არჩეულ მასალაზე გადასვლა

სერგეი და ანასტასია პოლიაკოვები

2022 წლის 7 დეკემბერი
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ

სერგეი პოლიაკოვი ციხიდან გაათავისუფლეს

სერგეი პოლიაკოვი ციხიდან გაათავისუფლეს

2022 წლის 30 ნოემბერს სერგეი პოლიაკოვი ციხიდან გაათავისუფლეს. მან ციხეში სამწლიანი სასჯელი მოიხადა. ის 2018 წლის 4 ივლისს დააკავეს. ამ ხნის განმავლობაში სერგეის სხვადასხვა სახის პატიმრობაში მოუწია ყოფნა. ამასთან ერთად ის 5 თვე სამარტოო საკანში იმყოფებოდა.

სერგეიმ პატიმრობის ბოლო 16 თვე ქალაქ ვალდაიში, სასჯელაღსრულების კოლონიაში, გაატარა, რომელიც მისი სახლიდან დაახლოებით 3 000 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს. ციხეში მას ძლიერი რწმენის მქონე კაცად იცნობდნენ და როგორც ციხის თანამშრომლები, ისე პატიმრები, დიდ პატივს სცემდნენ. სერგეის ძალიან ამხნევებდა მეგობრებისა და ნათესავებისგან მიღებული წერილები. ის იმაზე მეტ წერილს იღებდა ერთ დღეში, ვიდრე მთელ კოლონიაში მყოფი დაახლოებით 250 ადამიანი.

გათავისუფლების შემდეგ სერგეი კვლავ დაუბრუნდა თავის საყვარელ მეუღლეს, ანასტასიას, რომელმაც მის მსგავსად 5 თვე გაატარა სამარტოო საკანში. ანასტასიაც გაასამართლეს და პირობითი სასჯელი შეუფარდეს. სერგეი და ანასტასია პოლიაკოვები იყვნენ პირველი წყვილი, რომელიც 2017 წელს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ დააპატიმრეს.

დღეისთვის რუსეთსა და ყირიმში 100-ზე მეტი და-ძმა იმყოფება პატიმრობაში. დარწმუნებული ვართ, იეჰოვა კვლავაც მხარს დაუჭერს მათ, ვინც „იტანს გასაჭირსა და უსამართლობას, რომ ღვთის წინაშე სუფთა სინდისი ჰქონდეს“ (1 პეტრე 2:19).