არჩეულ მასალაზე გადასვლა

პოლიცია შედის სამეფო დარბაზის ეზოში (ნეზლობნაია)

2017 წლის 12 იანვარი
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ

რუსეთში რელიგიური ნიშნით დევნა მასშტაბურ ხასიათს იძენს

რუსეთში რელიგიური ნიშნით დევნა მასშტაბურ ხასიათს იძენს

2017 წლის 16 იანვარს რუსეთში იეჰოვას მოწმეები კიდევ ერთხელ წარსდგებიან სასამართლოს წინაშე და დაიცავენ რელიგიის თავისუფლების უფლებას, რომელსაც მთავრობა წლებია უხეშად არღვევს. ისინი თხოვნით მიმართავენ მოსკოვის საქალაქო სასამართლოს, გააუქმოს გენერალური პროკურატურის უკანონო და დაუსაბუთებელი მოთხოვნა რუსეთში მათი ადმინისტრაციული ცენტრის ლიკვიდაციის თაობაზე. 2016 წლის 2 მარტით დათარიღებულ გამაფრთხილებელ წერილში, რომელსაც გენერალური პროკურორის მოადგილე ვიქტორ გრინი აწერს ხელს, ნათქვამი იყო, რომ თუ ერთი წლის განმავლობაში პროკურატურა იეჰოვას მოწმეების ექსტრემისტულ საქმიანობაში მონაწილეობის დამადასტურებელ სამხილებს მოიპოვებდა, მათი ადმინისტრაციული ცენტრის ლიკვიდაციას მოახდენდა.

იეჰოვას მოწმეებს ექსტრემიზმში ადანაშაულებენ

რუსეთის პროკურორები ექსტრემიზმთან ბრძოლის შესახებ ფედერალურ კანონს არასწორად იყენებენ იეჰოვას მოწმეებთან მიმართებით. მას შემდეგ, რაც 2006 წელს აღნიშნულ კანონში ცვლილებები შევიდა, ექსტრემისტულად ითვლება არა მხოლოდ ძალადობრივი ქმედება, არამედ „რელიგიური ... შუღლის გაღვივებაც“. სახეცვლილი კანონის საფუძველზე უფლებამოსილი პირები რელიგიური შუღლის გაღვივებად მიიჩნევენ ნებისმიერ რამეს, რაც ტრადიციულ რელიგიურ სწავლებებს ეწინააღმდეგება ან განსხვავებულ მრწამსს ქადაგებს. გრეგორ ალენმა, რუსეთში იეჰოვას მოწმეების ადვოკატმა, განაცხადა: „რუსეთის მთავრობა ანტიექსტრემისტულ კანონს სათავისოდ იყენებს და ნებისმიერ არამართლმადიდებლურ სწავლებას ექსტრემისტულად მიიჩნევს“.

ამ კანონის საფუძველზე რელიგიური უმცირესობების დევნა მას შემდეგ დაიწყო, რაც 2007 წლის იანვარში რუსეთის ფედერაციის გენერალური პროკურორის მდივანმა ვიქტორ გრინმა მთელი ქვეყნის მასშტაბით პროკურორებს წერილები დაუგზავნა და მოუწოდა, გამოძიება დაეწყოთ იეჰოვას მოწმეების წინააღმდეგ. შედეგად, ამ წელს სამართალდამცავებმა იეჰოვას მოწმეების სახლებსა თუ სამეფო დარბაზებში 100-ზე მეტი ჩხრეკა აწარმოეს.

სამხილების გაყალბება

ერთ-ერთი ჩხრეკა აზოვის ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარე ქალაქ ტაგანროგში ჩატარდა. მას შემდეგ ექსტრემიზმის ბრალდებით არაერთი საქმე აღიძრა იეჰოვას მოწმეების წინააღმდეგ მთელი რუსეთის მასშტაბით. 2007 წლის ოქტომბერში როსტოვის საოლქო პროკურატურამ დაასრულა გამოძიება და გამოსცა გამაფრთხილებელი წერილი ტაგანროგში იეჰოვას მოწმეების ადგილობრივი რელიგიური ორგანიზაციის ლიკვიდაციის თაობაზე. მომდევნო წელს პროკურატურამ საქმე აღძრა ზემოაღნიშნული მოთხოვნის სისრულეში მოსაყვანად; თუმცა მან საკმარისი სამხილები ვერ წარადგინა და როსტოვის საოლქო სასამართლოს იეჰოვას მოწმეების რელიგიურ ლიტერატურაზე ექსპერტიზის ჩატარება მოსთხოვა.

