არჩეულ მასალაზე გადასვლა

ზემოთ, მარჯვნიდან მარცხნივ: ალექსეი ბუდენჩუკი, დენის კრისტენსენი, გენადი გერმანი და რომან გრიდასოვი. ქვემოთ: ვადიმ კუცენკო, ფელიქს მახამადიევი და ალექსეი მირეცკი

2020 წლის 6 ნოემბერი
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ

საერთაშორისო საზოგადოება გმობს რუსეთის ხელისუფლების მიერ იეჰოვას მოწმეების დევნას

საერთაშორისო საზოგადოება გმობს რუსეთის ხელისუფლების მიერ იეჰოვას მოწმეების დევნას

„ეს მართლაც აღმაშფოთებელი სამართალდარღვევაა“, — აღნიშნავს აშშ-ის რელიგიის თავისუფლების საერთაშორისო კომისიის თავმჯდომარე გეილ მანჩინი.

ევროპელი და ამერიკელი დიპლომატები შეშფოთებას გამოთქვამენ რუსეთის მხრიდან იეჰოვას მოწმეების გამუდმებული დევნის გამო.

აშშ-ის რელიგიის თავისუფლების საერთაშორისო კომისია

„აშშ-ის რელიგიის თავისუფლების საერთაშორისო კომისიას აღაშფოთებს რუსეთის მიერ დენის კრისტენსენისადმი სასტიკი მოპყრობა“, — ნათქვამია ამავე კომისიის თავმჯდომარის, გეილ მანჩინის მიერ გამოქვეყნებულ 2020 წლის 27 ოქტომბრით დათარიღებულ განცხადებაში. „რუსეთის ხელისუფლება დაუფარავ სიძულვილს ავლენს მშვიდობიანი მორწმუნის მიმართ, რომლის მთელი ბრალეულობა იმაში მდგომარეობს, რომ თავის ღმერთს ემსახურება. შეწყალების ნაცვლად სახელმწიფო მას ისე ექცევა, როგორც საშიშ ბოროტმოქმედს. ეს მართლაც აღმაშფოთებელი სამართალდარღვევაა“, — ვკითხულობთ ამავე განცხადებაში.

აშშ-ის რელიგიის თავისუფლების საერთაშორისო კომისიის თავმჯდომარე გეილ მანჩინი იცავს დენის კრისტენსენის, როგორც სინდისის პატიმრის, ინტერესებს. ეს ორგანიზაცია მკაცრად გმობს დენის კრისტენსენისთვის არაერთხელ გამოტანილ განაჩენს, რომელიც 6-წლიან პატიმრობას ითვალისწინებს.

იგივე კომისია თავის განცხადებაში აკრიტიკებს რუსეთის ხელისუფლებას, რომელმაც შეაფერხა დენის კრისტენსენის ვადამდელი გათავისუფლების პროცესი; გენერალურმა პროკურორმა არალეგიტიმურად ცნო 2020 წლის 23 ივნისს სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება დენის კრისტენსენის გათავისუფლების შესახებ. მეტიც, დენის კრისტენსენი ციხის შინაგანაწესის დარღვევაში დაადანაშაულეს და გადაიყვანეს სადამსჯელო საკანში, სადაც უჰაერობისა და მძიმე პირობების ატანა უწევდა.

აშშ-ის რელიგიის თავისუფლების საერთაშორისო კომისიის განცხადება მთავრდებოდა 2020 წელს მათივე გამოქვეყნებული ანგარიშის ციტირებით, რომელიც გმობდა რუსეთის მხრიდან რელიგიის თავისუფლების კანონის დარღვევის ფაქტებს და ურჩევდა აშშ-ის ხელისუფლებას, მიეღო ზომები რუსეთის, როგორც განსაკუთრებული საფრთხის შემცველი ქვეყნის წინააღმდეგ.

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭო

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მიერ მინიჭებული მანდატების მქონე რვა მაღალი რანგის დიპლომატმა გაეროში არსებულ რუსეთის ფედერაციის მუდმივმოქმედ საბჭოს მისწერა წერილი, რომელშიც შეშფოთება იყო გამოთქმული რუსეთის მხრიდან იეჰოვას მოწმეთა დაუსრულებელი დევნის, მათი ადმინისტრაციული ცენტრის დახურვისა და 395 იურიდიული პირის ლიკვიდაციის გამო. დიპლომატების კრიტიკის საგანი გახდა ის ფაქტიც, რომ რუსეთის ხელისუფლება აინუნშიც არ აგდებს საერთაშორისო საზოგადოების მოწოდებას, შეწყვიტოს იეჰოვას მოწმეთა დევნა.

