არჩეულ მასალაზე გადასვლა

2020 წლის 24 ივლისი
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ

ძმა დენის კრისტენსენი ისევ სადამსჯელო საკანშია

ძმა დენის კრისტენსენი ისევ სადამსჯელო საკანშია

2020 წლის 15 ივლისს, ციხეში გადაყვანიდან ოთხ დღეში, ძმა დენის კრისტენსენი მეორედ მოათავსეს სადამსჯელო საკანში, სადაც ის 27 ივლისამდე დარჩება. საგულისხმოა, რომ თუკი მას მესამედ წაუყენებენ ბრალს, როგორც ციხის შინაგანაწესის დამრღვევს, ციხის ადმინისტრაციას შეუძლია ცნოს „უხეშ დამრღვევად“ და კარცერში მოათავსოს ექვსი თვით. ადვოკატთა გუნდი, რომელიც დენის კრისტენსენის საქმეზე მუშაობს, აპირებს, გაასაჩივროს ბოლოდროინდელი ბრალდებები.

ციხის ადმინისტრაცია ძმა დენისს იმას უჩივის, რომ იგი არ ასრულებს ციხეში მიცემულ დავალებას და არ მუშაობს ციხის სამკერვალო ფაბრიკაში. თუმცა აღსანიშნავია, რომ ციხეში ყოფნის დროს ძმა დენისის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. მართალია, ციხის ექიმები ირწმუნებიან, რომ დენისს ჯანმრთელობა ხელს არ უშლის მუშაობაში, თუკი შესვენებებით იმუშავებს და დროდადრო გამოძრავდება, მაგრამ გარედან შეყვანილი ექიმის ცნობით, დენის კრისტენსენს ჯანმრთელობა არ აძლევს მუშაობის საშუალებას.

სადამსჯელო საკანში პატიმარს ეკრძალება საკვების ყიდვა, ტელეფონით სარგებლობა და სტუმრებისა თუ ამანათების მიღება. მართალია, კანონით დაშვებულია სასულიერო პირთან შეხვედრა, მაგრამ, ვინაიდან რუსეთში იეჰოვას მოწმეთა რელიგიურ ორგანიზაციას გაუუქმდა რეგისტრაცია, კრების უხუცესებს არ შეუძლიათ ძმა დენისის მონახულება.

როგორც ვებგვერდზე განთავსებული ერთ-ერთი სტატიიდან შევიტყვეთ, 23 ივნისს ლგოვის რაიონულმა სასამართლომ დენის კრისტენსენის ვადაზე ადრე გათავისუფლების ბრძანება გასცა და სანაცვლოდ ფულადი ჯარიმა დააკისრა. თუმცა ორი დღის შემდეგ პროკურორმა გაასაჩივრა მიღებული გადაწყვეტილება. როგორც ჩანს, ციხის ადმინისტრაცია პროკურორთან ერთად შეგნებულად ცდილობს ძმა დენის კრისტენსენის რეპუტაციის შელახვას და ხელს უშლის მის ვადამდელ გათავისუფლებას.

ყველაფრის მიუხედავად, ძმა დენისი და მისი მეუღლე ირინა არ კარგავენ მხნეობას. გვამხნევებს იმის დანახვა, თუ როგორ უდგას იეჰოვა გვერდით თავის ერთგულ მსახურებს და როგორ ეხმარება ურთულესი განსაცდელების მოთმინებითა და სიხარულით გადატანაში (კოლოსელები 1:11).