არჩეულ მასალაზე გადასვლა

2017 წლის 2 აგვისტო
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ

საერთაშორისო საზოგადოება შეშფოთებულია იეჰოვას მოწმეების წინააღმდეგ რუსეთის უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამო

საერთაშორისო საზოგადოება შეშფოთებულია იეჰოვას მოწმეების წინააღმდეგ რუსეთის უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამო

საერთაშორისო სამთავრობო ორგანიზაციები და უფლებამოსილი პირები გამოეხმაურნენ რუსეთის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც, რუსეთში იეჰოვას მოწმეთა რელიგიური მსახურება სისხლის სამართლებრივ დანაშაულად ითვლება. თავიანთ განცხადებებში ისინი აკრიტიკებენ უსამართლო და მკაცრ სამართლებრივ ზომებს, რომლებიც რუსეთმა მშვიდობიანი რელიგიური საქმიანობით ცნობილი რელიგიური უმცირესობის წინააღმდეგ მიიღო.

2017 წლის 17 ივლისს რუსეთის უზენაესი სასამართლოს სააპელაციო პალატის სამკაციანმა კოლეგიამ მხარი დაუჭირა 20 აპრილს მიღებულ გადაწყვეტილებას, „რუსეთში იეჰოვას მოწმეების ადმინისტრაციული ცენტრისა და მასთან კავშირში მყოფი იურიდიული პირების ლიკვიდაციის თაობაზე. გარდა ამისა, სასამართლოს გადაწყვეტილებით ლიკვიდირებული ორგანიზაციის ქონება სახელმწიფო საკუთრებაში უნდა გადავიდეს“. ამ გადაწყვეტილებით სასამართლომ, ფაქტობრივად, მთელ რუსეთში იეჰოვას მოწმეების რელიგიური საქმიანობა აკრძალა.

სააპელაციო პალატის მიერ 2017 წლის 17 ივლისით დათარიღებული გადაწყვეტილების შემდეგ გაკეთებული განცხადებები

ქვემოთ მოყვანილია ამონარიდები იმ განცხადებებიდან, რომლებიც გაკეთდა 2017 წლის 17 ივლისს რუსეთის უზენაესი სასამართლოს სააპელაციო პალატის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, რითაც სასამართლომ 20 აპრილს გამოტანილი განაჩენი ძალაში დატოვა.

„ძალიან შეგვაშფოთა რუსეთის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებამ, არ დაკმაყოფილებულიყო იეჰოვას მოწმეების სარჩელი, რომელიც ეხებოდა მათი ექსტრემისტებად გამოცხადების გაუქმებას. ეს გადაწყვეტილება რუსეთის 175 000 მოქალაქის მშვიდობიან რელიგიურ საქმიანობას სისხლის სამართლებრივ დანაშაულად ცნობს და არღვევს რუსეთის კონსტიტუციით დაცულ რელიგიის თავისუფლების უფლებას“ (უიმბლდონის ლორდი აჰმადი, ადამიანის უფლებათა მინისტრი, საგარეო და თანამეგობრობის ოფისი, დიდი ბრიტანეთი; https://www.gov.uk/government/news/minister-for-human-rights-statement-on-russian-supreme-court-ruling).

„ამ კვირაში რუსეთის უზენაესი სასამართლოს მიერ იეჰოვას მოწმეების წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილება რუსეთში რელიგიურ უმცირესობათა დევნის კიდევ ერთი შემაშფოთებელი ფაქტია. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთის ხელისუფლებას, გააუქმოს იეჰოვას მოწმეების საქმიანობის აკრძალვის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება. აგრეთვე გააუქმოს იეჰოვას მოწმეების ადმინისტრაციული ცენტრის ლიკვიდაციის შესახებ გადაწყვეტილება და გაათავისუფლოს ე. წ. ექსტრემისტული საქმიანობისთვის უსამართლოდ დაპატიმრებული რელიგიურ უმცირესობათა წევრები“ (ჰეთერ ნაუერტი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი; https://www.state.gov/r/pa/prs/ps/2017/07/272679.htm).

„იეჰოვას მოწმეებს, ისევე როგორც სხვა რელიგიურ ჯგუფებს, უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, ისარგებლონ მშვიდობიანი შეკრების უფლებით, რაც დაცულია რუსეთის ფედერაციის კონსტიტუციით, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებითა და რუსეთის მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებებით“ (ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის წარმომადგენელი; https://eeas.europa.eu/headquarters/headquarters-homepage/30022/statement-spokesperson-upheld-ban-activities-jehovahs-witnesses-russia_en).

„სამწუხაროდ, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებიდან ჩანს, რომ [რუსეთის] ხელისუფლება კვლავ ექსტრემისტებთან აიგივებს მათ, ვინც რელიგიის თავისუფლების უფლებით სარგებლობს და მშვიდობიან რელიგიურ საქმიანობას ეწევა. იეჰოვას მოწმეები ექსტრემისტები არ არიან. მათ უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, საჯაროდ, თავისუფლად და ხელისუფლების მხრიდან შეზღუდვის გარეშე შეასრულონ რელიგიური მსახურება“ (დენიელ მარკი, აშშ-ის რელიგიის თავისუფლების საერთაშორისო კომისიის თავმჯდომარე; http://www.uscirf.gov/news-room/press-releases/russia-jehovah-s-witnesses-banned-after-supreme-court-rejects-appeals).

