არჩეულ მასალაზე გადასვლა

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო სტრასბურგში (საფრანგეთი)

2022 წლის 29 ივნისი
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ

რუსეთი ტოვებს ევროპულ სასამართლოს

რუსეთი ტოვებს ევროპულ სასამართლოს

2022 წლის 11 ივნისს პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ორ კანონპროექტს, რომელთა თანახმადაც 2022 წლის 15 მარტიდან რუსეთი აღარ ექვემდებარება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს იურისდიქციას. მაშასადამე, ევროპული სასამართლოს მიერ 15 მარტიდან მოყოლებული დღემდე მიღებული არცერთი გადაწყვეტილება აღარ ვრცელდება რუსეთზე. ამაში შედის ევროპული სასამართლოს მიერ 7 ივნისს გამოტანილი განაჩენი, რომლის მიხედვითაც რუსეთის მიერ იეჰოვას მოწმეთა საქმიანობის აკრძალვა მთელი ქვეყნის მასშტაბით უკანონოდ იქნა გამოცხადებული. აღნიშნული გადაწყვეტილებით, რუსეთს მოუწოდეს, შეეწყვიტა იეჰოვას მოწმეთა სამართლებრივი დევნა, გაეთავისუფლებინა დაპატიმრებული მოწმეები და უკან დაებრუნებინა მათთვის ჩამორთმეული ქონება ან კომპენსაციის სახით გადაეხადა 59 მილიონი ევრო.

ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტი თვალს ადევნებს, რამდენად ასრულებენ ევროსაბჭოს წევრი ქვეყნები ევროპული სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს. რუსეთი ევროსაბჭოს წევრი იყო 1996 წლიდან.

2022 წლის 15 მარტს რუსეთმა შეატყობინა ევროსაბჭოს, რომ აპირებდა საბჭოს დატოვებას. მომდევნო დღეს ევროსაბჭომ ოფიციალურად გარიცხა რუსეთი წევრობიდან. ამის შემდეგ რუსეთის ხელისუფლებას აცნობეს, რომ, იმ ხელშეკრულების პირობების თანახმად, რომელსაც მან ხელი მოაწერა ევროსაბჭოში გაწევრიანების დროს, რუსეთი ვალდებულია, დაექვემდებაროს ევროპული სასამართლოს იურისდიქციას 2022 წლის 16 სექტემბრამდე.

2022 წლის 7 ივნისს მიღებული ორი ახალი კანონპროექტის საფუძველზე რუსეთი იმედოვნებდა, რომ გათავისუფლდებოდა ევროპული სასამართლოს წინაშე დარჩენილი ვალდებულებებისგან. ეს ზუსტად ის დღე იყო, როცა ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო რუსეთში მცხოვრები ჩვენი და-ძმების სასარგებლოდ.

იეჰოვას მოწმეებთან დაკავშირებული სასამართლო საქმეების განხილვისას ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით 46 წევრ ქვეყანასაც შეუძლია ისარგებლოს. რაც ყველაზე მთავარია, ის ათავისუფლებს იეჰოვას მოწმეებს რუსეთის მიერ წაყენებული ყველა ბრალდებისგან. ეს გადაწყვეტილება მსოფლიო მასშტაბით განადიდებს იეჰოვას და პატივს მიაგებს მის სახელს (ფსალმუნი 83:18).