2018 წლის 2 მაისი
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ
რუსეთში იეჰოვას მოწმეების დატერორება დაიწყო
რუსეთის, სულ მცირე, შვიდ ქალაქში პოლიციამ აგრესიული რეიდები ჩაატარა იეჰოვას მოწმეების წინააღმდეგ. ამ წინასწარ დაგეგმილი კამპანიის დროს პოლიციის ნიღბიანი შეიარაღებული ძალები (ომონი) იარაღის მუქარით ჩხრეკდნენ მოწმეთა სახლებს და დასაკითხად განყოფილებაში გადაჰყავდათ როგორც ხანდაზმული, ისე ახალგაზრდა მოწმეები.
გასული წლის განმავლობაში უფლებამოსილმა პირებმა, სულ მცირე, ათი სისხლის სამართლის საქმე აღძრეს მოწმეთა წინააღმდეგ და ხუთი იეჰოვას მოწმე მამაკაცი ჩასვეს ციხეში, მათ შორის, დენის კრისტენსენსი, რომელიც 2017 წლის 25 მაისიდან იმყოფება წინასწარი დაკავების იზოლატორში. კიდევ ერთი მოწმე, 69 წლის არკადია აკოფიანი დღემდე პატიმრობაშია ყაბარდო-ბალყარეთის რესპუბლიკის ციხეში. ყველა მათგანს ორიდან ათ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება მხოლოდ იმიტომ, რომ თაყვანისცემისთვის იკრიბებოდნენ.
2017 წლის 20 აპრილს რუსეთის ფედერაციის უზენაესმა სასამართლომ აკრძალა იეჰოვას მოწმეთა ადმინისტრაციული ცენტრისა და მათი 395-ვე ადგილობრივი იურიდიული პირის საქმიანობა. უზენაეს სასამართლოში საქმის მოსმენის დროს რუსეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მოწმეთა იურიდიულ პირებს მართლაც ემუქრებოდათ ლიკვიდაციის საფრთხე, მაგრამ ცალკეული მოწმეები თავისუფლად გააგრძელებდნენ თავიანთ რელიგიურ საქმიანობას. თუმცა აშკარაა, რომ მთავრობის ეს განაცხადი წინააღმდეგობაში მოდის მისსავე ქმედებებთან.
ახლა, როცა რუსეთის მთავრობამ უკვე მოახდინა იეჰოვას მოწმეთა იურიდიული პირების ლიკვიდაცია, მათი მთავარი სამიზნე ცალკეული მოწმეები გახდნენ და დაიწყო მოწმეების საკუთრებაში არსებული ქონების კონფისკაცია. რუსეთში 175 000-ზე მეტი იეჰოვას მოწმის რელიგიურ საქმიანობას ხელისუფლება ახლა უკვე სისხლის სამართლის დანაშაულად მიიჩნევს.
რეიდები, დაკითხვები, დაკავებები
2018 წლის იანვრიდან მოყოლებული იეჰოვას მოწმეები სულ უფრო ხშირად ხდებიან სამართალდამცავების სამიზნეები.
2018 წლის 20 აპრილი, ქალაქი შუია, ივანოვოს ოლქი: სამართალდამცავებმა გაჩხრიკეს ოთხი იეჰოვას მოწმის სახლი. პოლიციის ოფიცრებმა დიმიტრი მიხაილოვი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, დროებითი დაკავების იზოლატორში მოათავსეს, მაგრამ მოგვიანებით გაათავისუფლეს. უფლებამოსილმა პირებმა მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრეს და მას ბრალი წაუყენეს ექსტრემისტული ორგანიზაციის საქმიანობაში მონაწილეობისთვის სისხლის სამართლის კოდექსის 282.2 (2) მუხლის საფუძველზე. დიმიტრის უფლება არ აქვს, დატოვოს ქალაქი შუია პოლიციიდან მომდევნო შეტყობინების მიღებამდე.
2018 წლის 19 აპრილი, ვლადივასტოკი: პოლიციამ და ფედერალური უსაფრთხოების სამსახურმა (FSB) რეიდი ჩაატარა ვალენტინ ოსადჩუკის ბინაში; ის სამ ხანდაზმულ ქალბატონთან ერთად პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს დასაკითხად. მათ ოსადჩუკს სისხლის სამართლის კოდექსის 282.2 (2) მუხლის საფუძველზე დასდეს ბრალი, რომელიც თავისუფლების ორიდან ოთხ წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს. ვალენტინი წინასწარი დაკავების იზოლატორში მოათავსეს. 23 აპრილს ფრუნსენსკის რაიონული სასამართლოს განკარგულებით ოსადჩუკი წინასწარი დაკავების იზოლატორში 2018 წლის 20 ივნისამდე დარჩება. ის ამჟამად №1 საგამოძიებო იზოლატორში იმყოფება ვლადივასტოკში.