მიუხედავად იმისა, რომ მოწმეებმა გააპროტესტეს პროკურატურის მოთხოვნა, სასამართლომ მაინც დააკმაყოფილა იგი. უფრო მეტიც, სასამართლომ უარი განაცხადა მოწმეების შუამდგომლობაზე, მხედველობაში მიეღო იმ ექსპერტიზის დასკვნები, რომელსაც ისინი სასამართლოსგან დამოუკიდებლად ჩაატარებდნენ. სასამართლოს მიერ დანიშნულმა ექსპერტებმა ერთხმად განაცხადეს, რომ იეჰოვას მოწმეების რელიგიური ლიტერატურა არავის აქეზებდა ძალადობისკენ. და მაინც, მათ თავიანთ დასკვნაში აღნიშნეს, რომ მოწმეების ლიტერატურა თეოლოგიური თვალსაზრისით შესაძლოა რელიგიურ შუღლს აღვივებდეს. სასამართლო სწორედ ამ არგუმენტს ჩაეჭიდა და მოწმეების წინააღმდეგ მიიღო გადაწყვეტილება.

2009 წლის 11 სექტემბერს ანტიექსტრემისტული კანონის საფუძველზე როსტოვის საოლქო სასამართლომ იეჰოვას მოწმეების 34 პუბლიკაცია ექსტრემისტულად გამოაცხადა და ექსტრემისტული მასალების ფედერალურ სიაში შეიტანა. ამასთანავე, სასამართლომ ტაგანროგში ადგილობრივი რელიგიური ორგანიზაცია ექსტრემიზმში დაადანაშაულა და ბრძანა — მისი ლიკვიდაცია მოეხდინათ, ტაგანროგში მოწმეების რელიგიური საქმიანობა აეკრძალათ, მათი იურიდიული პირის სახელი ექსტრემისტულად შერაცხული ორგანიზაციების სიაში შეეტანათ, მოწმეების რელიგიური ლიტერატურის კონფისკაცია მოეხდინათ და მათი ადგილობრივი რელიგიური ორგანიზაციის ქონება რუსეთის სახელმწიფოს საკუთრებაში გადაეცათ. 2009 წლის 8 დეკემბერს რუსეთის ფედერაციის უზენაესმა სასამართლომ მხარი დაუჭირა ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებას და მისი აღსრულება ბრძანა. a

2016 წლის დასაწყისში სასამართლომ იეჰოვას მოწმეების სხვა 88 პუბლიკაციაც შერაცხა ექსტრემისტულად და მათი 3 ადგილობრივი რელიგიური ორგანიზაციის ლიკვიდაცია მოახდინა. აღსანიშნავია ისიც, რომ ამავე წელს 18 ადგილობრივი რელიგიური ორგანიზაციის წინააღმდეგ მიმდინარეობდა გამოძიება. გარდა ამისა, რუსეთის მთავრობამ აკრძალა იეჰოვას მოწმეების ოფიციალური ვებგვერდი jw.org და მასზე წვდომა მთელი რუსეთის მასშტაბით დაბლოკა; აგრეთვე იეჰოვას მოწმეებს ქვეყანაში რელიგიური ლიტერატურის შეტანის უფლება ჩამოართვა და მოწმეების მიერ ნათარგმნი ბიბლია ექსპერტიზაზე გაგზავნა იმის დასადგენად, შეიცავდა თუ არა ექსტრემისტული შინაარსის მასალას.

„სამხილები“ იეჰოვას მოწმეების ფილიალის წინააღმდეგ

2016 წლის მარტში გენერალურმა პროკურატურამ ყალბი სამხილების საფუძველზე რუსეთში, სანკტ-პეტერბურგთან ახლოს მდებარე იეჰოვას მოწმეების ფილიალის ლიკვიდაცია მოითხოვა. პროკურორმა განაცხადა: „ხელთ გვაქვს იმის დამადასტურებელი სამხილები, რომ იეჰოვას მოწმეების ადგილობრივი რელიგიური ორგანიზაციები, რომელთაც რუსეთში იეჰოვას მოწმეების ადმინისტრაციული ცენტრი კურირებს, კვლავ ექსტრემისტულ საქმიანობას ეწევიან“.