გაეროს წარმომადგენლების თქმით, რუსეთი ექსტრემიზმის წინააღმდეგ მიღებული გაუგებარი კანონებით განგებ უზღუდავს იეჰოვას მოწმეებს რელიგიურ საქმიანობას — შიშს უნერგავს მოწმეებს, ხელყოფს მათ პირად სივრცეს, პოლიციის მეშვეობით ეჭრება სახლებში, აწარმოებს ჩხრეკას, აკავებს და დაკითხვას უწყობს მოწმეებს, რაც ზოგჯერ ბრალის წაყენებით და პატიმრობით სრულდება.

დიპლომატები ირწმუნებიან, რომ იეჰოვას მოწმეების რელიგიის თავისუფლების უფლება გამყარებულია საერთაშორისო პაქტის მე-18 მუხლით (ნაწილი 1). a ამგვარად, ისინი მოუწოდებენ რუსეთს, გადახედონ 2002 წელს მიღებულ კანონს ექსტრემიზმთან ბროლის შესახებ და დარწმუნდნენ, რომ ის საფრთხეს არ უქმნის თითოეული ადამიანის აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლებას.

ეს წერილი ააშკარავებს ჩვენი და-ძმების მიმართ სასტიკი მოპყრობის ფაქტებსაც. მაგალითად, მასში მოხსენიებულია 5 სარატოველი იეჰოვას მოწმე, რომლებიც 2020 წლის 6 თებერვალს დააკავეს და სასტიკად სცემეს. წერილში ნათქვამია: „დაპატიმრებულ იეჰოვას მოწმეებს წინასწარი დაკავების იზოლატორებში მძიმე მდგომარეობაში ამყოფებენ, სადაც რელიგიური მოსაზრების გამო ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი ხდებიან; ეს შეიძლება წამებად შეფასდეს“.

დიპლომატების მიერ შედგენილ წერილში ძმა ვადიმ კუცენკოს შემთხვევაცაა მოხსენიებული, რომელიც რუსმა პოლიციელებმა 2020 წლის 10 თებერვალს აწამეს. მართალია, რუსეთის ხელისუფლება უარყოფს ამ ფაქტს, მაგრამ გაეროს წარმომადგენლებს კვლავ აფიქრებთ ის გარემოება, რომ რუსეთმა მოახდინა იეჰოვას მოწმეების რელიგიური საქმიანობის კრიმინალიზაცია, რამაც მთელი ქვეყნის მასშტაბით მათ წინააღმდეგ რეპრესიების ტალღა ააგორა.

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი

მას შემდეგ, რაც 2017 წელს რუსეთმა აკრძალა იეჰოვას მოწმეთა საქმიანობა და დაიწყო მათი დევნა, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი b თვალყურს ადევნებს, რამდენად იღებს მხედველობაში რუსეთი იმ ფაქტს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ორჯერ ცნო რუსეთის ხელისუფლება დამნაშავედ იეჰოვას მოწმეთა უფლებების ხელყოფაში. c ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი 2020 წლის 1 ოქტომბერს გამოქვეყნებულ დადგენილებაში დაუფარავად გამოხატავს აღშფოთებას 2017 წელს იეჰოვას მოწმეების საქმიანობის აკრძალვისა და მშვიდობიანი მოქალაქეების რელიგიური ნიშნით დევნის გამო. სხვადასხვა წყაროდან ისინი იღებენ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ქვეყანაში გრძელდება მოწმეთა დაკავება, დაკითხვა და დაპატიმრება.

მსგავსი ძალადობრივი ფაქტების აღსაკვეთად ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი რუსეთის ხელისუფლებას ურჩევს, გადახედოს ექსტრემიზმის წინააღმდეგ მიღებულ კანონს, რომელმაც განაპირობა მოწმეების საქმიანობის აკრძალვა და მათი სისხლის სამართლებრივი დევნისთვის კანონიერი საფუძველი შექმნა. გარდა ამისა, რუსეთმა უნდა გააუქმოს აკრძალვა და შეწყვიტოს იეჰოვას მოწმეების წინააღმდეგ რელიგიურ ნიადაგზე აღძრული საქმეები. ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი ამ საკითხს 2021 წელს კვლავ დაუბრუნდება და გადახედავს, რამდენად გაითვალისწინა რუსეთმა მიღებული რეკომენდაციები.

2017 წლიდან მოყოლებული რუსეთში 400-ზე მეტ და-ძმას წაუყენეს ბრალი ექსტრემიზმის მუხლით; მთელი ქვეყნის მასშტაბით 210-ზე მეტი იეჰოვას მოწმეა დაპატიმრებული 70-ზე მეტ ქალაქში.

ჩვენ, რომლებიც „ჩვენი ღვთის, იეჰოვას, სახელზე ვართ დაიმედებული“, მხარში ვუდგავართ რუს და-ძმებს, რომ ბოლომდე მოითმინონ განსაცდელები (ფსალმუნი 20:2, 7).

b ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი თვალს ადევნებს, თუ რამდენად ითვალისწინებს რუსეთი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებულ დადგენილებებს.