2018 წლის 18 აპრილი, პოლიარნი, მურმანსკის ოლქი: გვიან საღამოს პოლიციამ და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღებით შეიარაღებულმა ნიღბიანმა სპეცრაზმელებმა შეამტვრიეს რომან მარკინის სახლის კარი. ის იარაღის მუქარით იატაკზე დააწვინეს. შეიარაღებული პირების დანახვისთანავე რომანის შეშინებული მოზარდი გოგონა მაშინვე იატაკზე დაწვა და ხელები თავს ზემოთ შემოიწყო. პოლიციამ სახლი გაჩხრიკა, რის შემდეგაც რომანი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს და წინასწარი დაკავების იზოლატორში მოათავსეს.
იმავე ღამეს პოლიციამ კიდევ 14 მოწმის სახლი გაჩხრიკა მიმდებარე ტერიტორიაზე და მოწმეებს მობილური ტელეფონები, პლანშეტები და სხვა ნივთები ჩამოართვა. შემდეგ ისინი განყოფილებაში გადაიყვანეს და დაკითხეს. ადგილობრივმა სამართალდამცავებმა რომან მარკინისა და კიდევ ერთი ადგილობრივი მოწმის, ვიქტორ ტროფიმოვის, წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრეს. ორივე მათგანს ბრალი წაუყენეს ექსტრემისტული ორგანიზაციის საქმიანობაში მონაწილეობისთვის სისხლის სამართლის კოდექსის 282.2 (1) მუხლის საფუძველზე. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ ექვსიდან ათ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. დღემდე ორივენი მურმანსკის №1 საპატიმროში იმყოფებიან წინასწარი დაკავების იზოლატორში.
2018 წლის 10 აპრილი, უფა, ზატონის ოლქი: დილის 6:30-დან 7:00-მდე პოლიციელებმა და ომონის სპეცრაზმელებმა რეიდი მოაწყვეს — ჩხრეკა ჩაატარეს რამდენიმე იეჰოვას მოწმის სახლში და დაკითხეს ისინი. ჩხრეკის დროს ოფიცერმა უთხრა ერთ-ერთ მოწმეს: „თქვი, რომ არ ხარ იეჰოვას მოწმეთა ორგანიზაციის წევრი და მაშინვე გაგიშვებთ“. სხვა შემთხვევაში ოფიცერმა ასეთი რამ განუცხადა მოწმეს: „მალე მთელი დედამიწიდან მოგსპობთ“. მათგან ყველა მოწმე პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, თითის ანაბეჭდები აუღეს და კიდევ ერთხელ დაკითხეს.
სამართალდამცავებმა რეიდი ჩაატარეს ხაფიზოვების სახლშიც და მთელი მათი საკუთრება გაჩხრიკეს; ისინი მათ იარაღით ემუქრებოდნენ. ჩხრეკის შემდეგ მათ ქალბატონი ხაფიზოვა ძალის გამოყენებით ჩასვეს პოლიციის მანქანაში და დასაკითხად გადაიყვანეს განყოფილებაში. ბატონი ხაფიზოვი იეჰოვას მოწმე არ არის.
სამართალდამცავებმა ანატოლი ვილიტკევიჩის სახლიც გაჩხრიკეს და ანატოლიც დააპატიმრეს. მათ მის ცოლს უთხრეს, რომ ქმარს დიდხანს ვეფარ ნახავდა. პოლიციამ ანატოლის ბრალი წაუყენა ექსტრემისტული ორგანიზაციის საქმიანობაში მონაწილეობისთვის სისხლის სამართლის კოდექსის 282.2 (1) მუხლის საფუძველზე და ის 2018 წლის 2 ივნისამდე იქნება დაკავებული წინასწარი დაკავების იზოლატორში. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას თავისუფლების ათ წლამდე აღკვეთა ემუქრება.
2018 წლის მარტი, ორიოლი: მაშინ როცა დენის კრისტენსენის საქმე ჯერ კიდევ განხილვის პროცესშია, პოლიციამ კიდევ ერთი სისხლის სამართლის საქმე აღძრა იეჰოვას მოწმის, სერგეი სკრინიკოვის წინააღმდეგ, რისთვისაც მათ 2017 წლის მაისში ორიოლში მცხოვრები შვიდი იეჰოვას მოწმის სახლი გაჩხრიკეს. სამართალდამცავებს ჯერ არ დაუკითხავთ სკრინიკოვი. მას ბრალი წაუყენეს ექსტრემისტულ ორგანიზაციის საქმიანობაში მონაწილეობისთვის სისხლის სამართლის კოდექსის 282.2 (2) მუხლის საფუძველზე. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას ორიდან ოთხ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
2018 წლის 7 თებერვალი, ბელგოროდი: სამართალდამცავთა ჯგუფებმა რეიდები მოაწყვეს სულ მცირე ათი იეჰოვას მოწმის სახლში. პოლიციელებმა რამდენიმე მათგანი ძალის გამოყენებით იატაკზე დააწვინეს ან კედელთან მიაყუდეს. სახლების ჩხრეკის შემდეგ მათ მობილური ტელეფონები, პლანშეტები, პასპორტები, ფოტოსურათები და ფული ჩამოართვეს. შემდეგ ისინი განყოფილებაში გადაიყვანეს და დაკითხეს. ბოლოს ყველა მათგანი გაათავისუფლეს ანატოლი შალიაპინისა და სერგეი ვოიკოვის გარდა. პოლიციამ ეს ორი მამაკაცი 48 საათით გააჩერა საპატიმროში; შემდეგ ისინიც გაათავისუფლეს. თუმცა არცერთ მათგანს არ აქვს ბელგოროდიდან გასვლის უფლება.
