2019 წლის 21 თებერვალი
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ
რუსეთის ქალაქ სურგუტში იეჰოვას მოწმეები აწამეს
რუსეთის სასამართლოს მიერ დენის კრისტენსენისთვის უსამართლო განაჩენის გამოტანიდან 9 დღის შემდეგ, სულ მცირე, 7 იეჰოვას მოწმე გახდა სასტიკი მოპყრობისა და წამების მსხვერპლი. დასავლეთ ციმბირის ქალაქ სურგუტში რუსი გამომძიებლები არაადამიანური მეთოდების გამოყენებით შეეცადნენ, მიეღოთ ინფორმაცია კრების შეხვედრების ადგილმდებარეობებისა და ზოგი მოწმის შესახებ.
ეს ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ამა წლის 15 თებერვალს სამართალდამცავმა პირებმა სურგუტში რეიდები მოაწყვეს მოწმეთა სახლებში, რის შედეგადაც რამდენიმე მათგანი დააპატიმრეს და ადგილობრივ საგამოძიებო განყოფილებაში გადაიყვანეს. იქ მოხდა მათი დაკითხვა. ჩვენი ძმები უარს აცხადებდნენ თანაქრისტიანების შესახებ დეტალური ინფორმაციის გაცემაზე. მოწმეები ჰყვებიან, თუ როგორ განვითარდა მოვლენები მას შემდეგ, რაც იმ ერთადერთმა იურისტმა, რომელიც ესწრებოდა დაკითხვას, დატოვა დაწესებულება. მათ თავზე ტომრები ჩამოაცვეს, წებოვანი ლენტი შემოახვიეს, ხელები უკან შეუკრეს და სასტიკად სცემეს. ამის შემდეგ მოწმეები გააშიშვლეს და წყალი მიასხეს. ბოლოს კი ელექტროშოკებით აწამეს. ეს სადისტური მოპყრობა დაახლოებით ორ საათს გრძელდებოდა.
დღემდე ამ მოწმეებიდან, სულ მცირე, სამი კვლავ პატიმრობაში რჩება. გათავისუფლებულმა ძმებმა მკურნალობისთვის სამედიცინო დაწესებულებებს მიმართეს. ამასთანავე, მათ საჩივარი შეიტანეს სადამკვირვებლო ორგანოებში.
ზემოაღნიშნულის გარდა, მასობრივი ჩხრეკების დასრულების შემდეგ, რუსმა სამართალდამცავებმა სისხლის სამართლის საქმე აღძრეს 19 იეჰოვას მოწმის წინააღმდეგ „ექსტრემისტულ საქმიანობაში მონაწილეობის“ და „ექსტრემისტული საქმიანობის ორგანიზების“ მუხლით.
უფლებამოსილების ამგვარი აშკარა გადაჭარბება რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად კანონით ისჯება. გარდა ამისა, რუსეთის ფედერაციას აკისრია ვალდებულება რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციის წინაშე, რომელთა უპირობო მოთხოვნაცაა, დაცული იქნენ ცალკეული ადამიანები ყოველგვარი არაადამიანური მოპყრობისგან. ამიტომ ჩვენ მივმართავთ ყველა კანონიერ გზას როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო დონეზე, რათა აღკვეთილ იქნეს ამგვარი დანაშაულებრივი ქმედებები.
დარწმუნებულები ვართ, რომ იეჰოვა ხედავს ჩვენი და-ძმების ამგვარ შევიწროებასა და დევნას რუსეთში და გვჯერა, რომ ის იქნება მათი „შემწე და მხსნელი“ (ფსალმუნი 70:5).