არჩეულ მასალაზე გადასვლა

ზემოთ მარცხნივ: ევგენი დეშკო, რუსლან კოროლიოვი, ვიქტორ მალკოვი და მისი მეუღლე ვერა, ვალერი შალევი და მისი მეუღლე სვეტლანა. ძმა ვიქტორ მალკოვი, რომელსაც ამ სამ ძმასთან ერთად ჰქონდა ბრალი წაყენებული, სასამართლო განაჩენის გამოტანამდე გარდაიცვალა.

2021 წლის 24 მარტი
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ

სმოლენსკში ოთხ ძმას დევნიან და აპატიმრებენ რწმენის გამო

სმოლენსკში ოთხ ძმას დევნიან და აპატიმრებენ რწმენის გამო

განახლებული ინფორმაცია | რუსეთის სასამართლო არ აკმაყოფილებს საჩივარს

2021 წლის 31 აგვისტოს სმოლენსკის საოლქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ევგენი დეშკოს, რუსლან კოროლიოვისა და ვალერი შალევის საჩივარი და ძალაში დატოვა გამოტანილი განაჩენი. ამჟამად მათ არ მოუწევთ სასჯელის ციხეში მოხდა.

რუსეთის სასამართლო სამ ძმას „ექსტრემიზმში“ ადანაშაულებს

2021 წლის 23 აპრილს სმოლენსკის ინდუსტრიულმა რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო ევგენი, რუსლანი და ვალერი. რუსლანსა და ვალერის ექვსწელიწადნახევრიანი პირობითი სასჯელი შეუფარდეს, ხოლო ევგენის — ექვსწლიანი პირობითი სასჯელი.

ზოგადი ინფორმაცია

ევგენი დეშკო

  • დაბადების წელი: 1989 (სოჭი)

  • ბიოგრაფია: მუშაობდა მასაჟისტად, მძღოლად და ელექტრიკოსად. აღზარდეს იეჰოვას მოწმე მშობლებმა. ბიბლიური პრინციპების საფუძველზე უარი თქვა სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლაზე. მოინათლა 2012 წელს. 2012 წლიდან 2014 წლამდე ასრულებდა ალტერნატიულ სამოქალაქო სამსახურს გერიატრიულ საავადმყოფოში.

რუსლან კოროლიოვი

  • დაბადების წელი: 1982 (სმოლენსკი)

  • ბიოგრაფია: ადრეულ ასაკში შეისწავლა ელექტრონული მოწყობილობების შეკეთება. მოგვიანებით გახდა მექანიკოსი. მსახურობდა რუსეთის არმიაში. დაიწყო ბიბლიის შესწავლა იეჰოვას მოწმეებთან და დიდი ნუგეში მოჰგვარა ბიბლიურმა ჭეშმარიტებამ. მოინათლა 2004 წელს.

ვიქტორ მალკოვი

  • დაბადების წელი: 1959 (სმოლენსკი)

  • ბიოგრაფია: მუშაობდა მექანიკოსად, დურგლად და სახურავის ხელოსნად. 1992 წელს დაქორწინდა ვერაზე. ახალგაზრდობაში უყვარდა ფეხბურთის თამაში. ზრუნავდა თავის უსინათლო ძმაზე.

    წარსულში იყო მოძალადე, რის გამოც მოუწია შვიდი წლით პატიმრობაში ყოფნა. მისი ოჯახი დანგრევის პირას იყო. იეჰოვას მოწმეებთან ბიბლიის შესწავლის დაწყების შემდეგ გახდა მშვიდობისმოყვარე, კანონმორჩილი მოქალაქე და სამაგალითო ქმარი. მოინათლა 2008 წელს. გარდაიცვალა 2020 წლის 25 აპრილს.

ვალერი შალევი

  • დაბადების წელი: 1977 (იარცევოი)

  • ბიოგრაფია: ახალგაზრდობაში შეისწავლა ინგლისური ენა. დაამთავრა სამხედრო სასწავლებელი. გადავიდა რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში, რათა საბუღალტრო საქმე შეესრულებინა სამხედრო დაწესებულებაში. სამხედრო სამსახურიდან წამოსვლის შემდეგ მუშაობდა ფინანსურ კონსულტანტად. 1999 წელს დაქორწინდა სვეტლანაზე, რომელიც კოლეჯში სწავლის დროს გაიცნო და იშვილა სვეტლანას ოთხი წლის ბიჭი. ვალერი აქტიურად არის დაკავებული ფეხბურთის თამაშითა და სირბილით.

    ოჯახში პირველად ბიბლიის შესწავლა დედამისმა დაიწყო. ის ვალერისაც უზიარებდა ბიბლიიდან ნასწავლს. თავიდან ვალერი ცდილობდა, დაემტკიცებინა დედისთვის, რომ მცდარ გზას ადგა, მაგრამ დროთა განმავლობაში თავადვე დარწმუნდა, რომ, რასაც დედა სწავლობდა, ჭეშმარიტება იყო. ვალერი 2002 წელს მოინათლა და გახდა იეჰოვას მოწმე.

სასამართლო საქმე

სმოლენსკში დაწყებული დევნა წინ უსწრებდა 2017 წელს რუსეთის უზენაესი სასამართლოს მიერ იეჰოვას მოწმეთა საქმიანობის აკრძალვას. 2016 წლის 18 დეკემბერს 15-მა შეიარაღებულმა პოლიციელმა დაარბია იეჰოვას მოწმეთა კრების შეხვედრა სმოლენსკში. შეხვედრას დაახლოებით 60 და-ძმა ესწრებოდა. რეიდის დროს პოლიციის ოფიცრებმა დარბაზში ფარულად შეიტანეს და შემდეგ „აღმოაჩინეს“ ჩვენი ლიტერატურა, რომელიც რუსეთის ხელისუფლების მიერ „ექსტრემისტულად“ არის შერაცხული.

