არჩეულ მასალაზე გადასვლა

პოლიციელებმა რეიდი ჩაატარეს ტომსკში, ერთ-ერთი იეჰოვას მოწმის სახლში, სადაც რელიგიური შეხვედრა ტარდებოდა

2018 წლის 20 ივნისი
რუსეთი

რუსეთში გრძელდება რეიდები და იეჰოვას მოწმეების დაპატიმრებები

რუსეთში გრძელდება რეიდები და იეჰოვას მოწმეების დაპატიმრებები

გასული თვის განმავლობაში რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები განაგრძობდნენ იეჰოვას მოწმეებზე ზეწოლას და მათ დაპატიმრებებს ექსტრემიზმის ბრალდებით. ბირობიჟანში, ხაბაროვსკში, მაგადანში, ორენბურგში, ნაბერეჟნიე-ჩელნიში, პერმში, ფსკოვში, სარატოვსა და ტომსკში სამართალდამცავმა ჯგუფებმა მოწმეების სახლებში რეიდები მოაწყვეს. მათ 15 მამაკაცი დააპატიმრეს და ამჟამად წინასწარ პატიმრობაში 20 იეჰოვას მოწმე იმყოფება. სხვა ორი მოწმე კი შინა პატიმრობაშია. დაახლოებით 15 მოწმეს, რომელთა შორის ზოგიერთი 70—80 წელს არის გადაცილებული, მოსთხოვეს, ხელი მოეწერათ დოკუმენტზე, რომლის თანახმადაც მათ არ აქვთ ქალაქიდან გასვლის უფლება. 2018 წლის 14 ივნისს რუსეთის ხელისუფლებამ 40-ზე მეტი მოწმის წინააღმდეგ აღძრა საქმე. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მათ ათ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ადგილები რუსეთში, სადაც რეიდები მოაწყვეს

რუსეთის მთავრობამ ცალსახად დაარღვია ღია სასამართლო სხდომაზე მიცემული პირობა, რომ იეჰოვას მოწმეების იურიდიული პირის საქმიანობის აკრძალვა უარყოფითად არ იმოქმედებდა ცალკეული მოწმეების უფლებებზე რელიგიური მსახურების თავისუფლად შესრულებასთან დაკავშირებით. რუსეთის ხელისუფლება სრულიად უგულებელყოფს ამ პირობას და არასწორად იყენებს სისხლის სამართლის კოდექსის 282-ე მუხლს, რომლის საფუძველზეც იეჰოვას მოწმეებს ბრალს დებს „ექსტრემისტული ორგანიზაციის“ საქმიანობაში, ორგანიზებასა და დაფინანსებაში. სინამდვილეში, რუსეთი ექსტრემიზმის წინააღმდეგ კი არ იბრძვის, არამედ საკუთარ მოქალაქეებს დევნის მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი მშვიდობიან რელიგიურ საქმიანობას ეწევიან.

რეიდები და დაპატიმრებები

2018 წლის 12 ივნისი, სარატოვი. სამართალდამცავებმა რამდენიმე იეჰოვას მოწმის სახლში რეიდი მოაწყვეს და ათამდე მოწმე დასაკითხად პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. ერთ-ერთ სახლში ჩხრეკისას სამართალდამცავებმა რუსეთის სასამართლოს მიერ აკრძალული რელიგიური ლიტერატურა თავად შეიტანეს. მათ ხუთი იეჰოვას მოწმე მამაკაცი დააკავეს, რომელთაგან ორი მოგვიანებით გაათავისუფლეს, ხოლო სამი პატიმრობაში დატოვეს. კონსტანტინე ბაჟენოვს და ფელიქს მახამადიევს ბრალი დასდეს „ექსტრემისტული ორგანიზაციის საქმიანობის ორგანიზებაში“. ხოლო მესამე მოწმისთვის, ალექსეი ბუდენჩუკისთვის ბრალი ჯერ არ წაუყენებიათ. 2018 წლის 14 ივნისს სარატოვის ოლქის ფრუნზინსკის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით ბაჟენოვს და მახამადიევს წინასწარი პატიმრობა 2018 წლის 12 აგვისტომდე გაუხანგრძლივდათ, ხოლო ბუდენჩუკის გათავისუფლების თარიღი ცნობილი არ არის. გარდა ამისა, სამართალდამცავებმა ერთ-ერთ იეჰოვას მოწმეს ხელი მოაწერინეს დოკუმენტზე, რომლის თანახმადაც მას ქალაქიდან გასვლა ეკრძალება.

