არჩეულ მასალაზე გადასვლა

იანვარი 21, 2014
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ

სიახლე: ვებ-გვერდის JW.ORG აკრძალვის გაუქმება

სიახლე: ვებ-გვერდის JW.ORG აკრძალვის გაუქმება

სანკტ-პეტერბურგი, რუსეთი — 2013 წლის 7 აგვისტოს, ქალაქ ტვერის რაიონულმა სასამართლომ, რომელიც მოსკოვიდან ჩრდილოეთით დაახლოებით 160 კილომეტრში მდებარეობს, გადაწყვიტა, მთელ რუსეთის ფედერაციაში აიკრძალოს იეჰოვას მოწმეების ოფიციალური ვებ-გვერდი jw.org.

მიუხედავად იმისა, რომ ამ ვებ-გვერდს მთელ მსოფლიოში ასობით ათასი ადამიანი სტუმრობს და მან არაერთი მეცნიერისა თუ სწავლულის პატივისცემა დაიმსახურა, სასამართლომ გადაწყვეტილება სახელმწიფო მოხელეების სასარგებლოდ გამოიტანა და აკრძალა ეს ვებ-გვერდი. სასამართლო განხილვისა და მიღებული გადაწყვეტილების შესახებ არაფერი იცოდა ამ ვებ-გვერდის მესაკუთრემ, ბიბლიისა და ტრაქტატების საზოგადოება „საგუშაგო კოშკმა“, და შესაბამისად, არც ჩვენების მიცემის შესაძლებლობა ჰქონდა. იეჰოვას მოწმეები ამ გადაწყვეტილებას ქალაქ ტვერის საოლქო სასამართლოში ასაჩივრებენ. სასამართლო მოსმენა დანიშნულია 2014 წლის 22 იანვარს.

იმ შემთხვევაში, თუ ეს საჩივარი არ იქნება დაკმაყოფილებული, რუსეთის მთელ ტერიტორიაზე მცხოვრები 160 000-ზე მეტი იეჰოვას მოწმე, რომელიც ვებ-გვერდს jw.org რელიგიური მსახურებისა და ბიბლიის პირადი თუ ოჯახური შესწავლისთვის იყენებს, ვეღარ შეძლებს მისით სარგებლობას. ნებისმიერი პირი, რომელიც რუსეთში აღნიშნული ვებ-გვერდის შესახებ რაიმე ინფორმაციას გაავრცელებს სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცემა. გარდა ამისა, რუსეთში მცხოვრები დაახლოებით 142 მილიონი ადამიანი ვერ შეძლებს ამ ვებ-გვერდის მეშვეობით ბიბლიის შესახებ უფასო ინფორმაციის მიღებას. ეკატერინე ელბაკიანი, ფილოსოფიის დოქტორი და რელიგიათმცოდნე, რომელიც ამჟამად „მოსკოვის შრომისა და სოციალურ ურთიერთობათა აკადემიის“ პროფესორია, ვებ-გვერდის jw.org შესახებ შემდეგ კომენტარს აკეთებს: „ის ნამდვილი საჩუქარია ყველასთვის, ვინც რელიგიური საკითხებით არის დაინტერესებული. მასში მოცემულია ამომწურავი და გასაგები ინფორმაცია. მარტივად არის გადმოცემული მნიშვნელოვანი სულიერი და ზნეობრივი საკითხები. ამ ვებ-გვერდზე შესვლისთანავე ისეთი გრძნობა გეუფლებათ, თითქოს იეჰოვას მოწმეების ოჯახში მიგიღეს გულთბილად“.

გრიგორი მარტინოვი, იეჰოვას მოწმეთა საინფორმაციო სამსახურის პრეს-მდივანი რუსეთში, აცხადებს: „ვებ-გვერდი jw.org უნიკალური საშუალებაა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის იმ ნაწილისთვის, რომელიც ბიბლიური ჭეშმარიტებით არის დაინტერესებული; ის არც პოლიტიზირებულია და არც კომერციული. ვიმედოვნებთ, რომ ტვერის საოლქო სასამართლო მხედველობაში მიიღებს ამას და ეს საგანმანათლებლო ვებ-გვერდი კვლავაც ხელმისაწვდომი დარჩება რუსეთის მოსახლეობისთვის“.

ნიუ-იორკში იეჰოვას მოწმეთა მთავარი სამმართველოს საინფორმაციო სამსახურის პრეს-მდივანი ჯ. ბრაუნი აღნიშნავს: „ვებ-გვერდი jw.org შესანიშნავი საკვლევი საშუალება და სანდო ინფორმაციის წყაროა ოჯახებისთვის მთელ მსოფლიოში. ის იმდენად მოსწონთ მომხმარებლებს, რომ ყოველდღიურად მას საშუალოდ 900 000 ადამიანი სტუმრობს, რათა დაახლოებით 600 ენაზე მოიძიონ პრაქტიკული ინფორმაცია. ამგვარი ინფორმაციის წყაროს აკრძალვა ყოვლად გაუმართლებელია“.

საკონტაქტო პირები:

საერთაშორისო: ჯ. ბრაუნი, საინფორმაციო სამსახური, ტელ. +1 718 560 5000

რუსეთი: გრიგორი მარტინოვი, ტელ. +7 812 702 2691