გამაფრთხილებელი წერილის მიღებისთანავე იეჰოვას მოწმეებმა რუსეთის გენერალურ პროკურორს, იური ჩაიკას, თხოვნით მიმართეს, გაეუქმებინა მოთხოვნა მათი ადმინისტრაციული ცენტრის ლიკვიდაციის თაობაზე. პროკურორმა არ დააკმაყოფილა მოწმეების თხოვნა. მან განაცხადა: „ის, რომ სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ადგილი ჰქონდა სავარაუდო კანონდარღვევას და სამხილების გაყალბებას, არ იძლევა საფუძველს, გაუქმდეს მოთხოვნა იეჰოვას მოწმეების ადმინისტრაციული ცენტრის ლიკვიდაციის თაობაზე, რადგან ეს მოთხოვნა სასამართლოს გადაწყვეტილებით შევიდა ძალაში“. იეჰოვას მოწმეების ადვოკატი გრეგორ ალენი აღნიშნავს: „როგორც ჩანს, გენერალურ პროკურორს ჰგონია, რომ რუსეთის სასამართლო უფლებამოსილია, კანონიერად ცნოს უპატიოსნო სამართალდამცავების გაყალბებული სამხილები. კარგად მახსოვს მოსკოვის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც მთელ ქალაქში უკანონოდ აიკრძალა იეჰოვა მოწმეების საქმიანობა, და რომელიც მოგვიანებით ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაგმო“. b

გენერალური პროკურორის განაცხადის შემდეგ იეჰოვას მოწმეებმა მოსკოვში ტვერის რაიონულ სასამართლოში საჩივარი შეიტანეს გენერალური პროკურატურის გამაფრთხილებელი წერილის თაობაზე. 2016 წლის 12 ოქტომბერს გამართულ სასამართლო პროცესზე მოსამართლე მოსკალენკომ უარი განაცხადა მოწმეებისა და ექსპერტების დაკითხვაზე და პროკურატურის სასარგებლოდ მიიღო გადაწყვეტილება.

შედეგად, ძალაში დარჩა გენერალური პროკურატურის მოთხოვნა. შესაბამისად, თუ ეს უკანასკნელი სასამართლოებს დაუმტკიცებს, რომ იეჰოვას მოწმეების ადგილობრივი რელიგიური ორგანიზაციები ისევ არღვევენ ანტიექსტრემისტულ კანონს და იმის დამადასტურებელ სამხილებს წარუდგენს, რომ იეჰოვას მოწმეებმა გამაფრთხილებელი წერილის მიღებიდან ერთი წლის განმავლობაში ექსტრემისტულ საქმიანობაში კვლავ მიიღეს მონაწილეობა, რუსეთში იეჰოვას მოწმეების ფილიალის ლიკვიდაციის საფრთხე ერთიორად გაიზრდება.

ახალი „სამხილები“

2016 წლის 2 მარტიდან მოყოლებული, მას შემდეგ, რაც გენერალური პროკურორის მოადგილემ გამაფრთხილებელი წერილი გამოსცა, რუსეთის უფლებამოსილმა პირებმა კიდევ უფრო მეტი ყალბი სამხილი შეთითხნეს იეჰოვას მოწმეების წინააღმდეგ. დაფიქსირებულია 35 შემთხვევა (2012 წლის შემდეგ საერთო ჯამში 60-ზე მეტ მსგავს ფაქტს ჰქონდა ადგილი), როდესაც უფლებამოსილმა პირებმა განზრახ შეიტანეს აკრძალული ლიტერატურა იეჰოვას მოწმეების სამეფო დარბაზებსა თუ სახლებში. ჩხრეკის დროს ხშირად პოლიციელები და სპეცრაზმელები აგრესიულად მოქმედებენ.