2018 წლის 3 ივნისი, ტომსკი. ტომსკის ოლქში, ციმბირში, დილის ათ საათზე რუსეთის სპეციალური დანიშნულების რაზმმა (სპეცნაზი) რეიდი მოაწყო ორი იეჰოვას მოწმის სახლში. მათ დაახლოებით 30 მოწმე დააკავეს, მათ შორის 83 წლის ქალბატონი. პოლიციამ მოწმეთა პირადი ნივთებისა და ავტომობილების კონფისკაცია მოახდინა და მოწმეები ავტობუსით განყოფილებაში დასაკითხად გადაიყვანა.

გამომძიებლები ივან ვედრენცევი, ალექსანდრე ივანოვი და ვიაჩესლავ ლებედევი ღამის 2 საათამდე ძალის გამოყენებით ახორციელებდნენ მოწმეების დაკითხვას. ისინი ერთ-ერთ მოწმეს სამსახურიდან გაგდებით დაემუქრნენ. გამოძიების დროს რამდენჯერმე გახდა საჭირო სასწრაფო დახმარების მანქანების გამოძახება და ერთი მოწმე საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი.

ერთ-ერთი დაკავებული, სერგეი კლიმოვი პატიმრობაში დატოვეს. 2018 წლის 5 ივნისს ტომსკის ოლქის ოქტიაბრსკის რაიონულმა სასამართლომ მას ბრალი დასდო „ექსტრემისტული ორგანიზაციის საქმიანობის ორგანიზებაში“ და წინასწარ პატიმრობაში დატოვა 2018 წლის 4 აგვისტომდე. მოსამართლემ არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა სერგეი კლიმოვის გირაოს სანაცვლოდ ციხიდან გათავისუფლებასა და შინა პატიმრობის თაობაზე.

2018 წლის 3 ივნისი, ფსკოვი. ფსკოვის ოლქში სამართალდამცავებმა მოწმეების სახლებში არაერთი რეიდი ჩაატარეს. ერთ-ერთი რეიდის დროს სახლში მყოფი ყველა პიროვნება დააკავეს და დაკითხეს, მათ შორის ორი სტუმარი, რომლებიც არ არიან იეჰოვას მოწმეები. რამდენიმე იეჰოვას მოწმე, მათ შორის გენადი შპაკოვსკი, დასაკითხად გადაიყვანეს ფსკოვის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (ფე-ეს-ბე) შენობაში. პოლიციის განყოფილებაში კი ზოგიერთ მათგანს აიძულებდნენ, შპაკოვსკის წინააღმდეგ მიეცა ჩვენება. სამართალდამცავებმა მის წინააღმდეგ საქმე აღძრეს „ექსტრემისტული ორგანიზაციის საქმიანობის ორგანიზების“ ბრალდებით. მართალია, ის მოგვიანებით გაათავისუფლეს, მაგრამ ხელისუფლების წარმომადგენლებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ წაუყენონ მას სხვა ბრალდება.

2018 წლის 30 მაისი, ხაბაროვსკი. პოლიციამ ივან პუიდას სახლი გაჩხრიკა, თავად ივანი დააპატიმრა და მაგადანში გადაიყვანა. 2018 წლის 1 ივნისს ჟელეზნოდოროჟნიეს რაიონულმა სასამართლომ პუიდას წინააღმდეგ საქმე აღძრა „ექსტრემისტული ორგანიზაციის საქმიანობის ორგანიზების“ ბრალდებით. სასამართლოს გადაწყვეტილებით პუიდა 2018 წლის 30 ივლისამდე წინასწარ პატიმრობაში რჩება.

2018 წლის 30 მაისი, მაგადანი. მაგადანში შეიარაღებულმა და ნიღბიანმა პოლიციის ოფიცრებმა რეიდი მოაწყვეს მოწმეების საცხოვრებელ სახლებში და დააკავეს კონსტანტინე პეტროვი, ევგენი ზიაბლოვი და სერგეი იერკინი. 2018 წლის 1 ივნისს მაგადანის საქალაქო სასამართლომ ბრალი წაუყენა პეტროვს და ზიაბლოვს „ექსტრემისტული ორგანიზაციის საქმიანობის ორგანიზებისთვის“. იმავე დღეს მაგადანსკის რაიონულმა სასამართლომ იგივე ბრალი წაუყენა იერკინს. სასამართლოს გადაწყვეტილებით სამივე მოწმე წინასწარ პატიმრობაში რჩება 2018 წლის 29 ივლისამდე.