ამას მოჰყვა მთელი რიგი ჩხრეკები, დაკავებები და დაპატიმრებები 2018 და 2019 წლებში. 2019 წლის 25 აპრილს სამართალდამცავებმა გაჩხრიკეს ძმების, რუსლან კოროლიოვის, ვალერი შალევისა და ვიქტორ მალკოვის სახლები, რის შემდეგაც სამივე მათგანი დააკავეს. ვიქტორმა ოფიცრებს უთხრა: „მე შვიდი წელი ვიყავი ჩხუბისა და ძალადობის გამო დაპატიმრებული და შემდეგ გავხდი იეჰოვას მოწმე. ახლა კი სასიხარულო ცნობის ქადაგების გამო მაპატიმრებთ?!“.

ძმა ევგენი დეშკო რამდენიმე დღის შემდეგ დააკავეს. ევგენი იხსენებს: „ვიცოდი, რომ ეს შეიძლებოდა მომხდარიყო. ამიტომ წინასწარ ვიყავი შემზადებული“. მას ამხნევებს სიტყვები, რომლებიც იეჰოვამ უთხრა იესო ნავეს ძეს: „ხომ გიბრძანე, გამბედაობა მოიკრიბე და გამაგრდი-მეთქი! ნუ შეძრწუნდები და ნუ შეშინდები, რადგან სადაც წახვალ, ყველგან შენთან იქნება იეჰოვა, შენი ღმერთი!“ (იესო ნავეს ძე 1:9). ევგენი ამბობს: „ამ სიტყვებით იეჰოვა გაბედულებისკენაც მოგვიწოდებს და თავის თანადგომაშიც გვარწმუნებს“.

ძმა რუსლანი აღნიშნავს, რომ იზოლატორში ყოფნისას ფიქრობდა მათეს 6:34-ში ჩაწერილ იესოს სიტყვებზე. იმაზე წუხილის ნაცვლად, თუ რა შეიძლებოდა მომხდარიყო, რუსლანი სულიერ საქმეებში იყო ჩართული. ის ამბობს: „აქტიურად დავიწყე წერილების წერა, ვკითხულობდი ბიბლიას და ჩემს საკანში მყოფ პატიმრებს ბიბლიურ ჭეშმარიტებაზე ვესაუბრებოდი. ფაქტობრივად, არ მეცალა ზედმეტი წუხილისა და გულგატეხილობისთვის“.

2020 წლის მარტში ფედერალური უსაფრთხოების გამომძიებელმა, ბატონმა რეზრუკოვმა ამ ოთხ ძმას შეზღუდვები შეუმსუბუქა და შინაპატიმრობაში გადაიყვანა. მათ თითქმის ერთი წელი გაატარეს გისოსებს მიღმა. ჩვენი ძმებისთვის მინიჭებული შეღავათები იმის შედეგია, რომ ციხეში ყოფნის დროს ისინი ემორჩილებოდნენ უფლებამოსილ პირებს და სიმშვიდესა და დადებით განწყობას ინარჩუნებდნენ. გამომძიებელი დარწმუნებული იყო, რომ მეტი თავისუფლების მინიჭების შემთხვევაში, საფრთხე არ შეექმნებოდა გამოძიების პროცესს და ჩვენი ძმები არც დამატებითი დაკითხვების დროს შექმნიდნენ რაიმე პრობლემას.

სამწუხაროდ, ამ მოვლენებიდან მალევე, ვიქტორი გარდაიცვალა. როგორც ჩანს, მისი ჯანმრთელობა უკიდურესად გაუარესდა იზოლატორის ცუდი პირობებისა და სტრესის გამო, რომელიც გამოძიების პროცესებმა გამოიწვია.

რუსლანს, ვალერისა და ევგენის გადაწყვეტილი აქვთ, მიჰბაძონ ვიქტორსა და მრავალ სხვა და-ძმას, რომლებიც სიკვდილამდე ერთგულები დარჩნენ. სულიერი წონასწორობის წყალობით ისინი არა მხოლოდ დევნას უძლებენ, არამედ სიხარულსაც ინარჩუნებენ რთულ მდგომარეობაში.

ვალერი აღნიშნავს: „პატიმრობის დროს იეჰოვასთან უფრო მეტი სიახლოვე ვიგრძენი. ასე ახლოს მასთან არასდროს ვყოფილვარ. გამუდმებით ბიბლიას ვკითხულობ. ციხე საუკეთესო ადგილი ნამდვილად არაა, მაგრამ ხალხი იეჰოვას გარეშეც კი უძლებს ამ პირობებს, და რასაკვირველია, იეჰოვას მხარდაჭერით ეს უფრო მეტადაა შესაძლებელი.

ევგენის ბოლომდე სჯერა, რომ იეჰოვა არასოდეს დატოვებს მხარდაჭერის გარეშე. ის აღნიშნავს: „იეჰოვა განსაკუთრებით მაშინ გვიდგას მხარში, როცა სერიოზულ განსაცდელებს ვხვდებით. ასე რომ, ახლა ნაკლებად ვწუხვარ იმაზე, თუ კიდევ რა განსაცდელები მელის წინ“.

მიუხედავად იმასა, თუ რა განაჩენს გამოიტანს სასამართლო, ევგენის გადაწყვეტილი აქვს, რომ მოთმინებით აიტანოს ყველანაირი სირთულე და შეინარჩუნოს ერთგულება.

გვჯერა, რომ იეჰოვას დახმარებით, ეს და-ძმები და მათი ოჯახები კვლავ გამოავლენენ მოთმინებასა და სიხარულს ამ ძნელბედობის ჟამს (2 თესალონიკელები 3:5).