არჩეულ მასალაზე გადასვლა

2017 წლის 30 მაისი
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ

რუსეთის უზენაესი სასამართლო იეჰოვას მოწმეების საჩივარს 2017 წლის 17 ივლისს განიხილავს

რუსეთის უზენაესი სასამართლო იეჰოვას მოწმეების საჩივარს 2017 წლის 17 ივლისს განიხილავს

იეჰოვას მოწმეებმა გაასაჩივრეს რუსეთის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც აიკრძალა მათი რელიგიური საქმიანობა. მოსამართლე იური ივანენკოს მიერ 20 აპრილს მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, მთელი რუსეთის მასშტაბით იეჰოვას მოწმეების ყველა იურიდიული პირის საქმიანობა შეჩერდა. უზენაესი სასამართლოს სააპელაციო პალატის მოსამართლეთა სამკაციანი კოლეგია მოწმეების საჩივარს 2017 წლის 17 ივლისს განიხილავს.

იეჰოვას მოწმეებმა საჩივარში მოითხოვეს, რომ სრულად გაუქმდეს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება. ამ საჩივარში ისიცაა აღნიშნული, რომ ეს გადაწყვეტილება ყალბ სამხილებს ეფუძნება და რომ იეჰოვას მოწმეებს არაფერი აკავშირებთ ექსტრემიზმთან. საჩივარში აგრეთვე აღნიშნულია, რომ ბრალდებები, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო, არაფრით განსხვავდება იმ ბრალდებებისგან, რომლებსაც ხელისუფლების წარმომადგენლები საბჭოთა რეჟიმის დროს იყენებდნენ იეჰოვას მოწმეთა საქმიანობის შესაჩერებლად. მოგვიანებით ამ მოწმეების, როგორც რეპრესიის მსხვერპლთა, რეაბილიტაცია მოხდა და მათ ყველა ბრალდება მოეხსნათ. საჩივარში ისიც იყო ნათქვამი, რომ მიღებული გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდის რუსეთის მიერ ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებსა და რუსეთის კონსტიტუციასთან, რომელიც იცავს რელიგიის თავისუფლების უფლებას.

სამწუხაროდ, ის, რაც უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას მოჰყვა შედეგად, გვახსენებს, როგორ ავიწროებდნენ იეჰოვას მოწმეებს საბჭოთა რეჟიმის დროს. უფლებამოსილი პირები ზოგი მოწმის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ დევნას ახორციელებენ „ექსტრემისტული“ საქმიანობისთვის; დამსაქმებლები სამუშაოდან ათავისუფლებენ მათ; მასწავლებლები იეჰოვას მოწმე მოსწავლეებს კლასელების თანდასწრებით ემუქრებიან. გარდა ამისა, მტრულად განწყობილმა ადამიანებმა ვანდალური თავდასხმა განახორციელეს იეჰოვას მოწმეების სამეფო დარბაზებზე და მოწმეების ორი სახლი გადაწვეს.

მთელ მსოფლიოში იეჰოვას მოწმეები იმედოვნებენ, რომ რუსეთის უზენაესი სასამართლოს სააპელაციო პალატა აღიარებს, რომ მოწმეების წინააღმდეგ უსამართლო გადაწყვეტილება იქნა მიღებული და გააუქმებს ამ გადაწყვეტილებას. ამგვარად, ის დაიცავს რელიგიის თავისუფლების უფლებასა და იეჰოვას მოწმეების უსაფრთხოებას რუსეთში.