დიმიტრი მიხაილოვი

2018 წლის 29 მაისი, შუია, ივანოვოს რეგიონი. სამართალდამცავებმა დიმიტრი მიხაილოვი მეორედ დააპატიმრეს. 20 აპრილს განხორციელებული რეიდის შემდეგ პოლიციამ მას ბრალი დასდო „ექსტრემისტული ორგანიზაციის საქმიანობაში მონაწილეობისთვის“ და მოსთხოვა, ხელი მოეწერა დოკუმენტზე, რომლის თანახმადაც მას ეკრძალება ქალაქის დატოვება. 29 მაისს მას აგრეთვე ბრალი დასდეს „ექსტრემისტული საქმიანობის დაფინანსებაში“. 2018 წლის 3 ივნისს შუიას საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით ის წინასწარ პატიმრობაში დარჩება 2018 წლის 19 ივლისამდე.

2018 წლის 27 მაისი, ნაბერეჟნიე-ჩელნი, თათრეთის რესპუბლიკა. ფე-ეს-ბეს თანამშრომლებმა ერთ ღამეში გაჩხრიკეს ათი იეჰოვას მოწმის საცხოვრებელი სახლი და მათ ელექტრონული მოწყობილობები, ტელეფონები და პასპორტები ჩამოართვეს. დააკავეს და პატიმრობაში გადაიყვანეს ილხამ კარიმოვი, კონსტანტინე მატრაშოვი და ვლადიმირ მიკუშინი. 2018 წლის 29 მაისს ნაბერეჟნიე-ჩელნინსკის რაიონულმა სასამართლომ ბრალი წაუყენა ამ სამ მამაკაცს, რომ ისინი ორგანიზებას უწევდნენ „ექსტრემისტული“ ორგანიზაციის საქმიანობას და მასში სხვების გაწევრიანებას ცდილობდნენ. სასამართლოს გადაწყვეტილებით ისინი წინასწარ პატიმრობაში დარჩებიან 2018 წლის 25 ივლისამდე. მოგვიანებით დააპატიმრეს აიდარ იულმეტიევი და 2018 წლის 31 მაისს სასამართლოს გადაწყვეტილებით ის წინასწარ პატიმრობაში დატოვეს.

2018 წლის 22 მაისი, პერმი. როდესაც ალექსანდრე და ანა სოლოვიოვები მოლდოვადან მოგზაურობის შემდეგ პერმში დაბრუნდნენ, პოლიციის ოფიცრები მათ მატარებლის სადგურზე დახვდნენ, ალექსანდრეს ბორკილები დაადეს და პირადი ნივთები ჩამოართვეს, რის შემდეგაც ისინი პოლიციის განყოფილებაში ცალ-ცალკე მანქანით წაიყვანეს. იმ დროს, როცა ალექსანდრე დაკავებული ჰყავდათ, პოლიციამ მისი სახლი გაჩხრიკა და მისი ცოლი დაკითხა. 2018 წლის 24 მაისს სვერდლოვსკის რაიონულმა სასამართლომ ალექსანდრეს ბრალი დასდო „ექსტრემისტული ორგანიზაციის საქმიანობაში მონაწილეობისთვის“ და შინა პატიმრობა მიუსაჯა.

2018 წლის 17 მაისი, ბირობიჟანი. პოლიციის მიერ ჩატარებული ფარული ოპერაციის დროს, რომელსაც „სასამართლოს დღე“ უწოდეს, 150-მა პოლიციელმა და ფე-ეს-ბე-ს თანამშრომლებმა იეჰოვას მოწმეების 22 სახლში რეიდი მოაწყვეს. მათ წაიღეს პლანშეტები, მობილური ტელეფონები და ფული. პოლიციის ოფიცრებმა რეიდების დროს 34 მოწმიდან ერთ-ერთი, ალამ ალიევი, დააკავეს. 18 მაისს ბირობიჟანსკის რაიონულმა სასამართლომ ბრალი დასდო მას „ექსტრემისტული ორგანიზაციის საქმიანობის ორგანიზებაში“ და სასამართლოს გადაწყვეტილებით ის წინასწარ პატიმრობაში რჩება 2018 წლის 13 ივლისამდე. 2018 წლის 25 მაისს ებრაელთა ავტონომიური ოლქის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე სიზოვამ ალამ ალიევს მისცა გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება და გააუქმა გადაწყვეტილება მისი წინასწარი პატიმრობის თაობაზე.

