არჩეულ მასალაზე გადასვლა

მარცხნიდან მარჯვნივ: ძმა ივან პუიდა სასამართლო დარბაზში, გისოსებს მიღმა; მამამისი გრიგორ პუიდა და პაპა პიოტრ პარცეი

2020 წლის 14 ოქტომბერი
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ

სახელმწიფოსგან დევნილ ღვთის ერთგულ მსახურთა სამი თაობა

სახელმწიფოსგან დევნილ ღვთის ერთგულ მსახურთა სამი თაობა

ძმა ივან პუიდას უსამართლოდ ედება ბრალი დანაშაულებრივ ქმედებაში. თუმცა ის ჰბაძავს მამისა და პაპის მიერ დატოვებულ მაგალითებს და ინარჩუნებს სიმტკიცესა და გაბედულებას.

ძმა ივანს ბავშვობის სასიამოვნო მოგონებად დარჩა, თუ როგორ უკითხავდა ხოლმე მას და მის შვიდ და-ძმას მამა საღამოობით წიგნს „ბიბლიური მოთხრობები“. ივანს დღემდე ახსოვს, როგორ დადიოდა თავის მამასთან, გრიგორთან, ერთად საქადაგოდ თავიანთ პატარა სოფელში, კვიტოკში. მსახურებისას ისინი ხშირად აკითხავდნენ ივანის მასწავლებლებსა და თანაკლასელებს. მოზარდობის წლებში ივანი ქადაგებდა ხოლმე გაუნაწილებელ ტერიტორიაზე პაპასთან (დედის მხრიდან), ძმა პიოტრ პარცეისთან, ერთად. ის კარგად ხედავდა, როგორ ავლენდა პაპა თავგანწირვის სულს და ენთუზიაზმს ქადაგებისას.

ძმა ივანისთვის არც ის ყოფილა შეუმჩნეველი, თუ რა გულმოდგინედ კითხულობდნენ მამამისიც და პაპამისიც ბიბლიასა და ბიბლიურ პუბლიკაციებს. ამიტომ მიზნად დაისახა, მიჰყოლოდა მათ მაგალითს.

ძმა ივანი, რომელიც ახლა 41 წლისაა, ალბათ მაშინ ვერც კი წარმოიდგენდა, რომ მამის და პაპის მაგალითის მიყოლა სხვა მხრივაც მოუწევდა — როგორც იეჰოვას მსახური, ისიც აღმოჩნდა გისოსებს მიღმა. ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა ძმა ივანი 2018 წლის 30 მაისს დააკავეს. ის ოთხი თვე ჰყავდათ დაპატიმრებული. გათავისუფლების შემდეგ კი ექვსი თვე იყო შინაპატიმრობაში. პაპამისი, პიოტრ პარცეი ორჯერ იყო დაპატიმრებული ნაცისტური და საბჭოთა რეჟიმების დროს. მამამისიც, ძმა გრიგორ პუიდაც, იმყოფებოდა პატიმრობაში საბჭოთა რეჟიმის დროს.

ძმა ივან პუიდა აღნიშნავს: «მოციქულმა პავლემ 2 ტიმოთეს 3:14-ში დაწერა: „შენ კი კვლავაც იმას მიჰყევი, რაც გისწავლია და რაც იწამე, რადგან იცი, ვისგან ისწავლე“. მეც ვიცი, რა ხალხისგან ვისწავლე ჭეშმარიტება. ამის ცოდნა ძალას მაძლევს. მათ რწმენას ვერც პოლიტიკურმა სისტემებმა დააკლო რამე და ვერც — ციხემ. თანაც ვიცით, რომ დევნას ყოველთვის აქვს დასასრული. ახლა მეც მათ კვალს მივყვები და ვცდილობ, მივბაძო მათ. თუ ბოლომდე ერთგული დავრჩები, ვიცი, წინ რა ჯილდოც მელის». ამჟამად ძმა ივან პუიდა სასამართლოს გადაწყვეტილების მოლოდინშია.

ივანმა ისიც თქვა, რომ მამამისი და პაპამისი ციხეში არსებული რთული პირობების შესახებ კი არ ჰყვებოდნენ ხოლმე, არამედ იმ საინტერესო შემთხვევებს იხსენებდნენ, რომლებიც პატიმრობის დროს სასიხარულო ცნობის ქადაგების დროს ჰქონდათ.

გრიგორი ახლა 64 წლისაა. ის 1975 წელს მოინათლა, თუმცა იმ დროისთვის სამხედრო სამსახურზე უარის თქმის გამო ის უკვე ერთი წლის დაპატიმრებული იყო და სასჯელს იხდიდა საბჭოთა კავშირის შრომა-გასწორების კოლონიაში. გრიგორი 1977 წელს გაათავისუფლეს. 1986 წელს ის კვლავ დააპატიმრეს აკრძალული რელიგიური ლიტერატურის ფლობის გამო. ამჯერად მას ერთი წლით მოუწია ციხეში ჯდომა. გრიგორის მამაც, რომელსაც აგრეთვე ივანი ერქვა, 1944 წლიდან 1950 წლამდე იმყოფებოდა შრომა-გასწორების კოლონიაში ქრისტიანული ნეიტრალიტეტის გამო.

