არჩეულ მასალაზე გადასვლა

2017 წლის 26 ივნისი
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ

რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა იეჰოვას მოწმეები საზოგადოების სასარგებლოდ გაწეული შრომისთვის დაასაჩუქრეს

რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა იეჰოვას მოწმეები საზოგადოების სასარგებლოდ გაწეული შრომისთვის დაასაჩუქრეს

ორიოლის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების სამადლობელი სიტყვები: „მადლობას გიხდით საზოგადოებისთვის გაწეული შრომისა და გარემოზე ზრუნვისთვის!“

ნიუ-იორკი — 2017 წლის 2 ივნისს რუსეთში ქალაქ ორიოლის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადეს იეჰოვას მოწმეებს, რომლებმაც 2017 წლის 22 აპრილს მონაწილეობა მიიღეს ქალაქის ყოველწლიური დასუფთავების პროგრამაში. დასუფთავების სამუშაოები, რომლებშიც 70-მა იეჰოვას მოწმემ მიიღო მონაწილეობა, მოიცავდა ქალაქ ორიოლის ქუჩებისა და მდინარე ორლიკის სანაპირო ზოლის ნაგვისგან გაწმენდას. ქალაქის უფლებამოსილმა პირებმა მოწმეებს მადლიერების ნიშნად პატარა საჩუქარი და წერილი გადასცეს. წერილში ეწერა: „მადლობას გიხდით საზოგადოებისთვის გაწეული შრომისა და გარემოზე ზრუნვისთვის!“.

აღსანიშნავია, რომ ქალაქის დასუფთავებიდან ერთი თვის შემდეგ, 25 მაისს, ერთ-ერთი მოხალისე დენის კრისტენსენი (ნაჩვენებია სურათზე ჩარჩოში), რომელიც დანიის მოქალაქეა, რელიგიური შეხვედრის მსვლელობისას დააპატიმრეს; პოლიციის თქმით, იგი ექსტრემისტულ საქმიანობას ეწეოდა. რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები იეჰოვას მოწმეებს ექსტრემისტულ საქმიანობაში სდებენ ბრალს და მთელი ქვეყნის მასშტაბით დევნიან.

დენის კრისტენსენი მონაწილეობას იღებს ქალაქის დასუფთავებაში (2011 წლის ოქტომბერი)

იეჰოვას მოწმეების მსოფლიო მთავარი სამმართველოს წარმომადგენელი დეივიდ სიმონიანი აღნიშნავს: „დენის კრისტენსენი და ორიოლის კრების წევრები უკვე წლებია, ადგილობრივებთან ერთად ნებაყოფლობით იღებენ მონაწილეობას ქალაქის დასუფთავების ღონისძიებაში. მიუხედავად იმისა, რომ 2016 წელს ქალაქ ორიოლში იეჰოვას მოწმეების იურიდიული პირის ლიკვიდაცია მოხდა, მოწმეებს თავი არ შეუკავებიათ დასუფთავებაში მონაწილეობისგან. მთელ მსოფლიოში, მათ შორის ქალაქ ორიოლში, იეჰოვას მოწმეები ცნობილი არიან როგორც სამაგალითო მოქალაქეები. ვინ წარმოიდგენდა, რომ პატიოსან და კანონმორჩილ მოქალაქეს, დენის კრისტენსენს, რომელმაც საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმიანობაში მიიღო მონაწილეობა, ისე მოეპყრობოდნენ, როგორც ექსტრემისტს. ვთვლით, რომ დენის კრისტენსენი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს. მას უნდა მიეცეს უფლება, განაგრძოს რელიგიური მსახურება და თანამორწმუნეებთან ერთად საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმიანობაში მონაწილეობა“.

ქალაქ ორიოლში იეჰოვას მოწმეების იურიდიული პირის ლიკვიდაცია 2016 წლის 14 ივნისს მოხდა. დენის კრისტენსენი დაახლოებით ერთი წლის შემდეგ დააპატიმრეს. 2017 წლის 20 აპრილს, ვიდრე მას ბრალს წაუყენებდნენ, რუსეთის ფედერაციის უზენაესმა სასამართლომ სანკტ-პეტერბურგთან ახლოს მდებარე იეჰოვას მოწმეების ადმინისტრაციული ცენტრის ლიკვიდაციის თაობაზე მიიღო გადაწყვეტილება. ქალაქ ორიოლის ადგილობრივი ხელისუფლების ბრძანებით დენის კრისტენსენი კვლავ წინასწარ პატიმრობაში იმყოფება.

საკონტაქტო პირი:

დეივიდ სიმონიანი, საინფორმაციო სამსახური, ტელ. +1-845-524-3000