არჩეულ მასალაზე გადასვლა

საკონგრესო დარბაზი (კოლომიაჟსკის გამზირი, სანკტ-პეტერბურგი)

2017 წლის 25 დეკემბერი
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ

რუსეთში იეჰოვას მოწმეებს საკონგრესო დარბაზი ჩამოართვეს

რუსეთში იეჰოვას მოწმეებს საკონგრესო დარბაზი ჩამოართვეს

2017 წლის 14 დეკემბერს რუსეთის უფლებამოსილი პირები სანკტ-პეტერბურგში, კოლომიაჟსკის გამზირზე მდებარე იეჰოვას მოწმეების საკონგრესო დარბაზში შეიჭრნენ და შენობა დაიკავეს. რეიდის დროს დარბაზში მყოფი არცერთი იეჰოვას მოწმე არ დაშავებულა; სავარაუდოდ, არც საკონგრესო დარბაზი დაზიანებულა.

საკონგრესო დარბაზში შეჭრის კადრი, რომელიც სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა

საკონგრესო დარბაზი არის იეჰოვას მოწმეების ყველაზე დიდი შენობა, რომელიც რუსეთის უფლებამოსილმა პირებმა 2017 წლის 17 ივლისს უზენაესი სასამართლოს სააპელაციო პალატის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ მიისაკუთრეს. უზენაესმა სასამართლომ ბრძანება გასცა რუსეთში არსებული იეჰოვას მოწმეების ყველა იურიდიული პირის ლიკვიდაციის, მათი საქმიანობის აკრძალვისა და საკუთრების ჩამორთმევის შესახებ.

პოლიციის თანამშრომლები საკონგრესო დარბაზში

საკონგრესო დარბაზს, რომელიც 1 500 ადამიანს იტევს, იეჰოვას მოწმეები დიდი რელიგიური შეხვედრების ჩასატარებლად იყენებდნენ; 2002 წელს მისი რეკონსტრუქცია მოხდა და მას შემდეგ შენობაში ადგილობრივი კრებებიც ტარდებოდა. როგორც იეჰოვას მოწმეების ადვოკატებმა შეიტყვეს, საკონგრესო დარბაზი რუსეთის ფედერაციის მფლობელობაში ოფიციალურად გადავიდა. შენობის ამჟამინდელი მფლობელი მეზობლად მდებარე ჯანმრთელობის ცენტრია, რომელმაც ჭიშკარზე ახალი აბრა უკვე დაამაგრა.

საკონგრესო დარბაზის ჩამორთმევამდე ერთი კვირით ადრე რუსეთის სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება სანკტ-პეტერბურგთან ახლოს მდებარე იეჰოვას მოწმეების ადმინისტრაციული ცენტრის ჩამორთმევის შესახებ. ამ გადაწყვეტილებით გაუქმდა 17-წლიანი ხელშეკრულება, რომელიც რუსეთში მდებარე იეჰოვას მოწმეების ადმინისტრაციულ ცენტრსა და „პენსილვანიის საგუშაგო კოშკის, ბიბლიისა და ტრაქტატების საზოგადოებას“ შორის იყო დადებული. თუ სასამართლო სააპელაციო განხილვის შემდეგაც მხარს დაუჭერს ამ გადაწყვეტილებას, რუსეთის ხელისუფლებას შესაძლებლობა მიეცემა, მიისაკუთროს იეჰოვას მოწმეების ადმინისტრაციული ცენტრი და მასთან ერთად მოწმეების სხვა ქონებაც, რომელიც უცხო ქვეყნის იურიდიულ პირს ეკუთვნის.

იეჰოვას მოწმეები თვლიან, რომ ამგვარი ქმედებით რუსეთის მთავრობა რელიგიურ შეუწყნარებლობას ავლენს — მოწმეების რელიგიის თავისუფლებას ზღუდავს და მათ საკუთრებას ართმევს. ჩამორთმეულ ქონებას შორის არის ის შენობები, რომლებიც ხელმოკლედ მცხოვრებმა რუსმა იეჰოვას მოწმეებმა თავად იყიდეს და გაარემონტეს. მოწმეებმა ყველა სასამართლო ინსტანციას მიმართეს მთავრობის ამ ქმედების შესაჩერებლად; გარდა ამისა, მათ საჩივრით მიმართეს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს და გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტს.