არჩეულ მასალაზე გადასვლა

ადგილობრივი პოლიციელები და ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები ნიჟნი-ნოვგროდში ერთ-ერთი იეჰოვას მოწმის სახლში იჭრებიან (2019)

2020 წლის 15 ივლისი
რუსეთი

რუსეთში იეჰოვას მოწმეთა ოჯახებში მასობრივი რეიდები მოეწყო

რუსეთში იეჰოვას მოწმეთა ოჯახებში მასობრივი რეიდები მოეწყო

როგორც მასმედიის საშუალებით გახდა ცნობილი, 2020 წლის 13 ივლისს შაშხანებით შეიარაღებული სამართალდამცავები ვორონეჟის ოლქში მცხოვრები იეჰოვას მოწმეების 110 ოჯახში შეიჭრნენ. ეს ყველაზე მასშტაბური რეიდია იმ რეიდებს შორის, რომლებიც 2017 წლის შემდეგ იეჰოვას მოწმეთა ოჯახებში ერთ დღეში განხორციელებულა. ორ ძმას, ალექსანდრ ბოკოვსა და დიმიტრი კატიროვს, ფიზიკურად გაუსწორდნენ, როცა მათ სამართალდამცავებს არ მისცეს თავიანთ მობილურ ტელეფონებში შესასვლელი პაროლი.

მასობრივი რეიდის ბრძანება ქალაქ ვორონეჟის ლენინსკის რაიონულმა სასამართლომ გასცა. რეიდები მოეწყო შვიდ ადგილას — დიდსა თუ პატარა ქალაქებში და სოფლებში. რამდენიმე ძმა დაკითხვის მიზნით საგამოძიებო კომიტეტში გადაიყვანეს.

მომდევნო დღეს, 2020 წლის 14 ივლისს, ლენინსკის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, 10 ძმა 2020 წლის 3 სექტემბრამდე წინასწარი დაკავების იზოლატორში მოათავსეს. ეს ძმები არიან: 44 წლის ალექსეი ანტუხინი, 47 წლის სერგეი ბაიევი, 44 წლის იური გალკა, 56 წლის ვალერი გურსკი, 41 წლის ვიტალი ნერუში, 24 წლის სტეფან პანკრატოვი, 54 წლის იგორ პოპოვი, 44 წლის ევგენი სოკოლოვი, 51 წლის მიხეილ ვესელოვი და 51 წლის ანატოლი იაგუბოვი.

მართალია, მედიასაშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ 110 სახლში მოეწყო ჩხრეკა, მაგრამ ეს ინფორმაცია, ჯერჯერობით, მოწმეთა 100-მა ოჯახმა დაგვიდასტურა. თუმცა ეს რიცხვი შეიძლება გაიზარდოს; ამჟამად ყველა და-ძმასთან ვერ ხერხდება დაკავშირება, რადგან მათ რეიდის დროს ჩამოართვეს პირადი მოწყობილობები.

ამ რეიდამდე ყველაზე მასშტაბურად 2020 წლის 10 თებერვალს მოწყობილი რეიდი ითვლებოდა, რომლის დროსაც სამართალდამცავებმა იმიერბაიკალეთის მხარეში იეჰოვას მოწმეთა 50 ოჯახი გაჩხრიკეს. თუმცა 2017 წელს უზენაესი სასამართლოს მიერ მოწმეთა წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენის შემდეგ მსგავსი რეიდი 1 000-ზე მეტი მოწმის ოჯახში მოეწყო.

ბიბლიური წინასწარმეტყველების გათვალისწინებით, სულაც არ გვიკვირს, რომ და-ძმები ასეთ სირთულეებს ხვდებიან რუსეთსა თუ სხვა ქვეყნებში. კვლავაც ვლოცულობთ ჩვენი და-ძმებისთვის და მტკიცედ გვჯერა, რომ იეჰოვა მისცემს მათ თავის წმინდა სულს, რათა დარჩნენ ერთგულები (1 პეტრე 4:12—14, 19).