„შეშფოთებული ვარ იმ ფაქტით, რომ სასამართლომ მხარი დაუჭირა რუსეთში იეჰოვას მოწმეთა საქმიანობის აკრძალვის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას. შედეგად, რელიგიისა და აზრის თავისუფლების უფლებით მშვიდობიანად სარგებლობა სისხლის სამართლებრივ დანაშაულად ითვლება, მიუხედავად იმისა, რომ ამის თაობაზე არაერთხელ მივმართეთ ხელისუფლების სხვადასხვა წარმომადგენელს“ (გერნოტ ერლერი, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს გერმანია-რუსეთის, ცენტრალური აზიისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების საზოგადოებათშორისი თანამშრომლობის კოორდინატორი; http://www.auswaertiges-amt.de/sid_5DAC942B7DE50BCC4AFCDFC864C2E383/EN/Infoservice/Presse/Meldungen/2017/170719-Ko_RUS-Zeugen_Jehovas.html).

„ახლახან რუსეთის მიერ მიღებული უსამართლო გადაწყვეტილებით, რომლის თანახმადაც, რუსეთში აიკრძალა იეჰოვას მოწმეების, როგორც აღიარებული რელიგიური გაერთიანების საქმიანობა, უხეშად დაირღვა ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე-18 მუხლით დაცული რელიგიისა და მრწამსის თავისუფლება ... ყველა რელიგიური გაერთიანების კეთილმოსურნე მიმდევარმა და მათ, ვინც აფასებს სინდისის თავისუფლების უფლებას, სოლიდარობა უნდა გამოუცხადონ რუსეთში იეჰოვას მოწმეებს“ (კატრინა ლანტოს სუეტი, ლანტოსის ფონდის პრეზიდენტი; https://www.lantosfoundation.org/news/2017/7/17/lantos-foundation-condemns-russias-outrageous-decision-to-ban-jehovahs-witnesses).

უზენაესი სასამართლოს მიერ 2017 წლის 20 აპრილით დათარიღებული გადაწყვეტილების შემდეგ გაკეთებული განცხადებები

სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებამდე არაერთმა სამთავრობო ორგანიზაციამ და უფლებამოსილმა პირმა დაგმო რუსეთის უზენაესი სასამართლოს მიერ 20 აპრილს მიღებული გადაწყვეტილება.

„პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ვთხოვე, რომ უმცირესობათა, მათ შორის იეჰოვას მოწმეთა, უფლებების დასაცავად საკუთარი გავლენა გამოიყენოს“ (ანგელა მერკელი, გერმანიის კანცლერი, პრეზიდენტ პუტინთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე; http://uk.reuters.com/article/uk-russia-germany-putin-syria-idUKKBN17Y1JZ).

„უზენაესი სასამართლოს ბოლოდროინდელი გადაწყვეტილება რუსეთის ფედერაციაში იეჰოვას მოწმეების ადმინისტრაციული ცენტრის ექსტრემისტულ ორგანიზაციად გამოცხადების და ამ ცენტრისა და იეჰოვას მოწმეების 395 ადგილობრივი რელიგიური ორგანიზაციის ლიკვიდაციის თაობაზე საფრთხეს უქმნის რუსეთში რელიგიის თავისუფლებას. ეს გადაწყვეტილება იმის კიდევ ერთ მაგალითს წარმოადგენს, რომ ექსტრემიზმის წინააღმდეგ კანონი ბოროტად იქნა გამოყენებული აზრის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების შეზღუდვის მიზნით“ (თეოდორა ბაკოიანისი და ლილიან მორი პასკიე, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლები რუსეთთან დაკავშირებულ საკითხებში; http://assembly.coe.int/nw/xml/News/News-View-EN.asp?newsid=6599).

„რელიგიის თავისუფლების უფლების შელახვით რუსეთმა კიდევ ერთხელ დაარღვია ეუთოს [ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის] წინაშე აღებული ვალდებულებები, რაც ყოვლად გაუმართლებელია. იმ ადამიანებს, რომლებიც რელიგიურ მსახურებას მშვიდობიანად ასრულებენ, არასდროს უნდა დაემუქროთ შევიწროების, დაჯარიმებისა თუ დაპატიმრების საფრთხე. მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს იეჰოვას მოწმეთა ორგანიზაციის ქონების ჩამორთმევის შესახებ გაცემული სასამართლოს ბრძანება. ვიმედოვნებ, რომ ეს საქმე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გასაჩივრდება“ (სენატორი როჯერ უიკერი, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კომისიის თავმჯდომარე; http://csce.emailnewsletter.us/mail/util.cfm?gpiv=2100141660.2454.614).

