არჩეულ მასალაზე გადასვლა

რუსეთის ფედერაციის ფინანსური მონიტორინგის ფედერალური სამსახურის შენობა

2023 წლის 13 იანვარი
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ

რუსეთი ასობით იეჰოვას მოწმეს კვლავ უწესებს ეკონომიკურ სანქციებს

რუსეთი ასობით იეჰოვას მოწმეს კვლავ უწესებს ეკონომიკურ სანქციებს

რუსეთის ფედერაციის ფინანსური მონიტორინგის ფედერალური სამსახური (როსფინმონიტორინგი) აღმასრულებელი ხელისუფლების ფედერალური ორგანოა, რომლის ფუნქციაა გამოავლინოს და წინ აღუდგეს ფინანსურ დანაშაულებს, მაგალითად ექსტრემიზმის დაფინანსებას. ამ ორგანოს აქვს სია, რომელშიც შეტანილია ტერორიზმსა და ექსტრემიზმში ეჭვმიტანილ პირთა სახელები. ამ სიაში, ადამიანი იმ შემთხვევაშიც შეიძლება აღმოჩნდეს, თუ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე არ არის აღძრული.

ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში 525 ჩვენი და-ძმის სახელი აღმოჩნდა მას შემდეგ, რაც 2017 წელს, რუსეთის ფედერაციის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ქვეყანაში იეჰოვას მოწმეების საქმიანობა აიკრძალა. a აღსანიშნავია, რომ ამ რიცხვში შედის 100-ზე მეტი ხანდაზმული იეჰოვას მოწმეც.

ექსტრემისტების სიაში შეყვანილ იეჰოვას მოწმეებს ეკონომიკურ სანქციებს უწესებენ, მაგალითად, უყინავენ საბანკო ანგარიშებს. ყოველთვიურად ბანკიდან მხოლოდ 10 000 რუბლამდე (137 $) ოდენობის თანხის გამოტანა შეუძლიათ. ამას გარდა, კიდევ უამრავი შეზღუდვა აქვთ დაწესებული, რაც მათ ნორმალური ცხოვრების საშუალებას არ აძლევს. მათთვის ძალიან რთულია იყიდონ ან გაყიდონ უძრავი ქონება და მანქანა, ისარგებლონ დაზღვევით და სოციალური დახმარებით, მიიღონ მემკვიდრეობა ან ბანკიდან სესხი. განსაკუთრებით ცუდ დღეში არიან პენსიონერები და უნარშეზღუდულები, რომლებსაც ხშირად სჭირდებათ სამედიცინო დახმარება და თანხები მკურნალობისთვის. გარდა ამისა, უმეტეს შემთხვევაში მათ ეკრძალებათ საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობა.

ქალაქ უსურიისკში მცხოვრები ძმა ანტონ ჩერმნიხი, რომელიც 2019 წლის დეკემბერში ტერორისტების სიაში შეიყვანეს, ამბობს: „ხელფასის ასაღებად ბანკში ყოველთვე მჭირდება იმის მტკიცება, რომ ფული ლეგალური გზებით გამოვიმუშავე. ბანკის თანამშრომლებთან არაერთი საბუთის მიტანა მიწევს. საბუთების გადახედვის შემდეგ ისინი დოკუმენტებს მოსკოვში აგზავნიან. ამ პროცესების გავლას 2 კვირა სჭირდება. შემდეგ ბანკში მიბარებენ, ხელფასს მაძლევენ და ჩემს ანგარიშს კვლავ ყინავენ. ასე მეორდება ყოველთვე. როცა ბანკის ახალი თანამშრომლები იგებენ, რომ ტერორისტთა სიაში ვარ შეყვანილი, შეშინებულები მიყურებენ ხოლმე“.

სირთულეების მიუხედავად ჩვენი და-ძმები პოზიტიურ განწყობას ინარჩუნებენ. იური ბელოსლუდცევი, რომელიც ექვსწლიანი პირობითი სასჯელის შეფარდებამდე ორწელიწად-ნახევრით ადრე შეიყვანეს ექსტრემისტთა სიაში, ამბობს: „მას შემდეგ, რაც საბანკო ანგარიშები დამიბლოკეს, მე და ჩემს მეუღლეს თანაქრისტიანები გვეხმარებოდნენ. იეჰოვას ძალიან დიდ მადლობას ვუხდით, რომ და-ძმების მეშვეობით მზრუნველობას არ გვაკლებდა“.

ვიცით, რომ იეჰოვას მხედველობიდან არ რჩება ის უსამართლობა, რომლის ატანაც რუსეთში მცხოვრებ და-ძმებს უწევთ. სწორედ ამიტომ გულდაჯერებულები ვლოცულობთ, რომ ღმერთი მათ კვლავაც გვერდში ედგეს განსაცდელების დროს (მათე 6:33).

a 2022 წლის დეკემბრის მონაცემებით, რუსეთში ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიიდან 35 და-ძმის სახელი ამოიღეს მას შემდეგ, რაც მათ მოიხადეს სასჯელი ან გადაიხადეს ჯარიმა.