არჩეულ მასალაზე გადასვლა

ზემოთ მარცხნიდან მარჯვნივ: ნიკოლაი ანუფრიევი, ედუარდ და ვალენტინა მერინკოვები, გენადი პოლიაკევიჩი და ალექსანდრე პრიპელსკი

ქვემოთ მარცხნიდან მარჯვნივ: ვიქტორ და ვიქტორია შჩანიკოვები, გენადი სკუტელეცი და ალექსანდრე და ელენა ვორონცოვები

2022 წლის 20 იანვარი
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ

შვიდ იეჰოვას მოწმეს შემოქმედზე მინდობა აძლიერებს

შვიდ იეჰოვას მოწმეს შემოქმედზე მინდობა აძლიერებს

პეჩორის საქალაქო სასამართლო (კომის რესპუბლიკა) მალე განაჩენს გამოიტანს ნიკოლაი ანუფრიევის, ედუარდ მერინკოვის, გენადი პოლიაკევიჩის, ალექსანდრე პრიპელსკის, ვიქტორ შჩანიკოვის, გენადი სკუტელეცის და ალექსანდრე ვორონცოვის საქმეზე. პროკურორს ჯერ არ დაუკონკრეტებია, რა სახის სასჯელის შეფარდებას ითხოვს მათთვის.

დროის დიაგრამა

  1. 2020 წლის 28 იანვარი

    კომის რესპუბლიკაში ძალოვნებმა 12 იეჰოვას მოწმის სახლში ჩაატარეს ჩხრეკა. სისხლის სამართლის საქმე აღიძრა გენადი პოლიაკევიჩისა და გენადი სკუტელეცის წინააღმდეგ.

  2. 2020 წლის 30 იანვარი

    გენადი პოლიაკევიჩი წინასწარი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს, გენადი სკუტელეცი კი — შინაპატიმრობაში.

  3. 2020 წლის 20—25 მაისი

    საქმესთან დაკავშირებით ჩვენი პეჩორელი თანაქრისტიანები გამოიძახეს მოწმეებად. დაკითხვის დროს გამომძიებელი მუქარას მიმართავდა, რის გამოც ერთ ძმას ინსულტი დაემართა. ამჟამად ის თავს უკეთ გრძნობს.

  4. 2020 წლის 26 ივნისი

    გენადი პოლიაკევიჩს იზოლატორში ყოფნის ვადა გაუხანგრძლივეს. მოსამართლემ აღნიშნა, რომ გენადის ბრალად ედება „წინასწარი განზრახვით განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენა“. მოსამართლემ გენადის წინააღმდეგ მისივე ნათქვამი სიტყვებიც გამოიყენა, რომ, სამართალდამცავების მხრიდან დევნის მიუხედავად, არ შეწყვეტდა იეჰოვას მსახურებას.

  5. 2020 წლის 24 აგვისტო

    სამართალდამცავებმა კიდევ 12 იეჰოვას მოწმის სახლში მოაწყვეს ჩხრეკა.

  6. 2020 წლის 10 ნოემბერი

    სისხლის სამართლის საქმე აღიძრა ალექსანდრე პრიპელსკის, ალექსანდრე ვორონცოვის, ედუარდ მერინკოვის, ნიკოლაი ანუფრიევისა და ვიქტორ შჩანიკოვის წინააღმდეგ. მათი საქმე გენადი პოლიაკევიჩისა და გენადი სკუტელეცის წინააღმდეგ აღძრულ საქმეში გააერთიანეს.

  7. 2020 წლის 25 ნოემბერი

    გენადი პოლიაკევიჩმა 300 დღე გაატარა დროებითი მოთავსების იზოლატორში, რის შემდეგაც შინაპატიმრობაში გადაიყვანეს.

  8. 2021 წლის 27 იანვარი

    დაახლოებით ერთწლიანი შინაპატიმრობის შემდეგ გენადი სკუტელეცი გაათავისუფლეს.

ზოგადი ინფორმაცია

ეჭვი არ გვეპარება, რომ იეჰოვა არც ახლა და არც მომავალში არ მოაკლებს კურთხევას მასზე მინდობილ ჩვენს და-ძმებს (ფსალმუნი 27:13).