„რუსეთის ფედერაციის უზენაესი სასამართლოს გუშინდელ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც, ექსტრემიზმის ბრალდებით აიკრძალა რუსეთში იეჰოვას მოწმეთა ადმინისტრაციული ცენტრის საქმიანობა, შესაძლოა იეჰოვას მოწმეების სისხლის სამართლებრივი დევნა მოჰყვეს რელიგიურ მსახურებაში მონაწილეობისთვის. იეჰოვას მოწმეებს, ისევე როგორც სხვა რელიგიურ ჯგუფებს, უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, ისარგებლონ მშვიდობიანი შეკრების უფლებით, რაც დაცულია რუსეთის ფედერაციის კონსტიტუციით, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებითა და რუსეთის მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებებით“ (ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის წარმომადგენელი; https://eeas.europa.eu/headquarters/headquarters-homepage/24870/statement-ban-activities-jeho).

„შეშფოთებული ვარ, რომ რუსეთში იეჰოვას მოწმეთა მშვიდობიანი საქმიანობა უკანონოდ გამოცხადდა დანაშაულებრივ ქმედებად, რაც ამ გაერთიანებას არსებობის საშუალებას არ აძლევს. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საფრთხეს უქმნის იმ ფასეულობებსა და პრინციპებს, რომლებიც დემოკრატიული, თავისუფალი, ღია, პლურალისტური და ტოლერანტული საზოგადოების საყრდენს წარმოადგენს“ (მაიკლ ჯორჯ ლინკი, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის დირექტორი; http://www.osce.org/odihr/313561).

„ეს აკრძალვა, რომელიც რელიგიურ მსახურებაში მონაწილეობისთვის მშვიდობიანი მოქალაქეების დევნას ითვალისწინებს, აშკარად არღვევს რუსეთის ფედერაციის კონსტიტუციით გარანტირებულ რელიგიის თავისუფლების ძირითად უფლებასა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებს. ამიტომ ამ გადაწყვეტილების გადახედვა რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს“ (პროფესორი გაბრიელ ინგებორგი, ეუთოს თავმჯდომარის პერსონალური წარმომადგენელი რასიზმის, ქსენოფობიისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებში; http://www.osce.org/odihr/313561).

„თავზარდაცემული ვარ რუსეთის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომლის თანახმადაც, იეჰოვას მოწმეები ექსტრემისტებად ცნეს. ეს გადაწყვეტილება რუსეთის 175 000 მოქალაქის მშვიდობიან რელიგიურ საქმიანობას სისხლის სამართლებრივ დანაშაულად ცნობს და არღვევს რუსეთის კონსტიტუციით დაცულ რელიგიის თავისუფლების უფლებას. გაერთიანებული სამეფო მოუწოდებს რუსეთის მთავრობას, რომ შეასრულოს ამ ძირითადი თავისუფლების დაცვასთან დაკავშირებით აღებული საერთაშორისო ვალდებულება“ (ბარონესა ჯოის ანელეი, ყოფილი სახელმწიფო მინისტრი თანამეგობრობისა და ​გაეროს საკითხებში, საგარეო და თანამეგობრობის ოფისი; https://www.gov.uk/government/news/minister-for-human-rights-criticises-russian-supreme-court-ruling-for-labelling-jehovahs-witnesses-as-extremist).

საერთაშორისო საზოგადოება გმობს რუსეთის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას

2017 წლის 20 ივლისს ეუთოს მუდმივმა საბჭომ მხარი დაუჭირა ევროკავშირის მიერ გაკეთებულ განცხადებას. ამ განცხადების თანახმად, რუსეთმა ნება უნდა დართოს იეჰოვას მოწმეებს, „ისარგებლონ მშვიდობიანი შეკრების უფლებით, რაც დაცულია რუსეთის ფედერაციის კონსტიტუციით, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებითა და რუსეთის მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებებით“. ვენაში ევროკავშირის 28 წევრმა ქვეყანამ ერთხმად დაუჭირა მხარი ამ განცხადებას. მსგავსად მოიქცნენ სხვა არაწევრი ქვეყნებიც, მათ შორის ავსტრალია, კანადა და ნორვეგია (https://eeas.europa.eu/sites/eeas/files/pc_1155_eu_jehovahs_witnesses_in_russia.pdf).

მთელ მსოფლიოში იეჰოვას მოწმეები ძალიან დაამწუხრა რუსეთის უზენაესი სასამართლოს უსაფუძვლო გადაწყვეტილებამ, რომლის თანახმადაც, მათი რელიგიური საქმიანობა, ფაქტობრივად, მთელ ქვეყანაში აიკრძალა. თავიანთ განცხადებებში საერთაშორისო სამთავრობო ორგანიზაციები თუ უფლებამოსილი პირები ამხელენ რუსეთს იეჰოვას მოწმეების ექსტრემისტებად გამოცხადებასა და საკუთარი კონსტიტუციისა თუ საერთაშორისო ვალდებულებების უგულებელყოფაში, რომლებიც რელიგიის თავისუფლების გარანტიას იძლევა. ეს საქმე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ჯერ არ განხილულა. ვიმედოვნებთ, რომ ევროპული სასამართლო გააუქმებს ამ გადაწყვეტილებას.