2019 წლის 5 ივლისი
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ
ძმა ანდრეი სტუპნიკოვს შინაპატიმრობა მოუხსნეს
2019 წლის 2 ივლისს, კრასნოიარსკის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ძმა ანდრეი სტუპნიკოვს შინაპატიმრობა მოეხსნა. მიუხედავად ამისა, მის წინააღმდეგ აღძრული საქმე დღემდე არ არის დახურული.
2018 წლის 3 ივლისს, დილით ადრე, ცოლ-ქმარი სტუპნიკოვები კრასნოიარსკის საერთაშორისო აეროპორტში გადიოდნენ რეგისტრაციას, როცა მათთან ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის ორი თანამშრომელი მივიდა და ძმა სტუპნიკოვი დააკავა. ის რვა თვით ჩასვეს წინასწარი დაკავების იზოლატორში, 2019 წლის თებერვლის ბოლოს კი მას შინაპატიმრობა შეუფარდეს.
ძმა ანდრეი აღნიშნავს, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში უკეთ გაიცნო საკუთარი თავი და უფრო მეტად დააფასა იეჰოვა ღმერთთან ურთიერთობა. ის ამბობს: „[მე და ოლგა] არაერთი წელია, იეჰოვას მოწმეები ვართ, მაგრამ იეჰოვასთან არასდროს გვქონია ისეთი ახლო ურთიერთობა, როგორიც ახლა გვაქვს. ყველაზე რთულ მომენტებში განსაკუთრებულად ვგრძნობ, რომ ზეციერი მამა ჩემ გვერდითაა. ისე აშკარად ვგრძნობ მის ხელს და ისე სწრაფად პასუხობს ის ჩემს ლოცვებს, რომ გაოცებას ვერ ვმალავ!“.
ბოლოს ძმა ანდრეი ასეთ სიტყვებს ამბობს: „ახლა ყველაზე მეტად ვარ დარწმუნებული, რომ ჩემს მამას კარგად ესმის, რასაც განვიცდი. გამოცდილებამ მასწავლა, რომ ბოლომდე უნდა მივენდო მას და ზედმეტად არ უნდა მეშინოდეს დევნების. გაცილებით საშიში იეჰოვასთან ურთიერთობის გაფუჭებაა. მჯერა, რომ მასთან ერთად ნებისმიერი განსაცდელის გადატანაა შესაძლებელი“.
მიმდინარე წლის 1 ივლისს იმ და-ძმების რიცხვმა, რომელთა წინააღმდეგაც სისხლის სამართლის საქმეა აღძრული რუსეთში, 217-ს მიაღწია. იყო რამდენიმე შემთხვევა, როცა უფლებამოსილმა პირებმა ჩვენს და-ძმებს შეზღუდვები შეუმსუბუქეს. თუმცა, რაც არ უნდა იყოს, ჩვენ სრულ ნდობას ვუცხადებთ არა სასამართლოებს თუ ხელისუფლების წარმომადგენლებს, არამედ ჩვენს ღმერთს, იეჰოვას. ვლოცულობთ, რომ იეჰოვა იყოს ძალა და ფარი რუსეთში მცხოვრები ჩვენი თანამორწმუნეებისთვის (ფსალმუნი 28:7).