არჩეულ მასალაზე გადასვლა

დიმიტრი მასლოვი და მისი მეუღლე იულია

2021 წლის 18 მარტი
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ

ძმა დიმიტრი მასლოვს ბიბლიურ თემებზე მეგობრებთან მსჯელობის გამო პატიმრობა ემუქრება

ძმა დიმიტრი მასლოვს ბიბლიურ თემებზე მეგობრებთან მსჯელობის გამო პატიმრობა ემუქრება

განახლებული ინფორმაცია | რუსეთის სასამართლო არ აკმაყოფილებს დიმიტრი მასლოვის საჩივარს

2021 წლის 5 ოქტომბერს კრასნოიარსკის სამხარეო სასამართლომ არ დააკმაყოფილა დიმიტრი მასლოვის საჩივარი და მისთვის დაკისრებული ჯარიმა უცვლელი დატოვა.

2021 წლის 2 ივნისს კრასნოიარსკის მხარეში მდებარე მინუსინსკის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო ძმა დიმიტრი მასლოვი. მას ფულადი ჯარიმა დააკისრეს 450 000 რუბლის (6 125 $) ოდენობით.

ზოგადი ინფორმაცია

დიმიტრი მასლოვი

  • დაბადების წელი: 1976 (მინუსინსკი)

  • ბიოგრაფია: გაზარდა მარტოხელა დედამ უმცროს და-ძმასთან ერთად. დაამთავრა პროფესიული სასწავლებელი მეფუტკრეობის სპეციალობით. ამჟამად სანტექნიკოსად მუშაობს. უყვარს ველოსიპედით სეირნობა, აკვალანგით ყვინთვა და აკორდეონზე დაკვრა.

    მნიშვნელოვან ცხოვრებისეულ კითხვებზე ფიქრი ადრეული ასაკიდან დაიწყო. ამომწურავი და დამაჯერებელი პასუხები ბიბლიაში იპოვა. 1994 წელს მოინათლა. როცა სამხედრო სამსახურში გამოიძახეს, სამოქალაქო სამსახურის შესრულება მოითხოვა, რადგან სინდისი ნებას არ რთავდა ემსახურა ჯარში. 1997 წელს დაქორწინდა იულიაზე.

სასამართლო საქმე

2019 წლის 19 აპრილს, საღამოს, ქალაქ მინუსინსკში ჯარისკაცები, საგამოძიებო კომიტეტის წევრები და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები იეჰოვას მოწმეების ხუთ ბინაში შეიჭრნენ. აღნიშნული რეიდების დროს 76 წლის ძმას ხელი ჰკრეს, რის შემდეგაც ის იატაკზე დაეცა და სხეულის დაზიანება მიიღო. 30-ზე მეტი და-ძმა დააკავეს და დასაკითხად გადაიყვანეს განყოფილებაში. მოგვიანებით ისინი გაათავისუფლეს. სამართალდამცავებმა ძმა დიმიტრის წინააღმდეგ საქმე აღძრეს. მას ძირითადად იმაში ედება ბრალი, რომ ორგანიზება გაუწია მეგობრებთან ერთად მთებში ლაშქრობას, რომლის დროსაც ისინი ბიბლიურ თემებზე საუბრობდნენ.

ამჟამად დიმიტრის ეკრძალება ქალაქიდან გასვლა. მალე სასამართლო განაჩენს გამოიტანს მის საქმეზე. დედამისი, რომელიც არ იზიარებს დიმიტრის რწმენას, მიიჩნევს, რომ მის ვაჟი უსამართლოდ იდევნება და, რომ ის არ იმსახურებს ამგვარ მოპყრობას. ის დარწმუნებულია, რომ დიმიტრის რელიგია „ყველაზე მშვიდობიანი რელიგიაა“.

დიმიტრის ძალიან ანუგეშებს იმის ცოდნა, რომ იეჰოვას სურს, „თავისი ძალით დაეხმაროს მათ, ვინც მთელი გულით ემსახურება“ მას (2 მატიანე 16:9).