არჩეულ მასალაზე გადასვლა

2017 წლის 18 ივლისი
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ

რუსეთის უზენაესმა სასამართლომ კვლავ იეჰოვას მოწმეების წინააღმდეგ მიიღო გადაწყვეტილება

რუსეთის უზენაესმა სასამართლომ კვლავ იეჰოვას მოწმეების წინააღმდეგ მიიღო გადაწყვეტილება

2017 წლის 17 ივლისს რუსეთის უზენაესმა სასამართლომ მხარი დაუჭირა იეჰოვას მოწმეების წინააღმდეგ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც მათი საქმიანობა მთელი ქვეყნის მასშტაბით აიკრძალა. აღნიშნული გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ შევიდა ძალაში. ამგვარი ქმედებით რუსეთმა დაარღვია საერთაშორისო ვალდებულება, დაიცვას რელიგიის თავისუფლება.

რუსეთის უზენაესი სასამართლოს სააპელაციო პალატის მოსამართლეთა სამკაციანმა კოლეგიამ არ დააკმაყოფილა იეჰოვას მოწმეების საჩივარი და მხარი დაუჭირა მოსამართლე იური ივანენკოს მიერ 20 აპრილს მიღებულ გადაწყვეტილებას. მოსამართლე ივანენკომ დააკმაყოფილა იუსტიციის სამინისტროს მოთხოვნა რუსეთში იეჰოვას მოწმეების ადმინისტრაციული ცენტრისა და მასთან კავშირში მყოფი იურიდიული პირების ლიკვიდაციის თაობაზე. გარდა ამისა, სასამართლოს გადაწყვეტილებით ლიკვიდირებული ორგანიზაციის ქონება სახელმწიფო საკუთრებაში გადავიდა.

იეჰოვას მოწმეების ადვოკატები

მიღებული გადაწყვეტილება დიდ საშიშროებას უქმნის რუსეთში მცხოვრები 175 000-ზე მეტი იეჰოვას მოწმის უსაფრთხოებას. ფილიპ ბრამლი, იეჰოვას მოწმეების მრჩეველი იურიდიულ საკითხებთან დაკავშირებით, აღნიშნავს: „მთელ მსოფლიოში მცხოვრებ იეჰოვას მოწმეებს ძალიან აღელვებთ რუსი და-ძმების მდგომარეობა. სააპელაციო პალატა თავისი გადაწყვეტილებით ხელს აფარებს იმ უკანონო ქმედებებს, რომლებიც რუსეთში იეჰოვას მოწმეების წინააღმდეგ ხორციელდება. ზემოხსენებული გადაწყვეტილება რუსეთის უფლებამოსილ პირებს ხელს აძლევს, უკანონო სამართლებრივი დევნა განახორციელონ მოწმეების წინააღმდეგ და კიდევ უფრო შეზღუდონ მათი უფლებები. ფაქტობრივად ისინი საკუთარ ქვეყანაში დევნილები გახდნენ“.

სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნით იეჰოვას მოწმეებმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსა და გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტს მიმართეს. მთელ მსოფლიოში მცხოვრები იეჰოვას მოწმეები გადაწყვეტილების მოლოდინში არიან; ისინი ლოცულობენ, რომ რუსეთის მთავრობამ შეცვალოს თავისი დამოკიდებულება და პატივი სცეს ადამიანის ძირითად უფლებებს, რათა მოწმეებმა წყნარად და მშვიდად იცხოვრონ ღვთისადმი სრული ერთგულებით, როგორც 1 ტიმოთეს 2:2-ში ვკითხულობთ.