არჩეულ მასალაზე გადასვლა

2017 წლის 19 აპრილი
რუსეთი

მე-5 დღე: რუსეთის უზენაესი სასამართლო განიხილავს მასალებს იეჰოვას მოწმეების საქმიანობის აკრძალვის თაობაზე

მე-5 დღე: რუსეთის უზენაესი სასამართლო განიხილავს მასალებს იეჰოვას მოწმეების საქმიანობის აკრძალვის თაობაზე

დღეს რუსეთის ფედერაციის უზენაესმა სასამართლომ 43-ტომიანი საქმის მასალების განხილვა დაიწყო. სასამართლომ აგრეთვე იეჰოვას მოწმეების ადვოკატებს ნება დართო, წარედგინათ მოწმეების რელიგიური შეხვედრების დარბევის ახალი ფაქტები. 2017 წლის მარტსა და აპრილში სამართალდამცავებმა დაარბიეს იეჰოვას მოწმეების რელიგიური შეხვედრები და დამსწრეებს სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემით დაემუქრნენ.

იეჰოვას მოწმეების 395 იურიდიული პირის (ადგილობრივი რელიგიური ორგანიზაციები) ლიკვიდაციის შესახებ იუსტიციის სამინისტროს მოთხოვნის განხილვისას სასამართლომ მოისმინა არგუმენტები იმის თაობაზე, არის თუ არა იეჰოვას მოწმეების ორგანიზაციის სტრუქტურა კანონიერი. როცა სასამართლო განიხილავდა იეჰოვას მოწმეების 8 იურიდიული პირის აკრძალვის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებებს, იეჰოვას მოწმეების ადვოკატებმა განაცხადეს, რომ ამ გადაწყვეტილებებს ყალბი სამხილები და პროცესუალური ხარვეზები ედო საფუძვლად.

გარდა ზემოაღნიშნულისა, იეჰოვას მოწმეების ადვოკატებმა განაცხადეს, რომ იუსტიციის სამინისტრო ორმაგი სტანდარტით მოქმედებდა. იურიდიული პირების ლიკვიდაციის თაობაზე გამართულ სასამართლო პროცესებზე იუსტიციის სამინისტრო აცხადებდა, რომ ადმინისტრაციულ ცენტრს არანაირი კავშირი არ ჰქონდა იეჰოვას მოწმეების იურიდიული პირების საქმიანობასთან. გარდა ამისა, სამინისტრო ყველაფერს აკეთებდა, რომ ადმინისტრაციულ ცენტრს მონაწილეობა არ მიეღო ამ სასამართლო პროცესებში. დღეს კი იუსტიციის სამინისტრო ამტკიცებს, რომ იეჰოვას მოწმეების ადმინისტრაციულ ცენტრთან კავშირში მყოფი იურიდიული პირები უკანონო ქმედებებს ახორციელებენ და მოწმეების ლიტერატურა ექსტრემისტული შინაარსის მასალას შეიცავს.

იუსტიციის სამინისტრომ არაერთხელ ჩაატარა იეჰოვას მოწმეების იურიდიული პირების შემოწმება და შედეგები ანგარიშის სახით სასამართლოს წარუდგინა. თუმცა დაკითხვის დროს იუსტიციის სამინისტრომ ერთი შემთხვევაც კი ვერ დაასახელა, რომელიც დაამტკიცებდა, რომ იეჰოვას მოწმეებმა ექსტრემისტულ საქმიანობაში მიიღეს მონაწილეობა.

სასამართლო მოსმენა 2017 წლის 20 აპრილს 14:00 სთ-ზე განახლდება.