არჩეულ მასალაზე გადასვლა

2017 წლის 27 ივლისი
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ

რუსეთი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ბიბლია ექსტრემისტულად შერაცხოს

რუსეთი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ბიბლია ექსტრემისტულად შერაცხოს

ბოლო ინფორმაცია: ვიბორგის საქალაქო სასამართლომ საქმის განხილვა 2017 წლის 9 აგვისტოს ჩანიშნა.

2017 წლის 28 ივლისს ვიბორგის საქალაქო სასამართლო განაახლებს საქმის მოსმენას იეჰოვას მოწმეების მიერ რუსულ ენაზე გამოცემული ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ ექსტრემისტულად გამოცხადების თაობაზე. 2016 წლის აპრილში გამართულ სასამართლო პროცესზე მოსამართლემ ლენინგრად-ფინეთის ტრანსპორტის პროკურორის მოთხოვნა დააკმაყოფილა და „ექსპერტიზის“ ჩატარება დანიშნა, რათა დაედგინათ, იყო თუ არა მოწმეების გამოცემული ბიბლია ექსტრემისტული. შესაბამისად, მოსამართლემ ზემოაღნიშნული საქმის მოსმენა დროებით გადადო.

სასამართლოს ექსპერტიზის პასუხები 2017 წლის 22 ივნისს გადაეცა. „ექსპერტებმა“ მოწმეების მიერ გამოცემული ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ ექსტრემისტულად მიიჩნიეს და განაცხადეს, რომ ეს წიგნი ბიბლია არ არის. „ექსპერტების“ დასკვნა იეჰოვას მოწმეებისთვის მოულოდნელი არ ყოფილა. ამგვარი ქმედებით რუსეთი აჩვენებს, რომ არასწორად იყენებს ექსტრემიზმთან ბრძოლის შესახებ ფედერალურ კანონს, რომლის თანახმადაც იკრძალება წმინდა წერილების, მათ შორის ბიბლიის, ექსტრემისტულად გამოცხადება. ექსპერტიზის დასკვნები თეოლოგიურ საფუძვლებზე დაყრდნობით გაკეთდა. როგორც „ექსპერტები“ აცხადებენ, ტეტრაგრამატონის a „იეჰოვად“ გადმოტანა არასწორია და ბიბლიის ტექსტი იეჰოვას მოწმეების სწავლებებს არის მორგებული.

a ტეტრაგრამატონი არის ოთხი ებრაული ასოთი გადმოცემული ღვთის სახელი (יהוה), რომლის ტრანსლიტერაციაცაა ჲჰვჰ (იჰვჰ). ტეტრაგრამატონი ებრაულ წერილებში დაახლოებით 7 000-ჯერ გვხვდება.