  • 2016 წლის 28 ივლისს კარელიის რესპუბლიკაში პოლიციამ ორჯერ მოაწყო რეიდი იეჰოვას მოწმეების თაყვანისცემისთვის განკუთვნილ ადგილებში. ერთ-ერთი შემთხვევა დაფიქსირდა პეტროზავოდსკში — შეიარაღებული ნიღბიანი სპეცრაზმელები იეჰოვას მოწმეების სამეფო დარბაზში შეიჭრნენ და რელიგიური შეხვედრა ჩაშალეს. პოლიციამ წიგნის „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“ 5 ეგზემპლარი შეიტანა შენობაში და მოგვიანებით ჩხრეკის დროს „აღმოაჩინა“. უფლებამოსილ პირებს არ წარუდგენიათ მოწმეებისთვის ჩხრეკის ორდერი. მეორე შემთხვევა მოხდა კოსტომუკშაში — ფედერალური უსაფრთხოების სამსახურისა და ექსტრემიზმთან ბრძოლის ორგანიზაციის თანამშრომლებმა იეჰოვას მოწმეების რელიგიური შეხვედრა ჩაშალეს და შენობა გაჩხრიკეს. ჩხრეკის დროს სამეფო დარბაზში „აღმოჩენილ იქნა“ ექსტრემისტული მასალების ფედერალურ სიაში შეტანილი სამი პუბლიკაცია.

  • 2016 წლის 20 აგვისტოს ყაბარდო-ბალყარეთის რესპუბლიკაში, ქალაქ მაისკიში სამართალდამცავებმა დაარბიეს იეჰოვას მოწმეების რელიგიური შეხვედრა; ყველა დამსწრეს იძულებით დაატოვებინეს სამეფო დარბაზი, გაჩხრიკეს შენობა და ექსტრემისტული მასალების ფედერალურ სიაში შეტანილი ლიტერატურა „იპოვეს“. სამართალდამცავებს არც ამჯერად წარუდგენიათ მოწმეებისთვის ჩხრეკის ორდერი.

  • 2016 წლის 20 სექტემბერს, გამთენიისას, შეიარაღებული ნიღბიანი სპეცრაზმელები ნეზლობნაიაში (სტავროპოლი), იეჰოვას მოწმეების სამეფო დარბაზში შეიჭრნენ. მათ ჩამოხსნეს სამეფო დარბაზის კარი და შენობაში რამდენიმე აკრძალული პუბლიკაცია შეიტანეს, რომლებიც მოგვიანებით ჩხრეკის დროს „აღმოაჩინეს“.

პოლიცია კარადაში დებს აკრძალულ ლიტერატურას, რომელიც მოგვიანებით ჩხრეკის დროს „ამოიღეს“ და სამხილად გამოიყენეს (ნეზლობნაია)

სამოქმედო გეგმა

ქვემოთ აღწერილია პროცესები, რომლებიც წინ უძღოდა ქალაქ ბირობიჯანში იეჰოვას მოწმეების ადგილობრივი რელიგიური ორგანიზაციის ექსტრემიზმში დადანაშაულებასა და ლიკვიდაციას. ანალოგიური სცენარით ვითარდება რუსეთში მოწმეების სხვა იურიდიული პირების ლიკვიდაციაც.

  1. 1. სამართალდამცავებს იეჰოვას მოწმეების თაყვანისცემისთვის განკუთვნილ შენობაში შეაქვთ ექსტრემისტული მასალების ფედერალურ სიაში შეტანილი რელიგიური პუბლიკაციები.

    პოლიციისა და ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა ბირობიჯანში იეჰოვას მოწმეების რელიგიური შეხვედრა ჩაშალეს. სამართალდამცავებმა დამსწრეებს განუცხადეს, რომ მათ შეხვედრის ჩატარების კანონიერი უფლება არ ჰქონდათ და ექსტრემისტული პუბლიკაციების მოძიების მიზნით შენობას გაჩხრეკდნენ.

  2. 2. სამართალდამცავები ჩხრეკენ შენობას და აკრძალულ ლიტერატურას „პოულობენ“.

