არჩეულ მასალაზე გადასვლა

ლუდმილა პონომარენკო

2021 წლის 15 აპრილი
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ

სამოცდაათი წლის და ლუდმილა პონომარენკო მოთმინებას ინარჩუნებს სასამართლო პროცესებზე

სამოცდაათი წლის და ლუდმილა პონომარენკო მოთმინებას ინარჩუნებს სასამართლო პროცესებზე

სავარაუდო სასჯელი

დონის როსტოვში მდებარე ლენინსკის რაიონული სასამართლო მალე განაჩენს გამოაცხადებს და ლუდმილა პონომარენკოს საქმეზე. a

ზოგადი ინფორმაცია

ლუდმილა პონომარენკო

  • დაიბადა: 1950 წელს ოლაში (მაგადანის ოლქი).

  • ბიოგრაფია: პენსიაში გასვლამდე ქარხანაში ელექტრიკოსად მუშაობდა. ჰყავს ორი ქალიშვილი და ორი შვილიშვილი. უყვარს კითხვა და ყაისნაღით ქსოვა. ზრუნავს მეუღლეზე, რომელსაც ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აწუხებს.

  • მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა შემოქმედის სახელის გაგებამ და იმან, თუ რა განზრახვა აქვს ღმერთს დედამიწასთან და კაცობრიობასთან დაკავშირებით. მოინათლა 1998 წელს.

სასამართლო საქმე

2019 წლის 6 ივნისს და ლუდმილა პონომარენკოს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. მას ბრალად ედება სხვებისთვის ბიბლიური ცნობის გაზიარება და მთავრობის მიერ „ექსტრემისტულად“ შერაცხული ორგანიზაციის შეხვედრებისთვის ადგილის გამოყოფა.

ლუდმილა ხვდებოდა, რომ დევნის ტალღა, რუსეთში მცხოვრები სხვა და-ძმების მსგავსად, მასაც შეეხებოდა. ის ამბობს: „როცა მოსკოვსა და ტაგანროგში მცხოვრები და-ძმების დევნა დაიწყო, ნათელი გახდა, რომ ადრე თუ გვიან თითოეული ჩვენგანი გავხდებოდით დევნის მსხვერპლი“.

პანდემიის გამო და-ძმებს არ შეუძლიათ სასამართლოში მისვლა თანაქრისტიანების მხარდასაჭერად. ამის მიუხედავად, ლუდმილა აღნიშნავს: „განვიცდიდი და ვღელავდი, რომ სასამართლო პროცესებზე მარტო უნდა წარვმდგარიყავი, ამიტომ, სანამ სასამართლომდე მივიდოდი, გზაში გულში ვმღეროდი ხოლმე სამეფო სიმღერებს და ვლოცულობდი. ვგრძნობდი, როგორ მაძლიერებდა ეს. სასამართლო პროცესებზე აღარ ვღელავდი და დროც სწრაფად გადიოდა“.

ლუდმილა აგრეთვე გვიყვება, თუ როგორ იმოქმედა ამ ყოველივემ მის მეუღლესა და ქალიშვილებზე, რომლებიც არ არიან იეჰოვას მოწმეები. „მათთვის რთული იყო იმის გაგება, თუ რატომ აღძრეს საქმე ჩემ წინააღმდეგ; ძალიან განიცდიან, რომ ეს სიტუაცია ჩემს ჯანმრთელობაზე ცუდად მოქმედებს. ჩემი ოჯახის წევრები დარწმუნდნენ იმაში, რომ ბრალი აბსოლუტურად უსაფუძვლოდ მაქვს წაყენებული. ახლა ისინი ყველანაირად მიჭერენ მხარს, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, — აღნიშნავს ლუდმილა.

დევნის მიუხედავად ლუდმილას ღვთისადმი მსახურების ენთუზიაზმი არ განელებია. ის ამბობს: „გული სიხარულით მაქვს სავსე, რადგან ყველანაირი მიზეზი მაქვს, რომ არ მეშინოდეს იმის, რაც ახლა ხდება ჩემს თავს, და არც იმის, რაც ბიბლიური წინასწარმეტყველების თანახმად, მალე მოხდება. იეჰოვასთან ურთიერთობა უფრო და უფრო მიძლიერდება. ჩემი ლოცვები კი უფრო აზრიანი, ხანგრძლივი და კონკრეტული გახდა“.

დარწმუნებულები ვართ, იეჰოვა კვლავაც მისცემს თავის სულს და ლუდმილას და მას კურთხევებს არ მოაკლებს, რათა „ყოვლისშემძლის ჩრდილქვეშ“ უსაფრთხოდ იგრძნოს თავი (ფსალმუნი 91:1).

a განაჩენის გამოტანის ზუსტი თარიღი ყოველთვის არ არის წინასწარ ცნობილი.