლების გადაწვა, სამსახურიდან გათავისუფლება, სკოლებში მოსწავლეების შეურაცხყოფა და ქრისტიანული შეხვედრის ჩატარების გამო სისხლის სამართლებრივი დევნა რამდენიმე უხუცესის, მათ შორის დენის კრისტენსენის წინააღმდეგ, რომელიც დღემდე წინასწარ პატიმრობაში რჩება. რამდენიმე ელჩი შეძრა ორწუთიანი ვიდეოს კადრებმა, რომლებიც ბოლო დროს მომხდარ ფაქტებს ასახავდა. მათ აინტერესებდათ, რატომ ემტერებოდნენ იეჰოვას მოწმეებს. ამგვარად, ძმებს დამოწმების შესაძლებლობა მიეცათ; მათ აუხსნეს, რომ ჩვენ, იეჰოვას მოწმეები, პოლიტიკაში არ ვერევით. მათ ისიც აღნიშნეს, რომ ბიბლიურმა ცნობამ, რომელსაც მოწმეები ქადაგებენ, რუსეთის არაერთი მოქალაქის ცხოვრება შეცვალა უკეთესობისკენ. ამაზე ერთმა ელჩმა მოწმეებს ასეთი რამ უთხრა: „როგორც ჩანს, მართლმადიდებლურ ეკლესიას არ მოსწონს, რომ მათ წყალში თევზაობთ“. რვასაათიან სასამართლო პროცესს ათზე მეტი საელჩოს წარმომადგენლები დაესწრნენ.

საერთაშორისო დელეგაციის წარმომადგენლებს რწმენა განუმტკიცა რუსი და-ძმების შეუპოვრობამ და ღვთისადმი ერთგულებამ. ისინი აგრეთვე ძალიან გაამხნევა იმან, რომ რუსეთის უფლებამოსილი პირების წინაშე დამოწმების შესანიშნავი შესაძლებლობა მიეცათ.

საკონტაქტო პირები:

დეივიდ სიმონიანი, საინფორმაციო სამსახური, ტელ. +1-845-524-3000