2021 წლის 5 აპრილი
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ
რწმენის გამო დაპატიმრებულ ძმა ანდრეი გუბინს გადაწყვეტილი აქვს, ბოლომდე შეინარჩუნოს სიმტკიცე
განახლებული ინფორმაცია | რუსეთის სასამართლო აუქმებს ანდრეი გუბინისთვის გამოტანილ განაჩენს
2022 წლის 1-ელ თებერვალს ებრაელთა ავტონომიური ოლქის სასამართლომ გააუქმა ანდრეი გუბინისთვის გამოტანილი განაჩენი და მისი საქმე ხელახლა განსახილველად ქვედა ინსტანციის სასამართლოს დაუბრუნა.
2021 წლის 9 სექტემბერს ებრაელთა ავტონომიურ ოლქში მდებარე ბირობიჯანის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო ძმა ანდრეი გუბინი და ორწელიწადნახევრიანი პირობითი სასჯელი შეუფარდა. ამჟამად მას არ მოუწევს სასჯელის ციხეში მოხდა.
ზოგადი ინფორმაცია
ანდრეი გუბინი
დაბადების წელი: 1974 (ქალაქი სარანი, ყაზახეთი)
ბიოგრაფია: ჰყავს უფროსი და-ძმა. ოჯახს რომ დახმარებოდა, მოზარდობის ასაკში სკოლის შემდეგ ნახევარ განაკვეთზე მუშაობდა ზეინკლის შეგირდად. მოგვიანებით ისწავლა სახარატო ჩარხის ოპერატორობა და მძიმე სამშენებლო ტექნიკის მართვა. უყვარს სპორტი, ლექსების წერა და სხვადასხვა მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრა.
მოზარდობის ასაკიდანვე აწუხებდა მსოფლიოში გაბატონებული ბოროტება და უსამართლობა. ბიბლიის შესწავლის დაწყებამ სიცოცხლის აზრი აპოვნინა და სიმშვიდე მოჰგვარა. ბიბლიურმა დანაპირებმა, რომ ღმერთი აღმოფხვრიდა უსამართლობას და დედამიწაზე მშვიდობას დაამყარებდა, ანდრეის გადააწყვეტინა, თავი მიეძღვნა იეჰოვასთვის. მოინათლა 1991 წელს, 17 წლის ასაკში. 2007 წელს იქორწინა ტატიანაზე. 2011 წელს ოჯახი საცხოვრებლად ბირობიჯანში გადავიდა.
სასამართლო საქმე
2020 წლის 12 თებერვალს ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა ძმა ანდრეი გუბინის საქმის გამოძიება დაიწყეს. 2020 წლის 17 სექტემბერს კი დაიწყო სასამართლო პროცესები.
მისი საქმე ერთ-ერთია ებრაელთა ავტონომიურ ოლქში მცხოვრები ჩვენი ძმების წინააღმდეგ აღძრული 19 საქმიდან. ეს საქმეები მას შემდეგ აღიძრა, რაც სამართალდამცავებმა აღნიშნულ ოლქში მასიური ჩხრეკები ჩაატარეს და ამ ოპერაციას „სასამართლოს დღე“ უწოდეს. 2018 წლის 17 მაისს 150-მა სამართალდამცავმა იეჰოვას მოწმეთა 22 ბინა გაჩხრიკა. უფლებამოსილმა პირებმა და-ძმებს ჩამოართვეს საბანკო ბარათები, ფული, ფოტოსურათები, კომპიუტერები და მობილური მოწყობილობები.
ანდრეის და ტატიანას დაუბლოკეს საბანკო ანგარიშები. ამის გამო მათ ფინანსურად ძალიან უჭირთ. გარდა ამისა, ტატიანას ჯანმრთელობაზე ცუდად იმოქმედა გამოძიების პროცესმაც, რაც თვეებია გრძელდება. ბიბლიის ყოველდღიური კითხვა წყვილს დიდ ნუგეშს ჰგვრის. მათ განსაკუთრებით ადგებათ ბიბლიაში ჩაწერილი პრაქტიკული რჩევები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ გამოავლინონ მოთმინება ამ უკიდურესად რთულ პერიოდში.
სულიერი და-ძმების მხრიდან გამოვლენილმა სიყვარულმა და უდიდესმა მხარდაჭერამ ანდრეისა და ტატიანას კიდევ უფრო განუმტკიცა იეჰოვასა და მისი ორგანიზაციისადმი ნდობა. მაგალითად, ერთ დღეს ანდრეი ძალიან დამწუხრდა შექმნილი მდგომარეობის გამო. მან ამის შესახებ ერთ ძმას გაანდო, რომელსაც მასავით ბოროტმოქმედებაში ედება ბრალი. ძმამ თანაუგრძნო ანდრეის. შემდეგ კი გაახსენა, რომ იესო პატივად მიიჩნევდა იეჰოვას სახელის გულისთვის დევნას. „ამან ძალიან დამამშვიდა. მტკიცედ მაქვს გადაწყვეტილი, კვლავაც შევასრულო მამის ნება“, — ამბობს ანდრეი.
ვლოცულობთ, რომ ღვთის სიტყვისა და ჩვენი საძმოს მეშვეობით ანდრეიმ და ტატიანამ კვლავაც პოვონ ნუგეში და ძალა. გვჯერა, რომ „ღვთისმოშიშებს ხელი მოემართებათ, რადგან მისი შიში აქვთ“ (ეკლესიასტე 8:12).