არჩეულ მასალაზე გადასვლა

მარცხნიდან მარჯვნივ: ადამიანის უფლებათა დამცველები — ვალერი ბორშევი, ალექსანდრე გურიანოვი და სერგეი დეივიდისი — იეჰოვას მოწმეთა ციმბირში გადასახლებიდან 70-ე წლისთავისთვის მიძღვნილ აკადემიურ კონფერენციაზე, რომელიც 2021 წლის 6 აპრილს ჩატარდა

2021 წლის 12 აპრილი
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ

საერთაშორისო საზოგადოება „მემორიალი“ მასპინძლობს აკადემიურ კონფერენციას, რომელიც იეჰოვას მოწმეთა ციმბირში გადასახლებიდან 70-ე წლისთავს მიეძღვნა

საერთაშორისო საზოგადოება „მემორიალი“ მასპინძლობს აკადემიურ კონფერენციას, რომელიც იეჰოვას მოწმეთა ციმბირში გადასახლებიდან 70-ე წლისთავს მიეძღვნა

6 აპრილს, იეჰოვას მოწმეების ციმბირში გადასახლებიდან 70-ე წლისთავის აღსანიშნავად მოსკოვში გამართული პრესკონფერენციიდან ხუთი დღის შემდეგ, საერთაშორისო საზოგადოება „მემორიალმა“ აკადემიურ კონფერენციაზე მოიწვია რუსი მკვლევრები და ადამიანის უფლებათა დამცველები. მომხსენებლებმა განიხილეს არა მხოლოდ 1951 წლის გადასახლება, რომელსაც საბჭოთა ხელისუფლებამ „ოპერაცია ჩრდილოეთი“ უწოდა, არამედ ისაუბრეს იეჰოვას მოწმეთა დევნის ხანგრძლივ ისტორიაზე რუსეთში.

„ოპერაცია ჩრდილოეთი“ განხორციელდა სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს მიერ. 1951 წლის დასაწყისში სამინისტრომ ანგარიში გაუგზავნა იოსებ სტალინს, საბჭოთა ხელისუფლების ლიდერს. მასში ეწერა: „იმისათვის რომ თავიდან ავირიდოთ იეჰოვისტების საიდუმლო, ანტისაბჭოური საქმიანობის შემდგომი საზიანო შედეგები, სსრკ-ს სახელმწიფო უშიშროების სამინისტრო საჭიროდ მიიჩნევს, რომ მოხდეს იეჰოვისტების სექტის ლიდერების დაპატიმრება, აგრეთვე დადასტურებული იეჰოვსიტებისა და მათი ოჯახის წევრების უკრაინიდან, ბელორუსიიდან, მოლდავეთიდან, ლატვიიდან, ლიტვიდან და ესტონეთიდან გადასახლება ირკუტსკისა და ტომსკის ოლქებში“. მთლიანობაში, დაახლოებით 10 000 ადამიანი — 3 000 ოჯახზე მეტი — იქნა გადასახლებული. ეს ყველაზე მასიური რელიგიური გადასახლება იყო საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის ისტორიაში.

თავის შესავალ სიტყვაში ალექსანდრე გურიანოვმა, კონფერენციის მასპინძელმა, აღნიშნა: «ამ კონფესიის წევრთა დევნა ... დღესაც მიმდინარეობს. სწორედ ამ მიზეზის გამოა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი „ჩრდილოეთის ოპერაციის“ ისტორიის მიმოხილვა დღევანდელ შეხვედრაზე».

პავლე პოლიანმა, ისტორიკოსმა, გეოგრაფმა და საბჭოთა კავშირში იძულებითი მიგრაციის სპეციალისტმა, ისაუბრა იეჰოვას მოწმეთა საბჭოთა ისტორიის შესახებ და იმსჯელა მათი გადასახლების ერთ-ერთ მიზეზზე. 1940-იანი წლების ბოლოსა და 1950-იანი წლების დასაწყისში სახელმწიფო უშიშროების სამინისტრომ დაიწყო დაკვირვება იეჰოვას მოწმეებზე და შენიშნა, რომ ისინი კარგი ორგანიზებულობით გამოირჩეოდნენ. გარდა ამისა, ბატონმა პოლიანმა აღნიშნა: „[იეჰოვას მოწმეები] შესანიშნავი მისიონერები არიან, რაც სულაც არ იყო მოსაწონი ათეისტი ხელისუფლებისთვის“.