წარსულის გახსენებაზე გრიგორი ამბობს: „დევნის ატანაში ძლიერი რწმენა დამეხმარა. ერთი წუთითაც არ შემპარვია ეჭვი, რომ ჭეშმარიტების გზით დავდიოდი და, რომ იეჰოვა ჭეშმარიტი ღმერთი იყო“.

ახლა მისი ვაჟი, ივანიც მსგავსი რეალობის წინაშე დგას. „კარგად მახსოვს საბჭოთა პერიოდი და ვხედავ, რომ ახლაც იგივე სცენარი მეორდება“, — ამბობს გრიგორი, — „ვლოცულობ, რომ ამ განსაცდელის დროს ივანმა შეძლოს ერთგულების შენარჩუნება და მოთმინების გამოვლენით თავისი წვლილი შეიტანოს იეჰოვას სახელის განწმენდაში“.

1943 წელს ივანის პაპა, ძმა პიოტრ პარცეი, რომელიც დღეს ცოცხალი აღარაა, ნაცისტებმა ჯერ მაიდენეკის საკონცენტრაციო ბანაკში გაგზავნეს, შემდეგ კი — რავენსბრიუკში იმის გამო, რომ ხელი არ მოაწერა დოკუმენტს რწმენის უარყოფის შესახებ. 1945 წელს, ნაცისტური რეჟიმის დაშლის შემდეგ, ის გაათავისუფლეს. 1952 წელს კვლავ დააპატიმრეს და სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს. თუმცა აღნიშნული განაჩენი შეიცვალა და 1956 წელს ის ციხიდან გაათავისუფლეს. ძმა პიოტრ პარცეი რწმენის გამო კიდევ ერთხელ დააპატიმრეს 1958 წელს და გაათავისუფლეს 1964 წელს.

„პაპის რწმენისა და მოთმინების მაგალითი ძალებს მმატებს“, — ამბობს ივანი, — „როცა იეჰოვა მას მკვდრეთით აღადგენს, მოვუყვები, რომ მეც მსგავსი განსაცდელების ატანა მომიწია და მისი მაგალითის მეშვეობით შევძელი ერთგულებისა და გაბედულების შენარჩუნება“.

„ვერავინ ჩამომაშორებს ამ რწმენას და ვერავინ გამინელებს იეჰოვას სიყვარულს!“, — ამბობს ივანი. „გამომძიებლებს ხშირად ვეუბნებოდი, რომ ყველაზე დიდი, რისი გაკეთებაც მათ შეეძლოთ, ჩემი დაკავება და ციხეში ჩასმა იყო. დანარჩენ მუქარას რაც შეეხება, ისინი ვერას გახდებოდნენ — ვერ იბატონებდნენ ჩემს გულსა და გონებაზე“.

რამ აატანინა ჩვენს ძვირფას ძმებს განსაცდელები?

ივანი აღნიშნავს: „საქმეების 14:22-დან ვიცით, რომ ღვთის სამეფოს დასამკვიდრებლად მრავალი გასაჭირის გადატანა მოგვიწევს. განსაცდელს ყველა ქრისტიანი შეხვდება. ეს შეიძლება მაინცდამაინც დაპატიმრება არ იყოს. განსაცდელი შეიძლება იყოს ავადმყოფობა ან საყვარელი ადამიანის სიკვდილი. ყველაფერი ჩვენს განწყობასა და იმაზეა დამოკიდებული, როგორი ურთიერთობა გვაქვს ღმერთთან. იეჰოვა ყოველთვის მზადაა, მხარი დაუჭიროს თავის ხალხს“.

ივანის მამა, გრიგორი, ასეთ რჩევას გვაძლევს: „უფრო დაუახლოვდით იეჰოვას. გახდით მისი ნამდვილი მეგობრები. მნიშვნელოვანია, იპოვოთ ძლიერი მტკიცებულებები იმაში დასარწმუნებლად, რომ ჭეშმარიტებისთვის ნებისმიერ მსხვერპლზე ღირს წასვლა. ძალისხმევა ნამდვილად დაგიფასდებათ!“.

გამამხნევებელია ისეთი შემთხვევების კითხვა, საიდანაც ჩანს, როგორ დაუდგა მხარში იეჰოვა თავის მსახურებს დევნების დროს. კვლავაც ვლოცულობთ რუსეთში მცხოვრები ჩვენი და-ძმებისთვის, რომ შეინარჩუნონ გაბედულება და გაძლიერდნენ იეჰოვას შემდეგი დანაპირების მეშვეობით: „ნუ გეშინია! … დიდ ჯილდოს მიიღებ“ (დაბადება 15:1).