2019 წლის 7 აგვისტო
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ
რუსეთში პოლიცია უკვე იეჰოვას მოწმეთა 600-ზე მეტ სახლში შეიჭრა
ბოლო წელიწად-ნახევრის მანძილზე რუსეთში პოლიციელები და ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები იეჰოვას მოწმეთა 613 სახლში შეიჭრნენ. 2018 წელს ჯამში 281 რეიდი დაფიქსირდა, 2019 წლის იანვრიდან დღემდე კი — 332 რეიდი, რაც გაცილებით აღემატება გასული წლის მონაცემებს.
ძალოვანი სტრუქტურები განსაკუთრებით ბოლო თვეებში გააქტიურდნენ ჩვენი და-ძმების წინააღმდეგ. ივნისში მათ 71 რეიდი მოაწყვეს, ივლისში კი — 68. აშკარაა, რომ რეიდების მაჩვენებელი საკმაოდ გაიზარდა, რადგან 2018 წელს ყოველთვე საშუალოდ 23 რეიდი ეწყობოდა.
როგორც წესი, რეიდის დროს ნიღბიანი და კბილებამდე შეიარაღებული სპეცრაზმელები კერძო სახლებსა თუ ბინებში იჭრებიან; ისინი იარაღით ემუქრებიან ჩვენს და-ძმებს, მათ შორის ბავშვებსა და მოხუცებს, თითქოს საშიში და გამოუსწორებელი დამნაშავეები იყვნენ. გასაკვირი არაა, რატომაც ეთანხმება არაერთი ექსპერტი ბეილორის უნივერსიტეტთან არსებული დოუსონის ინსტიტუტის ყოფილ დირექტორს, დერეკ დეივისს (დოუსონის ინსტიტუტი იკვლევს სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობებს): „რუსეთის მხრიდან იეჰოვას მოწმეებისნაირი მშვიდობიანი ხალხის სასტიკი დევნა მართლაც ექსტრემისტული ქმედებაა“.
სამწუხაროდ, რეიდების მატებასთან ერთად გაიზარდა ჩვენი ძმების წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმეების რიცხვიც. დღეისთვის რუსეთის სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის ყირიმში, 244 და-ძმას ედება ბრალი სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენაში. 2018 წლის დეკემბერთან შედარებით, როცა 110 სისხლის სამართლის საქმე იყო აღძრული, ეს მაჩვენებელი გაორმაგდა. ამ 244 და-ძმიდან 39 წინასწარ პატიმრობაშია, 27 — შინაპატიმრობაში, 100-ზე მეტ და-ძმას კი სხვადასხვა შეზღუდვა დაუწესეს.
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი და-ძმები კვლავაც არიან რუსეთის ხელისუფლების სამიზნეები, ისინი მერყევები არ გამხდარან „ამ გასაჭირის გამო“. გვამხნევებს იმის ცოდნა, რომ ეს და-ძმები ერთგულად იტანენ განსაცდელს. ამიტომაც ვაქებთ და ვემადლიერებით იეჰოვას, რომ მათთვის წარმოთქმულ ლოცვებს უპასუხოდ არ ტოვებს. გვჯერა, რომ ის კვლავაც შეისმენს ჩვენს ლოცვებს (1 თესალონიკელები 3:3, 7).