არჩეულ მასალაზე გადასვლა

2017 წლის 11 დეკემბერი
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ

რუსეთის სასამართლომ განიხილა საჩივარი ბიბლიის ექსტრემისტულად გამოცხადების თაობაზე

რუსეთის სასამართლომ განიხილა საჩივარი ბიბლიის ექსტრემისტულად გამოცხადების თაობაზე

2017 წლის 6 დეკემბერს ლენინგრადის საოლქო სასამართლომ განიხილა იეჰოვას მოწმეების საჩივარი ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების თაობაზე, რომლის თანახმადაც აიკრძალა რუსულ ენაზე გამოცემული ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“.

სასამართლო მოსმენის დაწყებისთანავე იეჰოვას მოწმეების ადვოკატებმა მოიყვანეს არგუმენტები ვიბორგის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების წინააღმდეგ, რომელიც მხოლოდ ეგრეთ წოდებული ექსპერტების დასკვნის საფუძველზე იქნა მიღებული. საქალაქო სასამართლომ ვერ დაასახელა, კონკრეტულად რა მიიჩნიეს ექსპერტებმა ექსტრემისტულად „ახალი ქვეყნიერების თარგმანში“. სასამართლო დაეყრდნო ექსპერტთა დასკვნას, რომლის თანახმადაც „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ ექსტრემისტულია, ვინაიდან მასში ღვთის სახელი იეჰოვაა გამოყენებული. იეჰოვას მოწმეების ადვოკატებმა შეახსენეს სასამართლოს, რომ ღვთის სახელი იეჰოვა რუსეთის მდიდარი კულტურული მემკვიდრეობის ნაწილია და რომ ის ბიბლიის ბევრ თარგმანშია მოხსენიებული. გარდა ამისა, მათ ისაუბრეს ექსპერტთა ცრუ ბრალდებაზე, რომ „ახალი ქვეყნიერების თარგმანს“ არ შეიძლება ბიბლია ვუწოდოთ, რადგან მასში პირდაპირ არ არის ნათქვამი, რომ ის ბიბლიაა. ამ არგუმენტის გასაბათილებლად ადვოკატებმა მოიყვანეს 2007 წელს გამოცემული ბიბლიის თარგმანის წინასიტყვაობაში მოცემული ციტატა: „ეს არის რუსულ ენაზე შესრულებული ბიბლიის ახალი თარგმანი“.

ლენინგრადის საოლქო სასამართლომ გადაწყვიტა, მოიწვიოს ექსპერტთა ჯგუფი და ჯვარედინი დაკითხვა აწარმოოს. აღნიშნული საქმის თაობაზე შემდეგი სასამართლო პროცესი გაიმართება 2017 წლის 20 დეკემბერს, რუსეთის დროით 14:30 საათზე.