ვალერი ბორშევმა, ადამიანის უფლებათა დამცველმა და მოსკოვ-ჰელსინკის ჯგუფის ერთ-ერთმა თავმჯდომარემ, ისაუბრა, როგორ ცდილობდნენ საბჭოთა ხელისუფლების წარმომადგენლები თავიანთი პროპაგანდითა და სხვა სპეკულაციებით იეჰოვას მოწმეთა „განსწავლას“. დროთა განმავლობაში „ხელისუფლების წარმომადგენლებმა გააცნობიერეს, რომ ყოველი მათი მცდელობა ამაო იყო“, — აღნიშნა ბატონმა ბორშევმა, — „იეჰოვას მოწმეები ჩვენგან დიდ პატივისცემას იმსახურებენ. მათ მტკიცედ ჰქონდათ გადაწყვეტილი თავიანთი ღვთისადმი ერთგულების შენარჩუნება“.

სერგეი დეივიდისმა, ადამიანის უფლებათა მემორიალური ცენტრის წევრმა და პოლიტიკური პატიმრების მხარდაჭერის პროგრამის ხელმძღვანელმა, ისაუბრა იეჰოვას მოწმეთა დევნაზე, რომელიც სულ უფრო ძლიერდება 1998 წლიდან. მან აღნიშნა, რომ რუსეთის უზენაესი სასამართლოს 2017 წლის გადაწყვეტილება იეჰოვას მოწმეთა იურიდიული პირების ლიკვიდაციის შესახებ უმთავრესად ეფუძნებოდა არგუმენტს, რომლის მიხედვითაც იეჰოვას მოწმეები აცხადებდნენ, რომ მათი რელიგია აღემატებოდა სხვა რელიგიებს. „რთული მისახვედრი არაა, რომ ეს სრულიად აბსურდული ბრალდებაა, — ხაზგასმით აღნიშნა ბატონმა დეივიდისმა, — გასაკვირი არაფერია იმაში, რომ ნებისმიერი აღმსარებლობის ნებისმიერი წარმომადგენელი დარწმუნებული იყოს საკუთარი რელიგიური შეხედულებების სისწორესა და აღმატებულობაში“.

იეჰოვას მოწმეების ევროპული ასოციაციის წარმომადგენელმა, ძმა იაროსლავ სივულსკიმ, ისაუბრა იმ უამრავ სირთულეზე, რომელსაც ციმბირში გადასახლებული მოწმეები ხვდებოდნენ. ამის შესახებ მან მშობლებისგან იცოდა, რომლებიც თავად იყვნენ ციმბირში გადასახლებულთა შორის. ზოგი ოჯახი ციმბირის გაყინულ ტყეებში დატოვეს. იქ მათ თავად უნდა ეზრუნათ საკუთარი თავის გადარჩენაზე. ძმები მიწაში დიდ ორმოებს თხრიდნენ და იქ აკეთებდნენ თავშესაფარს. ისინი ოჯახის წევრებთან ერთად თვეების განმავლობაში ცხოვრობდნენ იქ, სანამ რაიმე უფრო საიმედო თავშესაფარს ააშენებდნენ. ბევრი მათგანი დაიღუპა შიმშილისა და ავადმყოფობისგან.

ერთი ძმა და შვიდი და თავშესაფარის ასაშენებლად ემზადებიან ციმბირის ტყეში.

ძმა სივულსკიმ აღნიშნა, რომ 1951 წლის გადასახლებას იგივე მიზეზი ედო საფუძვლად, რაც იეჰოვას მოწმეების თანამედროვე დევნას რუსეთში. უფლებამოსილი პირები არასწორ ინტერპრეტაციას უკეთებენ იეჰოვას მოწმეთა ნეიტრალურ პოზიციას და ასკვნიან, რომ ისინი არ ემორჩილებიან სახელმწიფოს. მათ მხედველობიდან რჩებათ ის ფაქტი, რომ მოწმეებს საზოგადოებაში კანონმორჩილ და შრომისმოყვარე ადამიანებად იცნობენ, რომლებიც პატივისცემას ავლენენ უფლებამოსილი პირების მიმართ.

დასკვნითი სიტყვით აუდიტორიის წინაშე წარსდგა კონფერენციის მასპინძელი ალექსანდრე გურიანოვი, რომელმაც მოკლედ შეაჯამა იეჰოვას მოწმეთა ამჟამინდელი დევნა რუსეთში. მან აღნიშნა: „ფაქტია, რომ ხელისუფლებას განსაკუთრებულად სძულს ამ აღმსარებლობის ხალხი“. დამსწრეებს კიდევ ერთხელ შეახსენეს, რომ გადასახლებიდან 70 წლის შემდეგ, ისტორია მეორდება. კანონმორჩილ მოქალაქეებს კვლავ კრიმინალებად რაცხავენ მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი თავიანთი რელიგიური შეხედულებების თანახმად ცხოვრობენ, რისი უფლებაც რუსეთის თითოეულ მოქალაქეს აქვს მინიჭებული კონსტიტუციით.

ღონისძიების ვიდეოჩანაწერი ხელმისაწვდომია მხოლოდ რუსულ ენაზე ონლაინ სივრცეში.