2018 წლის 23 იანვარი, კემეროვო: პოლიციამ რეიდი ჩაატარა და გაჩხრიკა მოწმეთა 12 სახლი და მოახდინა მათი ელექტრონული მოწყობილობების, რელიგიური ლიტერატურისა და სხვადასხვა დოკუმენტაციის კონფისკაცია. აღნიშნული რეიდების მოწყობამდე ერთი მამაკაცი, რომელიც თავს იეჰოვას მოწმედ ასაღებდა, რამდენჯერმე დაესწრო იეჰოვას მოწმეთა შეხვედრებს. მან ფარულად გააკეთა შეხვედრების ჩანაწერები, რომლებიც მოგვიანებით პოლიციას გადასცა. ამ ჩანაწერების საფუძველზე პოლიციამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა.
უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საფრთხეს უქმნის ოჯახების ერთიანობას
პოლიციისა და ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (FSB) ამ არაადეკვატური ქმედებების გარდა, რუსეთის ხელისუფლებამ გამოსცა განკარგულება, რის მიხედვითაც, სახელმწიფო უფლებამოსილია, იეჰოვას მოწმეებს ჩამოართვას შვილები ვითომდა საზოგადოებაში მათი ინტეგრირების მიზნით. 2017 წლის 14 ნოემბერს უზენაესი სასამართლოს პლენუმმა გამოსცა რეზოლუცია №44, რომლის მიხედვითაც მშობლებს „შეიძლება ჩამოერთვათ მშობლის უფლება სასამართლოს ძალით“, თუ ისინი თავიანთ შვილებს „ექსტრემისტულად“ შერაცხულ რელიგიური ორგანიზაციის საქმიანობაში მიაღებინებენ მონაწილეობას.
2017 წლის 23 ნოემბერს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ გამოსცა „რეკომენდაცია“ მთელი ქვეყნის მასშტაბით იმ ბავშვების საზოგადოებაში ინტეგრირების მიზნით, რომლებიც „რელიგიურ-ექსტრემისტული იდეოლოგიის“ ზეგავლენაში იყვნენ მოქცეულნი. სამინისტრომ მხოლოდ ორი კატეგორიის ბავშვები დაასახელა — „აისისის“ წევრთა შვილები და იეჰოვას მოწმეთა შვილები. „რეკომენდაციაში“ აღნიშნული იყო, რომ ათობით ათას ბავშვსა და მოზარდს ჰყავს იეჰოვას მოწმე მშობლები. ჯერჯერობით არცერთი იეჰოვას მოწმე მშობლისთვის არ ჩამოურთმევიათ მშობლის უფლება.
როდის დასრულდება ტერორი?
ევროსაბჭოს სხვა არცერთ წევრსახელმწიფოს არ განუხორციელებია მშვიდობიან რელიგიურ უმცირესობაზე ასეთი საშინელი თავდასხმები. რუსეთში მცხოვრებ იეჰოვას მოწმეებს უკვე აღარ შეუძლიათ თაყვანისცემის მიზნით თავისუფლად შეკრება, თავისუფლად ბიბლიის კითხვა და კვლევა. დაპატიმრებებისა და სისხლის სამართლებრივი დევნის თავიდან არიდების მიზნით, ისინი საიდუმლოდ იკრიბებიან თაყვანისმცემლობისთვის სწორედ ისე, როგორც ეს საბჭოთა რეჟიმის დროს ხდებოდა.
მთელ მსოფლიოში მცხოვრები იეჰოვას მოწმეები ძალიან განიცდიან რუსი თანაქრისტიანების მდგომარეობას და იმას, თუ რა დიდ ემოციურ, სულიერ და ფიზიკურ ზიანს აყენებს მათ მთავრობის მიერ ორგანიზებული ასეთი რეიდები. ფილიპ ბრამლი, იეჰოვას მოწმეთა მთავარი მრჩეველი იურიდიულ საკითხებში, აღნიშნავს: „რუსეთის მთავრობამ უნდა შეწყვიტოს ძალის ბოროტად გამოყენება, შეასრულოს თავისი საერთაშორისო ვალდებულება და პატივი სცეს ადამიანის უფლებებს და რელიგიის თავისუფლებას. ახლა, როცა რუსეთის მთავრობამ იეჰოვას მოწმეთა იურიდიულ პირებზე შეტევიდან ყურადღება ცალკეულ მოწმეთა დაპატიმრებებზე გადაიტანა, საინტერესოა რა ელით ამის შემდეგ რუსეთში მცხოვრებ იეჰოვას მოწმეებს?“