2014 წლის 3 მარტი
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ
რუსეთის სააპელაციო სასამართლო იცავს ადამიანის უფლებებს და უარს აცხადებს JW.ORG-ის აკრძალვაზე
2014 წლის 22 იანვარს ქალაქ ტვერის საოლქო სასამართლოს სამი მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, გაუქმდა იეჰოვას მოწმეების ოფიციალური ვებგვერდის jw.org-ის აკრძალვასთან დაკავშირებით ქვემდგომი სასამართლოს გადაწყვეტილება. a რუსეთის სასამართლოების მიერ მიღებული სხვა გადაწყვეტილებებისგან განსხვავებით, ტვერის საოლქო სასამართლომ მხედველობაში მიიღო კანონით გათვალისწინებული მოთხოვნები და პროკურორის დიდი ძალისხმევისა და დაჟინებულობის მიუხედავად, უარი განაცხადა ვებგვერდის აკრძალვაზე.
მთავრობის ხელშეწყობით იეჰოვას მოწმეთა დევნამ რუსეთში უფრო ინტენსიური სახე მას შემდეგ მიიღო, რაც 2013 წლის 7 აგვისტოს ტვერის (მდებარეობს მოსკოვის ჩრდილო-დასავლეთით, დაახლოებით 160 კილომეტრში) ქვემდგომმა სასამართლომ ვებგვერდის jw.org აკრძალვასთან დაკავშირებით მიიღო გადაწყვეტილება. სასამართლო სხდომა, სულ რაღაც, 25 წუთს გაგრძელდა. ამ სასამართლო მოსმენის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ ჰქონდათ იეჰოვას მოწმეებს, რის გამოც მათ ვერ შეძლეს თავი დაეცვათ და პირველი ინსტანციის სასამართლოზე პროკურორის ბრალდება გაესაჩივრებინათ. საინტერესოა, რომ მოწმეებმა ამ გადაწყვეტილების შესახებ საინფორმაციო საშუალებებით შეიტყვეს და ისიც მაშინ, როცა გასაჩივრების ვადის ამოწურვამდე, სულ რაღაც, რამდენიმე საათი იყო დარჩენილი (გასაჩივრების ვადა 2013 წლის 12 სექტემბერს იწურებოდა). მოწმეებმა დაუყოვნებლივ შეიტანეს სარჩელი ტვერის საოლქო სასამართლოში.
2014 წლის 22 იანვარს სააპელაციო მოსმენის დროს საოლქო სასამართლომ აღიარა, რომ დარღვეულ იქნა ვებგვერდის მფლობელის, «ბიბლიისა და ტრაქტატების საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“» უფლებები და ხელახალი მოსმენა დანიშნა. პროკურორმა, რომელსაც მხარს უჭერდა იუსტიციისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლობა, სასამართლოს თხოვნით მიმართა, რომ მთელ რუსეთში აეკრძალა და „ექსტრემისტულად“ გამოეცხადებინა იეჰოვას მოწმეების ვებგვერდი. საოლქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მისი მოთხოვნა.
ექსტრემიზმთან დაკავშირებული კანონის საფუძველზე მოწმეებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ავიწროებენ. 2009 წლიდან მოყოლებული ექსტრემიზმთან ბრძოლის შესახებ საკმაოდ ბუნდოვან ფედერალურ კანონს რუსეთის მთავრობა იმისთვის იყენებდა, რომ ზეწოლა მოეხდინა იეჰოვას მოწმეებზე როგორც ცალკეულ ოლქებში, ისე მთელი ქვეყნის მასშტაბით. ექსტრემიზმთან დაკავშირებული კანონის საფუძველზე ისინი ამართლებდნენ ისეთ უკანონო ქმედებებს, როგორიც იყო:
1 600-ზე მეტი იეჰოვას მოწმის დაპატიმრება.
70 რელიგიური პუბლიკაციის აკრძალვა.
171 სახლისა თუ თაყვანისცემის ადგილის გაჩხრეკა.
69 რელიგიური შეხვედრის ჩაშლა.
ქალაქ ტვერში გამართულ სასამართლოზე პროკურორი jw.org-ის აკრძალვას იმის საფუძველზე ითხოვდა, რომ ამ ვებგვერდზე ექვსი აკრძალული, ე. წ. ექსტრემისტული პუბლიკაცია იყო განთავსებული. ტვერის ცენტრალურმა რაიონულმა სასამართლომ 2013 წლის 7 აგვისტოს მიღებული გადაწყვეტილება სწორედ ექსტრემიზმთან ბრძოლის შესახებ კანონზე დააფუძნა და ვებგვერდი ექსტრემისტული მასალების ფედერალურ სიაში შეიტანა.
ცხადია, ეს გადაწყვეტილება უცილობლად დაკარგავდა ძალას იმ შემთხვევაში, თუ ე. წ. ექსტრემისტული პუბლიკაციები ვებგვერდიდან წაიშლებოდა. როდესაც საოლქო სასამართლომ შეიტყო, რომ ვებგვერდის მფლობელებმა რუსულ ენაზე განთავსებული „ექსტრემისტული“ პუბლიკაციები წაშალეს (ეს იმას ნიშნავს, რომ რუსეთის ტერიტორიაზე ჩვენს ვებგვერდზე აღარ იქნება ხელმისაწვდომი „ექსტრემისტული“ პუბლიკაციები), ცხადი გახდა, რომ ვებგვერდის აკრძალვას მეტად აღარ ჰქონდა კანონიერი საფუძველი. ტვერის საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა, თუმცა პროკურორს ექვსი თვე მიეცა იმისთვის, რომ საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივროს.
რას მოასწავებს ტვერის საოლქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება?
ჯერ კიდევ ბევრია გამოსასწორებელი. ქალაქ ტვერის საოლქო სასამართლოს მიერ ობიექტურად მიღებული გადაწყვეტილება საგრძნობლად განსხვავდება იმისაგან, თუ როგორ მოპყრობას ხვდებოდნენ მოწმეები რუსეთის სხვა სასამართლოებში. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთხელ დაგმო რუსეთის ქმედება, რომელიც ზღუდავდა იეჰოვას მოწმეების რელიგიური თავისუფლების უფლებას. რუსეთი არ ითვალისწინებდა ევროპული სასამართლოს მითითებებს და კვლავაც არღვევდა მოწმეების უფლებებს. მოწმეების თაყვანისცემის თავისუფლება რომ არ შეზღუდულიყო, მათ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში არაერთი სარჩელი შეიტანეს; ამჟამად 23 სარჩელია განსახილველი.
რას მოასწავებს ტვერის საოლქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება? სიტუაციის გაუმჯობესებას ხომ არ უნდა ველოდოთ?! იეჰოვას მოწმეები დიდი ინტერესით ადევნებენ თვალყურს იმას, თუ რუსეთის მხრიდან რა რეაქცია მოჰყვება ამ გადაწყვეტილებასა და მომავალში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებულ სხვა გადაწყვეტილებებს.
a სასამართლო გადაწყვეტილება ვებგვერდის აკრძალვასთან დაკავშირებით არ ითვალისწინებდა ვებგვერდის დაბლოკვას. ეს გადაწყვეტილება უფლებამოსილებას ანიჭებდა სახელმწიფოს, რომ სისხლის სამართლის დანაშაულში დაედო ბრალი ნებისმიერისთვის, ვინც რაიმე ინფორმაციას გაავრცელებდა აღნიშნული ვებგვერდის შესახებ.