არჩეულ მასალაზე გადასვლა

2017 წლის 27 თებერვალი
რუსეთი

რუსეთის იუსტიციის სამინისტრო იეჰოვას მოწმეების ადმინისტრაციულ ცენტრში დეტალურ შემოწმებას ატარებს

რუსეთის იუსტიციის სამინისტრო იეჰოვას მოწმეების ადმინისტრაციულ ცენტრში დეტალურ შემოწმებას ატარებს

რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ იეჰოვას მოწმეების ადმინისტრაციული ცენტრის დეტალური შემოწმება მოითხოვა. 2017 წლის 1 თებერვალს გენერალური პროკურორის დავალებით იუსტიციის სამინისტრომ შეტყობინება გაუგზავნა იეჰოვას მოწმეებს და აცნობა, რომ ამა წლის 8—27 თებერვალს რუსეთში მათი ფილიალის ინსპექცია იგეგმებოდა. იუსტიციის სამინისტრომ ფილიალს უძრავ-მოძრავი ქონების, ფინანსური აქტივობის, ორგანიზაციული სტრუქტურის, საგანმანათლებლო საქმიანობისა და რელიგიური მსახურების შესახებ ანგარიშის წარდგენა მოსთხოვა. 2017 წლის 15 თებერვალს იეჰოვას მოწმეებმა დაახლოებით 73 000-გვერდიანი შესაბამისი დოკუმენტაცია წარუდგინეს იუსტიციის სამინისტროს.

ინსპექციის ჩატარება მალევე დაიგეგმა მას შემდეგ, რაც მოსკოვის საქალაქო სასამართლომ მხარი დაუჭირა რუსეთის გენერალური პროკურატურის მოთხოვნას მოწმეების ადმინისტრაციული ცენტრის ლიკვიდაციის თაობაზე. როგორც უკვე ცნობილია, 2016 წლის მარტში იეჰოვას მოწმეებმა მიიღეს წერილი, სადაც რუსეთის გენერალური პროკურორი მოწმეებს ექსტრემიზმში ადანაშაულებდა და ადმინისტრაციული ცენტრის ლიკვიდაციით ემუქრებოდა. მას შემდეგ რუსეთის სასამართლოებმა ექსტრემიზმში ბრალდებული იეჰოვას მოწმეების რამდენიმე ადგილობრივი იურიდიული პირის ლიკვიდაცია მოახდინეს, მიუხედავად იმისა, რომ მოწმეებს ხელთ ჰქონდათ სამხილების გაყალბების დამადასტურებელი აშკარა მტკიცებულებები.

რუსეთში იეჰოვას მოწმეები შიშობენ, რომ ეს შემოწმება იმის წინაპირობაა, რომ მათი ადმინისტრაციული ცენტრის ლიკვიდაცია მალე მოხდება. რუსეთის მთავრობა თავისი ქმედებით აჩვენებს, რომ დღემდე არ ითვალისწინებს ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებს, რადგან იეჰოვას მოწმეების წინააღმდეგ მკაცრ ზომებს მიმართავს და მათი საქმიანობის აკრძალვას იზრახავს.