არჩეულ მასალაზე გადასვლა

ძმა დენის კრისტენსენი მიჰყავთ ორიოლის ოლქში მდებარე ჟელეზნოდოროჟნიეს რაიონულ სასამართლოში

2019 წლის 31 ივლისი
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ

უახლესი ინფორმაცია — დენის კრისტენსენი სასჯელაღსრულების კოლონიაში გადაყვანის შემდეგაც ინარჩუნებს სიმტკიცეს

უახლესი ინფორმაცია — დენის კრისტენსენი სასჯელაღსრულების კოლონიაში გადაყვანის შემდეგაც ინარჩუნებს სიმტკიცეს

2019 წლის 6 ივნისს, სააპელაციო სასამართლო პროცესის წაგებიდან ორი კვირის შემდეგ, სამართალდამცავებმა დენის კრისტენსენი ორიოლის წინასწარი დაკავების იზოლატორიდან ციხეში — ქალაქ ლგოვში არსებულ სასჯელაღსრულების №3 კოლონიაში გადაიყვანეს. ლგოვი დაახლოებით 200 კილომეტრში მდებარეობს ორიოლიდან, სადაც დენისის ოჯახის წევრები და მეგობრები ცხოვრობენ.

ციხეში გადაყვანის შემდეგ დენისს შეურაცხყოფას აყენებდნენ და მის გატეხვას ცდილობდნენ. თუმცა დენისი მთლიანად იეჰოვაზე იყო მინდობილი და კვლავ სიმტკიცესა და სიმამაცეს ინარჩუნებდა (1 პეტრე 5:10).

ფინეთი (მარცხნიდან მარჯვნივ): ხელმძღვანელი საბჭოს წევრი მარკ სანდერსონი, ირინა კრისტენსენი და ტომი კაუკო ფინეთიდან

დენისის დაკავებისა და დაპატიმრების შემდეგ და-ძმები მზრუნველობას იჩენენ და მხარში უდგანან მის მეუღლეს, ირინას. მიმდინარე წლის ივნისში ხელმძღვანელი საბჭოს წევრმა, ძმა მარკ სანდერსონმა და სხვა პასუხისმგებელმა ძმებმა მოინახულეს ირინა ფინეთში და გაამხნევეს ის.

დენისი უკვე ერთ თვეზე მეტია, სასჯელაღსრულების კოლონიაში იმყოფება. ახლახან ირინას უფლება მისცეს, დღეში ერთხელ ტელეფონით ესაუბროს მეუღლეს. მას იმის ნებაც დართეს, რომ ციხეში მოინახულოს ის.

ირინა კითხულობს დენისისგან მიღებულ გამამხნევებელ წერილებს

ყველა იმ სირთულის მიუხედავად, რაც ამ ორი წლის განმავლობაში გადაიტანეს, დენისი და ირინა სიმტკიცესა და სიხარულს არ კარგავენ. როგორც ირინამ თქვა, მას განსაკუთრებით აძლიერებს ქმრისგან ყოველკვირეულად მიღებული წერილები. ერთ-ერთ წერილში, რომელიც ირინასთვის განსაკუთრებული გახდა, დენისი ასეთ რამეს სწერს: „დადებითი განწყობის შენარჩუნება წარმატების საწინდარია, ჩვენ კი სიხარულის უამრავი მიზეზი გვაქვს“. ის ასეთი სიტყვებით ასრულებს წერილს: „იეჰოვას უზენაესობის გამართლება ჩვენი ცხოვრების მიზანია. ვიცი, რომ გრძელ გზას ვადგავართ და ფინიშამდე ჯერ არ მიგვიღწევია. მაგრამ საბოლოოდ აუცილებლად გავიმარჯვებთ. ამაში 100 პროცენტით ვარ დარწმუნებული“.

21 ივლისს დანიაში გამართულ საერთაშორისო კონგრესზე ხელმძღვანელი საბჭოს წევრმა, ძმა სტივენ ლეტმა, დენისის წერილიდან შემდეგი სიტყვები ამოიკითხა: „ნეტა მეც შემეძლოს თქვენთან ერთად ყოფნა, მაგრამ ჯერჯერობით ეს არაა შესაძლებელი, რადგან ჩემი დავალება ციხეში ჯერ არ შემისრულებია. თუმცა დარწმუნებული ვარ, ერთ დღესაც თქვენ გვერდით ვიქნები. ამ დროს მოუთმენლად ველი“.

რომში პატიმრობის დროს მოციქულმა პავლემ დაწერა: „ვმადლობ ჩემს ღმერთს ყოველთვის, როცა გიხსენებთ ჩემს ყოველ ვედრებაში ყველა თქვენგანისთვის, რომელსაც სიხარულით აღვავლენ... რადგან გულში მყავხართ, ყველანი ჩემი მოზიარენი ხართ წყალობაში, როგორც ბორკილებში, ისე სასიხარულო ცნობის დაცვასა და კანონით განმტკიცებაში“ (ფილიპელები 1:3, 4, 7).