არჩეულ მასალაზე გადასვლა

მარცხნიდან მარჯვნივ: ანდრეი (ვაჟი), ანატოლი, მარგარიტა (ცოლი), ეკატერინა (ქალიშვილი)

2020 წლის 8 ოქტომბერი
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ

რუსეთში ძმა ანატოლი ტოკარევს სამწელიწად-ნახევრით თავისუფლების აღკვეთა ელის

რუსეთში ძმა ანატოლი ტოკარევს სამწელიწად-ნახევრით თავისუფლების აღკვეთა ელის

განაჩენის გამოტანის თარიღი

2020 წლის 23 ოქტომბერს a ქალაქ კიროვში ოქტიაბრსკის რაიონული სასამართლო გამოაცხადებს თავის ვერდიქტს ძმა ანატოლი ტოკარევის საქმეზე. მას სამწელიწად-ნახევრით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ზოგადი ინფორმაცია

ანატოლი ტოკარევი

  • დაიბადა: 1958 წელს (ბარანოვსკაია, კიროვის ოლქი)

  • ბიოგრაფია: ანატოლი დედამ გაზარდა. პენსიაში გასვლამდე იგი პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინრად მუშაობდა. გატაცებულია ფოტოგრაფიით, უყვარს ჭადრაკის თამაში და აკორდეონზე დაკვრა. 1979 წელს მან ცოლად შეირთო მარგარიტა. მათ ორი შვილი ჰყავთ.

  • მიღებული განათლების გამო იგი კერკეტ ათეისტად ჩამოყალიბდა. 27 წლის ასაკში იეჰოვას მოწმეებთან დაიწყო ბიბლიის შესწავლა და მიხვდა, რომ ქრისტიანული მოძღვრებები სრულებითაც არ ეწინააღმდეგებოდა მეცნიერებას.

სასამართლო საქმე

2019 წლის 24 მაისს ექსტრემიზმთან ბრძოლის სამსახურის თანამშრომლებმა გაჩხრიკეს ტოკარევების ბინა და ანატოლი დაკითხეს. ისინი მას დაემუქრნენ, რომ, თუ არ ცნობდა თავს დამნაშავედ ექსტრემიზმში, მისი ოჯახის წევრების წინააღმდეგ სამართლებრივ დევნას დაიწყებდნენ. შემდეგ იგი საგამოძიებო კომისიის წინაშე წარადგინეს დასაკითხად.

დაახლოებით ხუთი თვის შემდეგ ანატოლი ტოკარევს რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით წარუდგინეს ბრალი. იგი ექსტრემისტული ორგანიზაციის დაფინანსებაში დაადანაშულეს. ამასთანავე, პროკურატურამ ამოიღო აუდიოჩანაწერები მისი ბინიდან, რითაც ამტკიცებს, რომ ანატოლი ტოკარევი ორგანიზებას უწევდა შეხვედრებს, რომლებზეც „ექსტრემისტულ“ ლიტერატურას განიხილავდნენ.

ჩვენ ვლოცულობთ ანატოლისა და მისი ოჯახის წევრებისთვის. დარწმუნებულნი ვართ, რომ იეჰოვაც უერთგულებს თავის ერთგულთ (ფსალმუნი 18:25).

a შესაძლოა შეიცვალოს