2019 წლის 9 აგვისტო
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ
ძმა ანჯეი ონიშჩუკი თითქმის ერთი წელია სამარტოო საკანშია
ჩვენი საყვარელი ძმა ანჯეი ონიშჩუკი, რომელიც პოლონეთის მოქალაქეა, რუსეთში დღემდე წინასწარი პატიმრობის იზოლატორში იმყოფება. 2018 წლის 9 ოქტომბერს იგი პოლიციელებმა და სპეცრაზმელებმა დააკავეს. არცთუ ისე დიდი ხნის წინ მას უკვე მეხუთედ გაუხანგრძლივეს წინასწარი პატიმრობის ვადა და 2 ოქტომბრამდე გადაუვადეს, რაც იმას ნიშნავს, რომ თითქმის ერთი წელი მოუწევს წინასწარ პატიმრობაში ყოფნა.
მთელი ამ დროის მანძილზე ანჯეი სამარტოო საკანში იმყოფება. დილის 6 საათიდან საღამოს 9 საათამდე მას იმის უფლებაც კი არა აქვს, რომ ცოტა ხნით მაინც წამოწვეს. ცხელი წყლით ბანაობის უფლებას კვირაში მხოლოდ ერთხელ, 15 წუთით აძლევენ. ათი თვის მანძილზე ანჯეის მეუღლეს, ანას ერთხელაც არ დართეს ნება, რომ ქმარი მოენახულებინა. მათ ერთმანეთთან ურთიერთობა მხოლოდ წერილების მეშვეობით აქვთ. ანამ ბევრჯერ მოითხოვა ანჯეის მონახულების უფლება, თუმცა მისი მოთხოვნა ჯერაც არ დაუკმაყოფილებიათ.
ჩვენს ვებგვერდზე ახალ ამბებში აღნიშნული იყო, რომ ანჯეი მას შემდეგ დააკავეს, რაც კიროვში ადგილობრივმა პოლიციელებმა და სპეცრაზმელებმა მის და კიდევ 18 და-ძმის სახლში რეიდი მოაწყვეს. ანჯეის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე იმის გამო აღძრეს, რომ სამეფოს სიმღერებს მღეროდა და რელიგიური შინაარსის პუბლიკაციებს კითხულობდა.
გასულ წელს წინასწარი პატიმრობის იზოლატორში ანჯეის გარდა კიდევ ოთხი კიროველი ძმა მოათავსეს (44 წლის მაქსიმ ხალტურინი, 66 წლის ვლადიმირ კორობეინიკოვი, 26 წლის ანდრეი სუვორკოვი და 41 წლის ევგენი სუვორკოვი). მოგვიანებით ამ ოთხ ძმას შინა პატიმრობა შეუფარდეს. დღესდღეობით ანჯეისა და ამ ოთხი ძმის საქმე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში განსახილველ საქმეთა სიაშია შეტანილი.
წელს კიდევ 7 კიროველი ძმის წინააღმდეგ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. მათგან ყველაზე ასაკოვანი ევგენი უდინცევია, რომელიც 70 წლისაა. კიროვში რელიგიური მსახურების გამო 12 იეჰოვას მოწმის წინააღმდეგ მიმდინარეობს სისხლის სამართლებრივი დევნა.
მოდი არასდროს დავივიწყოთ ანჯეი, ანა და რუსეთში მცხოვრები სხვა და-ძმები და გავითვალისწინოთ ღვთივშთაგონებული რჩევა: „გახსოვდეთ საპყრობილეში ბორკილებში მყოფნი, თითქოს თქვენც მათთან ერთად ყოფილიყოთ შებორკილნი, და ისინი, ვისაც სასტიკად ეპყრობიან, რადგან თქვენც ჯერ კიდევ სხეულში იმყოფებით“ (ებრაელები 13:3).