არჩეულ მასალაზე გადასვლა

რუსეთის უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ივანენკო აცხადებს, რომ გაუქმდა იეჰოვას მოწმეთა იურიდიული პირები რუსეთსა და ყირიმში (2017 წლის 20 აპრილი).

2022 წლის 19 აპრილი
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ

რუსეთში მცხოვრები და-ძმები აკრძალვიდან ხუთი წლის შემდეგაც არ კარგავენ მხნეობასა და შემართებას

რუსეთში მცხოვრები და-ძმები აკრძალვიდან ხუთი წლის შემდეგაც არ კარგავენ მხნეობასა და შემართებას

დენის კრისტენსენი სასამართლო დარბაზში (2019 წლის მაისი)

2022 წლის 20 აპრილს ხუთი წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა უსამართლოდ აკრძალა იეჰოვას მოწმეთა საქმიანობა. a შედეგად სამართალდამცავების მხრიდან მოწმეების დევნა ყოველწლიურად უფრო ინტენსიურ ხასიათს იღებს, ზოგჯერ წამების ფაქტებსაც აქვს ადგილი. თუმცა jw.org-ზე განთავსებული ახალი ამბებიდან ვიგებთ, რომ ჩვენი ძვირფასი და-ძმები არ უშინდებიან დევნას და რწმენას ინარჩუნებენ.

ძმა დენის კრისტენსენი, რომელიც თითქმის ხუთი წელია, დაპატიმრებულია, ერთგულების შესანიშნავ მაგალითს გვაძლევს. 2019 წლის მაისში სასამართლომ არ დააკმაყოფილა დენის კრისტენსენის საჩივარი. მიუხედავად ამისა, მან სასამართლო დარბაზიდან მშვიდად და თავდაჯერებულად მიმართა მის მხარდასაჭერად მისულ და-ძმებს: „ყველაფერს ვაკეთებ, რაც შემიძლია, რომ საუკეთესოდ ვემსახურო იეჰოვას და ასე მოვიქცევი მარადიულად“.

იგორ ტურიკი

ძმა იგორ ტურიკსაც მსგავსად აქვს გადაწყვეტილი, ბოლომდე იეჰოვას ერთგული დარჩეს. ის იხსენებს ძმა ნიკოლაი კალიბაბასთან შეხვედრას, რომელიც საბჭოთა კავშირის დროს იდევნებოდა. ნიკოლაისგან იგორს მნიშვნელოვანი აზრი დაამახსოვრდა — განსაცდელები შესაძლებლობას გვაძლევს, განსაკუთრებული სახით ვიგრძნოთ იეჰოვას ხელი. იგორი ამბობს: „მივხვდი, რომ თუ რწმენის გამო ვიტანჯები, ეს დიდ პატივად უნდა ჩავთვალო“. იგორი, რომელსაც შვიდწლიანი პირობითი სასჯელი აქვს მისჯილი, მოთმინებით იტანს დევნას და შევიწროებას.

ძმა ევგენი ფედინი თავის განაჩენთან დაკავშირებით ამბობს: „ახლა არ არის იმის დრო, რომ ვიბრძოლო ჩემი უდანაშაულობის დასამტკიცებლად. ჩვენი საქმე იეჰოვას განდიდებაა, სამართალს კი თავად აღადგენს. ჩვენ ვიბრძვით კურთხევებისთვის ... ამაზე ფიქრი მეხმარება, განსაცდელების დროს სწორი ხედვა არ დავკარგო და ნებისმიერი განაჩენისთვის ვიყო მზად. თითოეული პროცესი იეჰოვას განდიდებისა და ქადაგების შესაძლებლობას მაძლევს“.

ტატიანა ჟუკი

და ტატიანა ჟუკიც მსგავს აზრს გამოთქვამს: „როცა ვფიქრობთ, იეჰოვას დახმარებით როგორ გადავლახეთ ესა თუ ის განსაცდელი, გვიძლიერდება იმის სურვილი, რომ აღებული კურსით გავაგრძელოთ სვლა. ჩვენი ზეციერი მამის მხარდაჭერის გარეშე სიხარულს ვერ შევინარჩუნებდით“.

ევგენი დასძენს: „ჩვენ გამარჯვებულები შევდივართ და გამარჯვებულები გამოვდივართ სასამართლო დარბაზებიდან თუ საპატიმროებიდან“.

2017 წელს აკრძალვის გამოცხადებიდან ცოტა ხნით ადრე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა და ექსპერტმა ემილი ბარანმა აღნიშნა: „თუ ისტორიას გადავავლებთ თვალს, დავინახავთ, რომ რუსეთს იეჰოვას მოწმეების მოსპობა უბრალოდ არ გამოუვა“.

აშკარაა, რომ რუსეთსა და ყირიმში მცხოვრებ ჩვენს და-ძმებზეც სრულდება ესაიას 54:17-ში ჩაწერილი სიტყვები: „შენ წინააღმდეგ შექმნილი არცერთი იარაღი არ იქნება წარმატებული“.

a უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, რუსეთის მთავრობამ მხოლოდ იეჰოვას მოწმეთა იურიდიული პირი აკრძალა და აკრძალვა არ შეზღუდავდა ცალკეული მოწმეების აღმსარებლობის თავისუფლებას. თუმცა სახელმწიფო არ ასრულებს ამ პირობას.