2021 წლის 17 თებერვალი
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ
რუსეთში ორ დას გამამტყუნებელი განაჩენი ემუქრება თითქმის ერთწლიანი წინასწარი დაკავებისა და შინაპატიმრობის შემდეგ
სავარაუდო სასჯელი
სმოლენსკის ოლქში მდებარე სიჩიოვსკის რაიონული სასამართლო მალე განაჩენს გამოიტანს დების, ნატალია სოროკინასა და მარია ტროშინას საქმეზე. a პროკურორს ჯერ არ დაუკონკრეტებია, რა სახის სასჯელის შეფარდებას ითხოვს მათთვის.
ზოგადი ინფორმაცია
ნატალია სოროკინა
დაიბადა: 1975 წელს დრეზდენში (გერმანია).
ბიოგრაფია: გერმანიიდან საცხოვრებლად გადავიდა სანქტ-პეტერბურგში, შემდეგი კი სიჩიოვკაში (სმოლენსკის ოლქი). მუშაობდა ექთნად. უყვარს ხელსაქმე და უცხო ენების შესწავლა მსახურების გაფართოების მიზნით. იეჰოვას მოწმეებთან ბიბლიის სწავლის პერიოდში მასზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა იმის გაგებამ, თუ როგორ შეიქმნა სამყარო და როგორ მომავალს გვპირდება ღმერთი. ნასწავლმა იმის სურვილი გაუჩინა, რომ ღვთის მსახურება პირველ ადგილზე დაეყენებინა. მოინათლა 1994 წლის აგვისტოში.
მარია ტროშინა
დაიბადა: 1977 წელს (სანქტ-პეტერბურგში)
ბიოგრაფია: ბავშვობიდან უყვარდა ისტორიის სწავლა. მუშაობდა გიდად. უყვარს უცხო ენების სწავლა მსახურების გაფართოების მიზნით.
მარიაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმის გაგებამ, რომ ბიბლია ისტორიულად და მეცნიერულად ზუსტ ცნობებს შეიცავს. ამან აღძრა, ბიბლიის შესწავლა დაეწყო იეჰოვას მოწმეებთან. 1991 წლის ივლისში თავი მიუძღვნა იეჰოვა ღმერთს და მოინათლა. მარიას დედაც, რომელიც ახლახან გარდაიცვალა, იეჰოვას მოწმე იყო.
სასამართლო საქმე
2018 წლის 7 ოქტომბერს, ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა ადგილობრივ პოლიციასთან ერთად ოთხი ბინა გაჩხრიკეს ქალაქ სიჩიოვკაში. ჩხრეკის შემდეგ 17 და-ძმას ჩამოართვეს პირადი ნივთები, მათ შორის არასრულწლოვან ბავშვებს. დები ნატალია სოროკინა და მარია ტროშინა დააკავეს და დროებითი დაკავების იზოლატორში მოათავსეს.
მარია ამბობს, რომ ამ რთული სიტუაციისთვის წინასწარ იყო შემზადებული, რაშიც მას რწმენის გამო დაპატიმრებული და-ძმების ისტორიების კითხვა დაეხმარა. ის ამბობს: „ჩხრეკისა და დაკავების დროს სიმშვიდე არ დამიკარგავს. არ მეგონა, თუ ამ ფაქტს ასე მშვიდად შევხვდებოდი. ვგრძნობდი, რომ ღმერთი მაძლევდა შინაგან სიმშვიდეს“.
რეიდების მოწყობიდან ორი დღის შემდეგ სმოლენსკის ოლქში მდებარე ლენინსკის რაიონულმა სასამართლომ ჩვენი დები წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანა, სადაც 191 დღე მოუწიათ ყოფნა. ამის შემდეგ, ექვს თვეზე მეტი ხნის განმავლობაში, დები შინაპატიმრობაში იმყოფებოდნენ.
დებმა აღნიშნეს, რომ ამ განსაცდელების ატანაში ძალიან დაეხმარათ ღმერთთან მანამდე განვითარებული ახლო ურთიერთობა. ნატალია ამბობს, რომ უაღრესად მნიშვნელოვანია, მოვლენებს იეჰოვას თვალით შევხედოთ. დევნის დროს არ უნდა დაგვავიწყდეს, სინამდვილეში, ვინ დგას ამ ყველაფრის უკან. „სატანა ოდითგანვე ემტერებოდა ღვთის ხალხს და დევნიდა. თითოეული ჩვენგანი საკამათო საკითხში ვართ ჩაბმული — დავრჩებით თუ არა ღვთის ერთგული“.
მარია დასძენს: „იეჰოვასთან ურთიერთობას დღითი დღე ვაშენებთ, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მისი ხელი და მზრუნველობა ყოველდღიურ საქმეებში დავინახოთ, უნდა ვისწავლოთ, რომ მას ყველაფერში მივენდოთ, განვივითაროთ ბიბლიის კითხვის სიყვარული და ყოველდღე ვიკითხოთ ის; ვეცადოთ, დავიმახსოვროთ ბიბლიური ეპიზოდები და საყვარელი მუხლები“.
ნატალია და მარია უდავოდ სამაგალითო რწმენასა და ამტანობას ავლენენ, რადგან ბოლომდე ენდობიან იეჰოვას, როგორც თავიანთ „მშველელსა და ფარს“ (ფსალმუნი 115:11).
a განაჩენის გამოტანის თარიღი ყოველთვის არაა წინასწარ ცნობილი.