2018 წლის 16 მაისი, ორენბურგი. პოლიციის ოფიცრებმა რეიდი მოაწყვეს და გაჩხრიკეს იეჰოვას მოწმეთა სახლები. მათ დააპატიმრეს სამი იეჰოვას მოწმე: ალექსანდრე სუვოროვი, ვლადიმერ კოჩნევი და ვლადისლავ კოლბანოვი. 18 მაისს პრომიშლენის რაიონულმა სასამართლომ კოლბანოვს „ექსტრემისტული საქმიანობის დაფინანსებაში“ დასდო ბრალი. სასამართლომ ის გაათავისუფლა, თუმცა შინა პატიმრობა შეუფარდა. მომდევნო დღეს იმავე სასამართლომ კოჩნევსა და სუვოროვს ბრალი დასდო „ექსტრემისტულად გამოცხადებული ორგანიზაციის საქმიანობის ორგანიზებაში“. სასამართლოს გადაწყვეტილებით ისინი წინასწარ პატიმრობაში დარჩებიან 2018 წლის 14 ივლისამდე. გამომძიებელმა კიდევ 7 იეჰოვას მოწმეს მოაწერინა ხელი დოკუმენტზე, რომლის თანახმადაც მათ გამოძიების პერიოდში ეკრძალებათ ქალაქიდან გასვლა.

მარცხნივ: ალექსანდრე სუვოროვი; მარჯვნივ: ვლადიმერ კოჩნევი

ექნება რაიმე შედეგი საერთაშორისო გამოხმაურებას?

ევროკავშირმა და შეერთებულმა შტატებმა გამოაქვეყნეს ოფიციალური განცხადება, რომელშიც გმობენ რუსეთის ქმედებას და აღნიშნავენ, რომ ის ადამიანის ფუნდამენტალურ თავისუფლებას უგულებელყოფს. ევროკავშირმა მოუწოდა რუსეთს, შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულება, დაიცვას რელიგიის, აზრის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება. შეერთებული შტატები რუსეთს მოუწოდებს „დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ყველა, ვინც დაპატიმრებულია მრწამსის თავისუფლების უფლებით სარგებლობის გამო“.

ფილიპ ბრამლი, იეჰოვას მოწმეების მთავარი მრჩეველი იურიდიულ საკითხებში, აღნიშნავს: „მთელ მსოფლიოში იეჰოვას მოწმეები აღშფოთებულები არიან იმის გამო, რომ მათი თანამორწმუნეები რუსეთში სასტიკად იდევნებიან. იეჰოვას მოწმეები დღესაც რეპრესიის მსხვერპლი გახდნენ, როგორც ეს კომუნისტური რეჟიმის დროს ხდებოდა. რუსეთი თავისი ქმედებით აშკარად უგულებელყოფს ვალდებულებას, დაიცვას თავისი ქვეყნის მოქალაქეების ფუნდამენტალური უფლებები“.

მოწმეები, რომლებიც გარკვეული ხნის მანძილზე იმყოფებიან წინასწარი დაკავების იზოლატორებში: a

  • დენის კრისტენსენი

    45 წლის; ორიოლი; დაკავებულია 2017 წლის 25 მაისიდან; პატიმრობაში რჩება 2018 წლის 1 აგვისტომდე.

  • ვალენტინ ოსადჩუკი

    42 წლის; ვლადივასტოკი; დაკავებულია 2018 წლის 19 აპრილიდან; პატიმრობაში რჩება 2018 წლის 20 ივნისამდე.

  • ვიქტორ ტროფიმოვი

    61 წლის; პოლიარნი; დაკავებულია 2018 წლის 18 აპრილიდან; პატიმრობაში რჩება 2018 წლის 11 ოქტომბრამდე.

  • რომან მარკინი

    44 წლის; პოლიარნი; დაკავებულია 2018 წლის 18 აპრილიდან; პატიმრობაში რჩება 2018 წლის 11 ოქტომბრამდე.

  • ანატოლი ვილიტკევიჩი

    31 წლის; უფა; დაკავებულია 2018 წლის 10 აპრილიდან; პატიმრობაში რჩება 2018 წლის 2 ივლისამდე.

a დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ვებგვერდი jw.org, ახალი ამბების განყოფილება, სტატია „რუსეთში იეჰოვას მოწმეების დატერორება დაიწყო“.