არჩეულ მასალაზე გადასვლა

2014 წლის 2 ივნისი
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ

რუსეთში იეჰოვას მოწმეების წინააღმდეგ აღძრული საქმის განხილვა გრძელდება

რუსეთში იეჰოვას მოწმეების წინააღმდეგ აღძრული საქმის განხილვა გრძელდება

2014 წლის მაისში ქალაქ ტაგანროგის საქალაქო სასამართლომ 16 იეჰოვას მოწმის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმე კვლავ განიხილა. ეს ერთადერთი სასამართლო საქმეა რუსეთში, რომლის განხილვის დროსაც რუსეთის მოქალაქეებზე ზეწოლას ახდენენ, რათა მათ უარი ათქმევინონ თავიანთ რწმენაზე; სხვა შემთხვევაში მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ დევნას დაიწყებენ. ერთ-ერთი ბრალდებული ამბობს: „მათ სურთ, ისეთი ვიყო, როგორიც ყველა; უფლებას არ მაძლევენ, სხვებისგან განსხვავებული ვიყო და ხალხს ბიბლიური ცნობა გავუზიარო. ამის შემდეგ რას უნდა ველოდე, არ ვიცი“.

2009 წლიდან მოყოლებული რუსეთში იეჰოვას მოწმეების დევნამ უფრო ინტენსიური სახე მიიღო, რადგან მთავრობა კანონს ექსტრემიზმთან ბრძოლის შესახებ არასწორად იყენებს იეჰოვას მოწმეებთან მიმართებით. მოწმეების ადვოკატი, ვიქტორ ჟენკოვი აღნიშნავს: „მას შემდეგ, რაც ბოლო დროს განვითარებული მოვლენები გავაანალიზე, რომლებიც იეჰოვას მოწმეების საქმეს ეხება, იმ დასკვნამდე მივედი, რომ სამართალდამცავი ორგანოები გამუდმებით ეწევიან მიზანმიმართულ ბრძოლას მათ წინააღმდეგ“. ბოლო დროს ტაგანროგში ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან მეტი აგრესია შეინიშნება იეჰოვას მოწმეების მიმართ; ისინი ისე იქცევიან, თითქოს მათ ოლქში მოწმეების საქმიანობა აკრძალული იყოს, არადა რუსეთში მათი საქმიანობა ოფიციალურად 1992 წელს გატარდა რეგისტრაციაში. აშკარად ჩანს, რა მიზანი ამოძრავებთ ხელისუფლების წარმომადგენლებს ტაგანროგში. აი, რას იხსენებს კიდევ ერთი ბრალდებული: «გამომძიებელმა თავის კაბინეტში პირდაპირ მითხრა: „ხელი მოაწერე საბუთს, რომ უარს ამბობ მოწმეობაზე და შენ წინააღმდეგ აღძრულ საქმეს დავხურავთ. მერე თავისუფალი ხარ, წადი სადაც გინდა!“».

სასამართლო გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული, ამ 16 მოწმეს ჯარიმას დააკისრებენ, იძულებით შრომას მიუსჯიან თუ თავისუფლების აღკვეთას შეუფარდებენ. იმ შემთხვევაში, თუ მათ დამნაშავეებად ცნობენ, რელიგიის თავისუფლებას მთელი რუსეთის მასშტაბით საფრთხე დაემუქრება. რუსეთში მცხოვრები ყველა იეჰოვას მოწმისთვის ეს იმის მანიშნებელი იქნება, რომ თავიანთი რელიგიური მსახურების შესრულების გამო ისინიც შეიძლება სისხლის სამართლებრივ დევნას დაექვემდებარონ. ბრალდებულთა კიდევ ერთი ადვოკატი, ალიონა ბოროდინა აღნიშნავს: «იეჰოვას მოწმეები გამუდმებით ხვდებიან წინააღმდეგობას ხელისუფლების მხრიდან. მათი პუბლიკაციები ექსტრემისტული ლიტერატურის სიაშია შეტანილი. თუ სასამართლო რომელიმე წიგნს ექსტრემისტულად ცნობს, მისივე გადაწყვეტილებით მას ანადგურებენ. ერთმა მწერალმა ასეთი რამ თქვა: „იქ, სადაც წიგნებს წვავენ, საბოლოოდ ადამიანებსაც დაწვავენ“. რუსეთში რელიგიის თავისუფლებას სერიოზული საფრთხე ემუქრება».

სავარაუდოდ, გადაწყვეტილებას სასამართლო 2014 წლის ივნისში მიიღებს. მთელ მსოფლიოში იეჰოვას მოწმეები და ისინი, ვინც აფასებენ რელიგიის თავისუფლების უფლებას, მოუთმენლად ელიან, როგორ დასრულდება ეს საქმე.