არჩეულ მასალაზე გადასვლა

2017 წლის 19 აპრილი
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ

სასამართლო განხილვის მე-5 დღე: მიმდინარეობს იეჰოვას მოწმეების სასამართლო დავების ათწლიანი ისტორიის მიმოხილვა

სასამართლო განხილვის მე-5 დღე: მიმდინარეობს იეჰოვას მოწმეების სასამართლო დავების ათწლიანი ისტორიის მიმოხილვა

ნიუ-იორკი — 2017 წლის 19 აპრილს, ოთხშაბათს, რუსეთის უზენაეს სასამართლოში 300-მდე ადამიანი შეიკრიბა (ზოგიერთი მათგანი სასამართლო დარბაზთან დილის 2 საათზე მივიდა). უკვე მე-5 დღეა, განიხილება იუსტიციის სამინისტროს მოთხოვნა იეჰოვას მოწმეების ადმინისტრაციული ცენტრის ლიკვიდაციის თაობაზე. 43-ტომიანი საქმის მასალების განხილვის დროს სასამართლო დარბაზში დამსწრეებმა მოისმინეს იმ აგრესიული ქმედებების შესახებ, რომლებსაც რუსეთის ხელისუფლება ბოლო 10 წლის განმავლობაში იეჰოვას მოწმეების წინააღმდეგ ახორციელებდა.

სასამართლომ განიხილა 43-ტომიანი საქმის მასალები

განხილვის დროს იუსტიციის სამინისტროს ადვოკატებმა ვერ დაასახელეს, რა კანონიერი საფუძველი არსებობდა რუსეთში იეჰოვას მოწმეების ადმინისტრაციული ცენტრის ლიკვიდაციისთვის. მათ ვერც ის დაასახელეს, რა ექსტრემისტულ საქმიანობას ეწეოდა მოწმეების ადმინისტრაციული ცენტრი ან მასთან კავშირში მყოფი რომელიმე იურიდიული პირი (ადგილობრივი რელიგიური ორგანიზაცია). იეჰოვას მოწმეების ერთ-ერთმა ადვოკატმა იური ტოპოროვმა სასამართლოს წინაშე განაცხადა, რომ საქმის მასალებში ხელისუფლების მხრიდან ადმინისტრაციული ცენტრისთვის ჯილდოებისა და სამადლობელი წერილების გადაცემის ფაქტებიც იყო მოცემული, რაც ადასტურებს, რომ წარსულში, წლების განმავლობაში ხელისუფლება ადმინისტრაციული ცენტრის საქმიანობის მიმართ პოზიტიურად იყო განწყობილი და აღიარებდა, რომ მისი საქმიანობა საზოგადოების კეთილდღეობას ემსახურებოდა. მასალებში ისიც იყო აღნიშნული, რომ იეჰოვას მოწმეების კრებების (ადგილობრივი რელიგიური ორგანიზაციები) საქმიანობა დადებით გავლენას ახდენს საზოგადოებაზე. გარდა ამისა, საქმის მასალების რამდენიმე ტომი ადასტურებდა, რომ იუსტიციის სამინისტრო 2008 წლიდან მოყოლებული რუსეთში იეჰოვას მოწმეების ადგილობრივი რელიგიური ორგანიზაციების შემოწმებას ატარებს, თუმცა მან ექსტრემისტულ საქმიანობაში მონაწილეობის ვერც ერთი სამხილი ვერ აღმოაჩინა. ეს ფაქტი სასამართლოს წინაშე თავად იუსტიციის სამინისტროს ადვოკატებმაც დაადასტურეს.

პირველი რიგი, მარცხნიდან მარჯვნივ: ანტონ ომელჩენკო, მაქსიმ ნოვაკოვი, ვიქტორ ჟენკოვი და იური ტოპოროვი — რუსეთში იეჰოვას მოწმეების ადვოკატები. უკანა რიგი, მარცხნიდან მარჯვნივ: ვასილი კალინი და სერგეი ჩერეპანოვი — რუსეთში იეჰოვას მოწმეების ადმინისტრაციული ცენტრის კომიტეტის წევრები

სასამართლო მოსმენა 2017 წლის 20 აპრილს, 14:00 სთ-ზე განახლდება.

საკონტაქტო პირები:

საერთაშორისო: დეივიდ სიმონიანი, საინფორმაციო სამსახური, ტელ. +1-845-524-3000

რუსეთი: იაროსლავ სივულსკი, ტელ. +7-911-087-8009