არჩეულ მასალაზე გადასვლა

მარცხნიდან მარჯვნივ: ძმა ალექსანდრე პრიანიკოვი, და ვენერა დულოვა და მისი ქალიშვილი, დარია დულოვა, სასამართლო პროცესის წინ

2020 წლის 24 იანვარი
რუსეთი

რუსეთში, ქალაქ კარპინსკში, ერთი ძმისა და ორი დის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე

რუსეთში, ქალაქ კარპინსკში, ერთი ძმისა და ორი დის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე

კარპინსკის საქალაქო სასამართლოს დაგეგმილი აქვს, რომ 2020 წლის 27 იანვარს სასამართლო გადაწყვეტილება გამოიტანოს დების, ვენერა და დარია დულოვების და ძმა ალექსანდრე პრიანიკოვის საქმეზე. პროკურორმა მოითხოვა, რომ ალექსანდრე პრიანიკოვსა და ვენერა დულოვას სამწელიწადნახევრიანი სასჯელი შეუფარდონ, დარია დულოვას კი — ორწლიანი.

2016 წლის 19 აპრილს ალექსანდრე და ვენერა ერთ მამაკაცს ბიბლიურ თემაზე გაესაუბრნენ. ამ მამაკაცის ნათესავმა ალექსანდრესა და ვენერას ქურდობაში დასდო ბრალი და პოლიცია გამოიძახა. პოლიციამ ორივენი განყოფილებაში გადაიყვანა. იქ მათ თითის ანაბეჭდები აუღეს და ლიტერატურა ჩამოართვეს.

აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ისინი ორ წელზე მეტი ხნის შემდეგ ხელმეორედ დაიბარეს პოლიციაში დასაკითხად. მათ ტელეფონები და პირადი დოკუმენტები ჩამოართვეს. პოლიციის უფროსმა თეოლოგიის პროფესორის ასისტენტს დაავალა ალექსანდრე პრიანიკოვისა და ვენერა დულოვას სატელეფონო ჩანაწერების შესწავლა. პროფესორის 15-გვერდიანი ანგარიშის დასკვნაში ნათქვამი იყო, რომ ზემოაღნიშნული პირების ტელეფონები შეიცავდა იეჰოვას მოწმეთა სწავლებებთან დაკავშირებულ ინფორმაციას. პროკურატურამ უმთავრესად ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით აღძრა სისხლის სამართლის საქმე მათ წინააღმდეგ. ამის შემდეგ კარპინსკის საქალაქო სასამართლომ დაავალა სამართალდამცავებს მათ სახლებში ჩხრეკის ჩატარება.

ვენერა დულოვას ბინის გაჩხრეკის შემდეგ პოლიციელებმა წაიღეს ელექტრონული მოწყობილობები, წიგნები და სურათები. დაკითხეს აგრეთვე ვენერას 18 წლის ქალიშვილი, დარია. პოლიციის ოფიცრებმა მათი ნათესავის სახლიც გაჩხრიკეს და ძმა ალექსანდრეს ბინაც.

გარდა ამისა, 2019 წლის 16 აპრილს, დილით, ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა, გამომძიებელმა და ორმა სხვა პოლიციელმაც ჩაატარეს ჩხრეკა ძმა ალექსანდრე პრიანიკოვის სახლში. მათ ალექსანდრეს ჩამოართვეს ელექტრონული მოწყობილობები და სხვა პირადი ნივთები.

2019 წლის 23 ივლისს პოლიციის განყოფილებაში ეჭვმიტანილის სტატუსით დასაკითხად დაიბარეს დარია დულოვა, როგორც დედამისისა და ალექსანდრე პრიანიკოვის საქმის თანამზრახველი. სამივე მათგანს წაუყენეს ბრალი და 2019 წლის სექტემბერში მათ საქმესთან დაკავშირებით წინასწარი მოსმენები დაიწყო.

ვლოცულობთ ამ სამი და-ძმისა და კიდევ სხვა 300 და-ძმისთვის, რომლებიც სისხლის სამართლის დევნის მსხვერპლნი არიან რუსეთში და დარწმუნებულები ვართ, რომ მათზეც შესრულდება შემდეგი სიტყვები: „იმედის მომცემმა ღმერთმა აგავსოთ ყოველგვარი სიხარულითა და მშვიდობით თქვენი რწმენის მეშვეობით, რათა იუხვოთ იმედში წმინდა სულის ძალით“ (რომაელები 15:13).