2017 წლის 5 აპრილი
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ
რუსეთის უზენაესი სასამართლო იეჰოვას მოწმეების წინააღმდეგ აღძრული საქმის განხილვას იწყებს
ნიუ-იორკი — დღეს რუსეთის ფედერაციის უზენაესმა სასამართლომ განიხილა იუსტიციის სამინისტროს სარჩელი რუსეთში იეჰოვას მოწმეების ადმინისტრაციული ცენტრის ლიკვიდაციის თაობაზე. საქმის მოსმენა 2017 წლის 6 აპრილს, რუსეთის დროით, 14:00 სთ-ზე განახლდება.
2017 წლის 30 მარტს იეჰოვას მოწმეებმა იუსტიციის სამინისტროს სარჩელს შესაგებლით უპასუხეს. თუმცა დღეს სხდომის დასრულებამდე სასამართლომ უარი განაცხადა იეჰოვას მოწმეების სარჩელის განხილვაზე. ამასთანავე, სასამართლომ უარი განაცხადა ექსპერტთა მოსმენაზე, რომლებსაც უნდა ესაუბრათ, თუ რის საფუძველზე ითხოვს იუსტიციის სამინისტრო მოწმეების რელიგიური საქმიანობის აკრძალვას. გარდა ამისა, მან არ დაუშვა იმ მოწმეთა დაკითხვა, რომლებიც იეჰოვას მოწმეების ადგილობრივი რელიგიური ორგანიზაციის წინააღმდეგ გამოყენებული სამხილების გაყალბების თვითმხილველები იყვნენ.
აღნიშნული სასამართლო საქმე მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა. მაგალითად, ცნობილმა ჟურნალმა „ტაიმმა“ 4 აპრილს თავის ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა სტატია, სათაურით „რუსეთის უზენაესი სასამართლო იეჰოვას მოწმეების რელიგიური საქმიანობის კანონიერებას განიხილავს“. 5 აპრილს კიდევ ერთი ცნობილი ჟურნალის, „ნიუ-იორკ ტაიმზის“, პირველ გვერდზე განთავსდა სტატია: „რუსეთში პაციფისტი ქრისტიანები შეიძლება ექსტრემისტებად ცნონ“.
ნიუ-იორკში იეჰოვას მოწმეების მსოფლიო მთავარი სამმართველოს წარმომადგენელი დეივიდ სიმონიანი აღნიშნავს: „ვიმედოვნებთ, რომ რუსეთის უზენაესი სასამართლო დაიცავს ჩვენი თანამორწმუნეების უფლებას — თავისუფლად შეასრულონ თავიანთი რელიგიური მსახურება. მთელ მსოფლიოში მილიონობით ადამიანი თვალყურს ადევნებს, როგორ წარიმართება სასამართლო პროცესი და დაუჭერს თუ არა მხარს რუსეთის ხელისუფლება თავისი ქვეყნის კანონმორჩილ მოქალაქეებს, იეჰოვას მოწმეებს“.
საკონტაქტო პირები:
საერთაშორისო: დეივიდ სიმონიანი, საინფორმაციო სამსახური, ტელ. +1-845-524-3000
რუსეთი: იაროსლავ სივულსკი, ტელ. +7-812-702-2691