არჩეულ მასალაზე გადასვლა

2017 წლის 23 ნოემბერი
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ

რუსეთის სასამართლო მალე განიხილავს საჩივარს ბიბლიის ექსტრემისტულად გამოცხადების თაობაზე

რუსეთის სასამართლო მალე განიხილავს საჩივარს ბიბლიის ექსტრემისტულად გამოცხადების თაობაზე

2017 წლის 6 დეკემბერს ლენინგრადის საოლქო სასამართლო განიხილავს იეჰოვას მოწმეების საჩივარს ქვემდგომი სასამართლოს გადაწყვეტილების თაობაზე, რომლის თანახმადაც აიკრძალა რუსულ ენაზე გამოცემული ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“.

2017 წლის აგვისტოში ვიბორგის საქალაქო სასამართლომ პროკურორის სასარგებლოდ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც ამტკიცებდა, რომ „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ ბიბლია არ არის, რადგან მასში ტეტრაგრამატონი ანუ ღვთის სახელი გადმოტანილია როგორც იეჰოვა. ამ განაცხადის საფუძველზე პროკურორს შეუძლია, გვერდი აუაროს კანონს ექსტრემიზმთან ბრძოლის შესახებ, რომელიც კრძალავს წმინდა ტექსტების ექსტრემისტულად გამოცხადებას.

იეჰოვას მოწმეები, რომლებმაც „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ რუსულ ენაზე გამოსცეს, ასაჩივრებენ ვიბორგის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ბიბლიის ექსტრემისტულად შერაცხვის თაობაზე. „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“, რომელიც ზუსტი, ადვილად გასაგები და აღიარებული თარგმანია, მთლიანად თუ ნაწილობრივ 161 ენაზეა გამოცემული. დღეს მსოფლიოში ამ წიგნის 200 მილიონზე მეტი ეგზემპლარია გავრცელებული.