2019 წლის 22 აგვისტო
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ
სააპელაციო სასამართლომ ძმა ანდრეი სუვორკოვს შინაპატიმრობა მოუხსნა
2019 წლის 13 აგვისტოს კიროვის სააპელაციო სასამართლომ 26 წლის ანდრეი სუვორკოვი შინაპატიმრობიდან გაათავისუფლა. გათავისუფლების მიუხედავად მის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმის განხილვა კვლავაც გრძელდება.
ჩვენს ვებგვერდზე ახალ ამბებში აღნიშნული იყო, რომ ძმა ანდრეი სუვორკოვი მამინაცვალთან და სხვა სამ ძმასთან ერთად 2018 წლის 9 ოქტომბერს დააკავეს, როცა ადგილობრივმა პოლიციელებმა და სპეცრაზმელებმა კიროვში 19 იეჰოვას მოწმის სახლში რეიდი მოაწყვეს.
ძმა ანდრეი იხსენებს, რა მოხდა იმ დღეს: «ბევრი ძვირფასი ნივთი ჩამოგვართვეს. მაგრამ მე და ჩემი მეუღლე ამაზე არ ვწუხდით, რადგან ყოველთვის ვცდილობდით, უბრალოდ გვეცხოვრა და ნივთებზე არ ვყოფილიყავით დამოკიდებული. სიმშვიდის შენარჩუნებაში მათეს 6:21-ში ჩაწერილი სიტყვები დაგვეხმარა: „სადაც შენი განძია, იქ იქნება შენი გულიც“».
რეიდის შემდეგ ძმა ანდრეი სუვორკოვის, მისი მამინაცვლისა და სხვა სამი ძმის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა იმის გამო, რომ სამეფოს სიმღერებს მღეროდნენ, რელიგიური შინაარსის პუბლიკაციებს კითხულობდნენ და ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ ჰქონდათ რუსულ ენაზე. ყველანი დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფებოდნენ, სანამ სასამართლო არ გადაწყვეტდა, გაათავისუფლებდა მათ თუ წინასწარ პატიმრობას შეუფარდებდა.
ძმა ანდრეი იხსენებს: „ორი ღამე დროებითი მოთავსების იზოლატორში გავატარე. თავიდან სულ ვლოცულობდი. დარწმუნებული ვიყავი, რომ იეჰოვა შეისმენდა ჩემს ლოცვას და დამეხმარებოდა. სამეფოს სიმღერებს ვიხსენებდი და ხმამაღლა ვმღეროდი. მთლიანობაში 50-ზე მეტი სიმღერის მელოდია და ტექსტი გავიხსენე“.
სასამართლომ ძმა ანდრეის და სხვა ძმებს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. პატიმრობის პირველ კვირას ძმა ანდრეიმ მთელი ყურადღება სხვების დახმარებაზე გადაიტანა. ის ამბობს: „გადავწყვიტე, რომ ლოცვებში ძმები სახელებით მომეხსენიებინა და გამამხნევებელი წერილები მიმეწერა მათთვის, ვისი მისამართებიც მახსოვდა. ეს დიდ სიხარულს მგვრიდა“ (საქმეები 20:35).
რამდენიმე თვეში ანჯეი ონიშჩუკის გარდა ყველა ძმას სასჯელი შეუცვალეს და შინაპატიმრობა შეუფარდეს. ძმა ანდრეი სუვორკოვი პირველი კიროველი ძმაა, რომელსაც შინაპატიმრობა მოუხსნეს.
ანდრეი აღნიშნავს: „საერთოდ არ ვდარდობ იმაზე, რომ ციხეში ვიჯექი ... არ ვიცი, რა მოხდება მომავალში, კიდევ მომიწევს თუ არა ციხეში ჩაჯდომა. მაგრამ მჯერა, რომ, სადაც არ უნდა ვიყო, იეჰოვა და მისი ორგანიზაცია მხარს დამიჭერს. ციხეში მოხვედრის ნამდვილად არ მეშინია“.