არჩეულ მასალაზე გადასვლა

ძმა არტურ ლოხვიცკი მეუღლესთან, ანასთან ერთად

2021 წლის 26 იანვარი
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ

ძმა არტურ ლოხვიცკის ოთხწლიანი პატიმრობა ემუქრება

ძმა არტურ ლოხვიცკის ოთხწლიანი პატიმრობა ემუქრება

სავარაუდო სასჯელი

2021 წლის 2 თებერვალს, a ებრაელთა ავტონომიურ ოლქში მდებარე ბირობიჯანის რაიონულმა სასამართლომ განაჩენი უნდა გამოიტანოს ძმა არტურ ლოხვიცკის საქმეზე. მას ოთხწლიანი პატიმრობა ემუქრება.

ზოგადი ინფორმაცია

არტურ ლოხვიცკი

  • დაიბადა: 1986 წელს ბელგოროდსკოეში (ებრაელთა ავტონომიური ოლქი).

  • ბიოგრაფია: შვიდი წლის იყო, როცა მამა დაეღუპა. დაეუფლა ელექტრიკოსის პროფესიას, კერძოდ, ხანძარსაწინააღმდეგო სისტემის დამონტაჟებას. საქმისადმი გულმოდგინე დამოკიდებულების გამო მიღებული აქვს ჯილდოები.

    იეჰოვა ღმერთის სიყვარული არტურს დედამ ბავშვობიდან ჩაუნერგა. ის 1998 წელს მოინათლა 11 წლის ასაკში. 2018 წელს დაქორწინდა ანაზე. მათ უყვართ მოგზაურობა და ბუნებაში სეირნობა.

სასამართლო საქმე

2018 წლის მაისში, არტურისა და ანას დაქორწინებიდან სამი თვის შემდეგ, სამართალდამცავებმა მათი ბინა გაჩხრიკეს. ეს იმ ოპერაციის ნაწილი იყო, რომელსაც „სასამართლოს დღე“ უწოდეს. მაშინ უსაფრთხოების სამსახურის 150-მა თანამშრომელმა იეჰოვას მოწმეთა, სულ მცირე, ცხრა ბინაში ჩაატარა ჩხრეკა. პოლიციამ არტურის დედის, ირინას, ბინაც გაჩხრიკა. 2019 წლის 31 ივლისს ბირობიჯანის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (ფე-ეს-ბე) თანამშრომლებმა არტურის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრეს ეგრეთ წოდებულ, ექსტრემისტულ საქმიანობაში მონაწილეობის ბრალდებით. ცალ-ცალკე საქმე აღიძრა ანასა და ირინას წინააღმდეგაც.

არსებული სიტუაცია სერიოზულ ფინანსურ პრობლემებს უქმნის არტურის ოჯახს. სამართალდამცავები უფლებას არ აძლევენ არტურს, ისარგებლოს საბანკო ანგარიშით. გარდა ამისა, მას დამსაქმებელი სამსახურიდან დათხოვნით დაემუქრა.

მიმდინარე სასამართლო პროცესების გამო არტურის ოჯახს აღარ აქვს ნორმალური ცხოვრება. არტური ამბობს: „ჩვენი ცხოვრება მთლიანად შეიცვალა. კვირის კი არა, დღის დაგეგმვაც კი სირთულეს წარმოადგენს ჩვენთვის. პოლიცია განყოფილებაში სხვადასხვა, მათთვის მოსახერხებელ, დროს გვიბარებს. ამიტომ გამუდმებით გვიწევს გეგმების შეცვლა“.

არტური და ანა მადლიერები არიან იმ თანამორწმუნეების, რომლებიც მათ გვერდით არიან. არტური აღნიშნავს: „ძმები დიდ დახმარებას გვიწევენ როგორც ემოციურად, ისე სულიერად ... იეჰოვას ხალხს შორის ყოფნა და სასამართლო პროცესებზე იეჰოვას სახელის განდიდება იმდენად დიდი ბედნიერება და პატივია, რომ ძნელია ამ გრძნობების სიტყვებით გადმოცემა. აშკარაა, იეჰოვა არ ტოვებს თავის ხალხს!“.

ლოხვიცკების ოჯახს რწმენის განმტკიცებაში დღემდე სულიერი განრიგის მიყოლა ეხმარება. თუმცა ამ განრიგის მიყოლა ყოველთვის ადვილი არ იყო. პოლიციის მიერ ჩატარებული „სასამართლოს დღის“ სპეცოპერაციის შემდეგ არტური იხსენებს: „სულიერი საზრდოს გარეშე დავრჩით“. თავიდან არტური ძალიან წუხდა ამაზე. მას ადარდებდა, როგორ შეძლებდნენ ის და მისი ოჯახი სულიერად კვებას. მაგრამ მალე მას გაახსენდა საყოველთაო ჭეშმარიტება. ის ამბობს: „ვერავინ, მათ შორის ვერც „ფე-ეს-ბე“, ვერ წაგვართმევდა ლოცვის პატივს. მაშინვე ლოცვა დავიწყეთ. სწორედ ლოცვა დაგვეხმარა, არ დაგვეკარგა მხნეობა“.

იეჰოვამ სწრაფად უპასუხა მათ ლოცვებს და უზრუნველყო საჭირო სულიერი საზრდოთი. არტური ამბობს: „ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მივყვეთ ჩვენს სულიერი განრიგს, იქნება ეს ოჯახთან ერთად თაყვანისცემა, კრებისთვის მომზადება თუ ბიბლიის კითხვა. ეს გვეხმარება, უფრო მეტად დავუახლოვდეთ ერთმანეთს, ჩვენს ცხოვრებაში იეჰოვას ხელი დავინახოთ და ამგვარად, პოზიტიური განწყობა შევინარჩუნოთ“.

ბიბლიის კითხვა და კვლევა არტურის ოჯახს განსაკუთრებით იმაში ეხმარება, რომ მომავალ კურთხევებზე იფიქრონ. ის გვიზიარებს: „ბოლო დროს სულ უფრო მეტს ვფიქრობთ მომავლის იმედზე; ჩვენს თავს ახალ ქვეყნიერებაში წარმოვიდგენთ ხოლმე ... გვინდა, დედამიწის გაწმენდაში მივიღოთ მონაწილეობა, შემდეგ კი სამშენებლო საქმეებში. ამაზე ფიქრი ძალებს გვიახლებს“.

სანამ ეს დრო დადგება, არტური და ანა ხშირად ფიქრობენ ებრაელების 13:6-ზე, სადაც ნათქვამია: „იეჰოვაა ჩემი შემწე, არ შემეშინდება. რას მიზამს კაცი?!“. არტური ამბობს: „ხშირად ვფიქრობთ იმაზე, რომ ხელისუფლებას შეუძლია წაგვართვას თავისუფლება, ერთად შეკრების უფლება და ერთმანეთსაც კი დაგვაშოროს, მაგრამ ვერავინ შეძლებს წაგვართვას ის, რაც ჩვენთვის უფრო ძვირფასია: იეჰოვასთან ურთიერთობა, ლოცვა და მომავლის იმედი“.

a შესაძლოა შეიცვალოს.