2017 წლის 24 ივლისი
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ
ორიოლის სასამართლო დენის კრისტენსენს პატიმრობას უხანგრძლივებს
2017 წლის 20 ივლისს ორიოლში სოვიეტსკის საოლქო სასამართლომ დენის კრისტენსენს წინასწარი პატიმრობის ვადა 2017 წლის 23 ნოემბრამდე გაუხანგრძლივა. 25 მაისს შეიარაღებულმა ნიღბიანმა პოლიციის ოფიცრებმა და რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა ქალაქ ორიოლში იეჰოვას მოწმეების მშვიდობიანი რელიგიური შეხვედრა ჩაშალეს და დანიის მოქალაქე დენის კრისტენსენი დააპატიმრეს.
დენის კრისტენსენის ადვოკატებმა შუამდგომლობა დააყენეს გირაოს სანაცვლოდ მისი გათავისუფლების თაობაზე. თუმცა სასამართლომ უარი განაცხადა ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, მიუხედავად იმისა, რომ დენის კრისტენსენს არ ჰქონია კრიმინალური წარსული.
17 ივლისს, ვიდრე სასამართლო დენის კრისტენსენის პატიმრობის გახანგრძლივების თაობაზე მიიღებდა გადაწყვეტილებას, უზენაესი სასამართლოს სააპელაციო პალატამ მხარი დაუჭირა მოწმეების წინააღმდეგ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც მოხდა იეჰოვას მოწმეების იურიდიული პირების ლიკვიდაცია და აიკრძალა მათი საქმიანობა მთელი ქვეყნის მასშტაბით. რუსეთი წლების განმავლობაში ავიწროებდა იეჰოვას მოწმეებს და ცდილობდა, ისინი ექსტრემისტებად შეერაცხა. საბოლოოდ, რუსეთის მთავრობამ ყალბი სამხილების საფუძველზე შეძლო მათი რელიგიური საქმიანობის დანაშაულებრივ ქმედებად გამოცხადება.
ეუთოში ამერიკის მისიის წარმომადგენელი ქეით ბერნსი რუსეთში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით ასეთ კომენტარს აკეთებს: „შეშფოთებული ვართ იმის გამო, რომ 17 ივლისს რუსეთის უზენაესმა სასამართლომ მხარი დაუჭირა იეჰოვას მოწმეების საქმიანობის აკრძალვასა და მათი ადმინისტრაციული ცენტრისა და 395 იურიდიული პირის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას. დიდი უსამართლობაა, რომ 175 000 -ზე მეტ იეჰოვას მოწმეს რელიგიურ მსახურებაში მონაწილეობის გამო სისხლის სამართლებრივი დევნა ემუქრება. ანტიექსტრემისტული კანონის მშვიდობიანი რელიგიური უმცირესობის წევრების მიმართ არასწორი მიზნით გამოყენება ნამდვილად გამაოგნებელია“.