    პოლიციელებმა ჩხრეკის დროს ექსტრემისტული მასალების ფედერალურ სიაში შეტანილი 12 პუბლიკაცია „იპოვეს“. მოგვიანებით მოწმეებმა აღმოაჩინეს, რომ ეს პუბლიკაციები სამეფო დარბაზში უცნობმა პირმა შეიტანა შეხვედრის დაწყებამდე.

  3. 3. პროკურორი იეჰოვას მოწმეების ადგილობრივ რელიგიურ ორგანიზაციას ან მის წარმომადგენელს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაში — ექსტრემისტული ლიტერატურის გავრცელებაში — ადანაშაულებს და ჯარიმას აკისრებს.

    საოლქო სასამართლომ ბირობიჯანში იეჰოვას მოწმეების ადგილობრივი რელიგიური ორგანიზაციის წარმომადგენელი დამნაშავედ ცნო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაში და ჯარიმის სახით 4 000 რუბლი (66.88 აშშ დოლარი) დააკისრა.

  4. 4. პროკურორი იეჰოვას მოწმეების ადგილობრივ რელიგიურ ორგანიზაციას აფრთხილებს, ერთი წლის განმავლობაში აღარ განმეორდეს მსგავსი „სამართალდარღვევა“.

    პროკურორმა გამოსცა გამაფრთხილებელი წერილი, სადაც აღნიშნული იყო, რომ „ექსტრემისტულ საქმიანობაში“ მონაწილეობა კანონით იკრძალებოდა.

  5. 5. სამართალდამცავებს კვლავ შეაქვთ აკრძალული პუბლიკაციები იეჰოვას მოწმეების თაყვანისცემისთვის განკუთვნილ შენობაში და მოგვიანებით ჩხრეკის დროს „პოულობენ“.

    2015 წლის ოქტომბერში პოლიციამ ჩაშალა რელიგიური შეხვედრა და „ექსტრემისტული პუბლიკაციების“ ამოსაღებად ჩხრეკა აწარმოა. თუმცა ამჯერად პოლიციის მხრიდან სამხილების გაყალბების მცდელობა უშედეგოდ დასრულდა, რადგან მოწმეებმა შეხვედრის დაწყებამდე იპოვეს სამართალდამცავების მიერ დამალული ლიტერატურა და თავიდან მოიშორეს. 2016 წლის 21 იანვარს პოლიცია უკეთ მომზადებული აღმოჩნდა. სპეცრაზმელებმა, პოლიციელებმა და ფედერალური უსაფრთხოების თანამშრომლებმა კვლავ გაჩხრიკეს სამეფო დარბაზი. ერთ-ერთმა იეჰოვას მოწმემ, რომელიც შეხვედრას ესწრებოდა, დაინახა, რომ პოლიციის თანამშრომელს ხელში ეჭირა ლიტერატურის შეკვრა. როგორც ჩანს, ამ პოლიციელმა ჩხრეკის დროს ლიტერატურის შეკვრა დამალა. მოგვიანებით კი ის სხვა პოლიციელმა „აღმოაჩინა“.

  6. 6. ახალი ყალბი სამხილის საფუძველზე პროკურატურა ან იუსტიციის სამინისტრო საქმეს აღძრავს სასამართლოში იეჰოვას მოწმეების ადგილობრივი რელიგიური ორგანიზაციის ლიკვიდაციის მოთხოვნით.

    საოლქო სასამართლომ იეჰოვას მოწმეების ადგილობრივი რელიგიური ორგანიზაციის წარმომადგენელი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაში დამნაშავედ ცნო და 3 000 რუბლით (50.16 აშშ დოლარი) დააჯარიმა. 2016 წლის 3 ოქტომბერს რაიონულმა სასამართლომ განაცხადა, რომ „აღმოჩენილ იქნა ფაქტები, რომლებიც ადასტურებს, რომ იეჰოვას მოწმეების ადგილობრივი რელიგიური ორგანიზაცია კვლავ ექსტრემისტულ საქმიანობას ეწევა“. სასამართლომ ქალაქ ბირობიჯანში მოწმეების ადგილობრივი რელიგიური ორგანიზაცია ექსტრემისტულად გამოაცხადა, აკრძალა ორგანიზაციის საქმიანობა და მისი ლიკვიდაციის ბრძანება გასცა.

