არჩეულ მასალაზე გადასვლა

მარცხნიდან მარჯვნივ: ანატოლი და გრეტა რაზდობაროვები და ნიკოლაი და ლილია მერინოვები (გადაღებულია რეიდამდე)

2021 წლის 10 ოქტომბერი
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ

რუსეთში ძალოვნები ორ წყვილს სასტიკად უსწორდებიან

რუსეთში ძალოვნები ორ წყვილს სასტიკად უსწორდებიან

ორშაბათს, 2021 წლის 4 ოქტომბერს, რუსეთში „ომონის“ a შეიარაღებული ოფიცრები ფიზიკურად გაუსწორდნენ ცოლ-ქმარ ანატოლი და გრეტა რაზდობაროვებს და ნიკოლაი და ლილია მერინოვებს. ეს სასტიკი თავდასხმა მაშინ განხორციელდა, როცა ქალაქ ირკუტსკში ძალოვნებმა იეჰოვას მოწმეთა 12 სახლი გაჩხრიკეს. რეიდის დროს ოფიცრებმა რამდენიმე ძმა დააკავეს.

ანატოლის და გრეტას სახლში ოფიცრები დილის 6 საათზე შეიჭრნენ. ისინი თმებში სწვდნენ გრეტას, სხვა ოთახში გაათრიეს, ზურგს უკან ხელებზე ბორკილები დაადეს და თან ურტყამდნენ.

ამ დროს ანატოლი იატაკზე დააგდეს, მასაც ზურგს უკან ხელებზე ბორკილები დაადეს და თან წიხლებს ურტყამდნენ თავსა და მუცელში. შემდეგ ბორკილდადებულ ხელებში სწვდნენ და იატაკიდან მაღლა ექაჩებოდნენ, რაც აუტანელ ტკივილს აყენებდა ანატოლის. ხელებზე ურტყამდნენ და აიძულებდნენ, დანაშაული ეღიარებინა და თანაქრისტიანებზე ინფორმაცია გაეცა. ოფიცრები გაუპატიურებას იმიტირებდნენ და ცდილობდნენ, ანატოლისთვის უკანა ტანში შუშის ბოთლი მოეთავსებინათ. რაზდობაროვების სახლში ჩხრეკა რვა საათზე მეტ ხანს გაგრძელდა.

როცა ოფიცრები ნიკოლაი და ლილია მერინოვების სახლში შეიჭრნენ, მათ ნიკოლაის სახეში მძიმე, ბლაგვი საგანი ჩაარტყეს, რის შემდეგაც ის იატაკზე უგონოდ დაეცა. როცა გონს მოვიდა, დაინახა, რომ ზედ ოფიცერი ეჯდა და ურტყამდა. ოფიცერმა ნიკოლაის წინა კბილები ჩაუმტვრია. ამასობაში ლილიას თმაში სწვდნენ, ლოგინიდან გადმოათრიეს და ხელ-ბორკილი დაადეს. მას ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ და გარკვეული ხნის მანძილზე ტანსაცმლის ჩაცმის უფლებასაც არ აძლევდნენ.

რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება დანაშაულად ითვლება. რუსეთის ფედერაციას რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციის წინაშეც აქვს აღებული ვალდებულება, რომ არ დაუშვას არცერთი მოქალაქის წამება. ამიტომ თავიანთი უფლებების დასაცავად ორივე წყვილი მათ ხელთ არსებულ ყველა იურიდიულ ბერკეტს გამოიყენებს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო ასპარეზზე.

ირკუტსკში 12 იეჰოვას მოწმის სახლში მოწყობილი ჩხრეკიდან მეორე დღეს ოქტიაბრსკის რაიონული სასამართლოს წინ დაახლოებით 300 და-ძმა შეიკრიბა ექვსი ძმის მხარდასაჭერად.

ამ რეიდების შემდეგ, ორ დღეში, სასამართლომ ექვსი ძმის დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაყვანა ბრძანა. ეს ძმები არიან: იაროსლავ კალინი, სერგეი კოსტეევი, ნიკოლაი მარტინოვი, მიხაილ მოიში, ალექსეი სოლნეჩნი და ანდრეი ტოლმაჩევი. სასამართლო საქმის მოსმენის დროს შენობასთან დაახლოებით 300 და-ძმა შეიკრიბა, რომ მშვიდობიანად დაეჭირათ მხარი თანაქრისტიანებისთვის, რომლებიც უსამართლობის მსხვერპლი გახდნენ.

პავლეს მიერ დაწერილი სიტყვები ზუსტად გამოხატავს ჩვენს სათქმელს რუსი და-ძმებისადმი: „ვამაყობთ თქვენით ღვთის კრებებში და ვყვებით, რომ მოთმინებითა და რწმენით იტანთ ყოველგვარ დევნასა და გასაჭირს“ (2 თესალონიკელები 1:4).

a რუსეთის ეროვნული გვარდიის სპეციალური დანიშნულების მობილური რაზმი