საბოლოოდ, რუსეთის ფედერაციის უზენაესმა სასამართლომ მხარი დაუჭირა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებებს ექსტრემისტულად გამოცხადებული იეჰოვას მოწმეების ადგილობრივი რელიგიური ორგანიზაციების ლიკვიდაციაზე. შედეგად, იეჰოვას მოწმეების ადგილობრივი იურიდიული პირები გაუქმდა ბელგოროდში, სტარი ოსკოლში, ელისტასა და ორიოლში. ამჟამად რუსეთის ფედერაციის უზენაეს სასამართლოში მიმდინარეობს იეჰოვას მოწმეების საჩივრის განხილვა ბირობიჯანის საქმეზე.

რით დასრულდება ეს ყველაფერი?

იეჰოვას მოწმეების ადმინისტრაციული ცენტრის წარმომადგენელი ვასილ კალინი იხსენებს საბჭოთა კავშირის დროს, როცა ის და მისი ოჯახი რელიგიის გამო ციმბირში გადაასახლეს: «უფლებამოსილ პირებს შეეძლოთ, ნებისმიერ დროს გაეჩხრიკათ იეჰოვას მოწმეთა სახლები, რათა რელიგიური ლიტერატურა ეპოვათ. მაგრამ არასდროს მომხდარა ის, რომ სამართალდამცავებს მოეტანათ ლიტერატურა, დაემალათ ჩვენს სახლებში და შემდეგ „ამოეღოთ“. რუსეთის სამართალდამცავი ორგანოების ახალი ტაქტიკა იმაზე მოწმობს, რომ მათ დღემდე არ შეუძლიათ იეჰოვას მოწმეების უკანონო საქმიანობაში მონაწილეობის დამამტკიცებელი რეალური სამხილების მოპოვება».

2017 წლის 16 იანვარს მოსკოვის საქალაქო სასამართლო განიხილავს იეჰოვას მოწმეების საჩივარს გენერალური პროკურატურის გამაფრთხილებელი წერილის თაობაზე და მიიღებს გადაწყვეტილებას. აღიარებს სასამართლო, რომ გენერალური პროკურატურა უსაფუძვლოდ ადანაშაულებს იეჰოვას მოწმეების ადმინისტრაციულ ცენტრს ექსტრემისტულ საქმიანობაში და გააუქმებს მის მოთხოვნას? მთელ მსოფლიოში, მათ შორის რუსეთში, ყველა, ვინც პატივს სცემს ადამიანის უფლებებს, იმედოვნებს, რომ ეს ასეც იქნება.

a რუსეთის ფედერაციის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებამ იეჰოვას მოწმეების წინააღმდეგ დევნის ტალღა ააგორა. 2009 წლის 8 დეკემბრიდან 2012 წლის 26 აპრილის ჩათვლით რელიგიური მსახურებისას იეჰოვას მოწმეებზე აგრესიისა და თავდასხმის 1 126 ფაქტი დაფიქსირდა; სამართალდამცავები აკავებდნენ მოწმეებს და ჩხრეკდნენ მათ საკუთრებებს. გარდა ამისა, ადგილი ჰქონდა სამეფო დარბაზებზე ვანდალურ თავდასხმებს.

b 1995 წლიდან მოყოლებული მოსკოვში არაერთხელ აღიძრა სისხლის და სამოქალაქო სამართლის საქმეები იეჰოვას მოწმეების წინააღმდეგ, თუმცა არასაკმარისი სამხილების გამო სასამართლო ვერაფერს ხდებოდა. მაგრამ 2004 წლის მარტში გოლოვინსკის რაიონულმა სასამართლომ „ექსპერტების“ დასკვნის საფუძველზე მოსკოვში იეჰოვას მოწმეების იურიდიული პირის ლიკვიდაცია მოახდინა და მისი საქმიანობა აკრძალა. 2010 წლის 10 ივნისს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთის ფედერაციამ უხეშად დაარღვია იეჰოვას მოწმეების რელიგიის თავისუფლების უფლება და მას სამართლიანობის აღსადგენად იეჰოვას მოწმეების იურიდიული პირის ხელახალი რეგისტრაცია და მიყენებული ზარალის ანაზღაურება მოსთხოვა.