არჩეულ მასალაზე გადასვლა

ძმა ევგენი გოლიკი სასამართლოს შენობის გარეთ; 2020 წლის დეკემბერი

2021 წლის 21 იანვარი
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ

ძმა ევგენი გოლიკს პირობითი პატიმრობა შეუფარდეს

ძმა ევგენი გოლიკს პირობითი პატიმრობა შეუფარდეს

განაჩენი

2021 წლის 20 იანვარს ებრაელთა ავტონომიურ ოლქში მდებარე ბირობიჯანის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო ძმა ევგენი გოლიკი. მას ორწელიწადნახევრიანი პირობითი სასჯელი შეუფარდეს. ევგენის ამჟამად არ მოუწევს სასჯელის ციხეში მოხდა. ის გაასაჩივრებს აღნიშნული განაჩენს.

ზოგადი ინფორმაცია

ევგენი გოლიკი

  • დაიბადა: 1975 წელს ბირობიჯანში (ებრაელთა ავტონომიური ოლქი).

  • ბიოგრაფია: პროფესიით შემდუღებელია. მუშაობს საქვაბე ოთახის ოპერატორად. მსახურობდა რუსეთის სამხედრო სამსახურში, სანამ იეჰოვას მოწმე გახდებოდა.

    ჭეშმარიტება დედისგან გაიგო. მიიღო პასუხები მნიშვნელოვან ცხოვრებისეულ კითხვებზე. ბიბლიური ცოდნის დახმარებით ის უფრო მზრუნველი ადამიანი გახდა.

სასამართლო საქმე

2019 წლის 17 მაისს, დილით ადრე, რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის 150-მა ოფიცერმა რეიდები მოაწყო რუსეთის უკიდურეს აღმოსავლეთში, ქალაქ ბირობიჯანში მდებარე იეჰოვას მოწმეთა ცხრა სახლში. ფე-ეს-ბემ ამ ოპერაციას „სასამართლოს დღე“ უწოდა. ადგილობრივმა სამართალდამცავებმა საქმე აღძრეს ებრაელთა ავტონომიურ ოლქში მცხოვრები ძმა ევგენი გოლიკისა და 21 და-ძმის წინააღმდეგ. ევგენის საქმეზე სასამართლო მოსმენები 2020 წლის 29 იანვარს დაიწყო.

სასამართლოზე პროკურორმა მტკიცებულების სახით წარადგინა ვიდეოჩანაწერები, სადაც ნაჩვენები იყო, რომ ევგენი ბიბლიას და ბიბლიურ პუბლიკაციებს კითხულობდა.

ნამდვილად არაა ადვილი, იყო ასეთი უსამართლობის მსხვერპლი. თუმცა ევგენი აღნიშნავს: „კარგი სულიერი რეჟიმი მეხმარება, რომ უმეტესად იეჰოვაზე ვიფიქრო და არა საკუთარ თავზე. ბიბლიურ აზრებზე ფიქრი კი სიხარულს მგვრის და მაძლევს მოტივაციას, რომ ეს აზრები სხვებსაც გავუზიარო“.

ევგენის განსაკუთრებით უყვარს ფსალმუნის 23:4-ზე ფიქრი. ის ამბობს: „ეს მუხლი დამეხმარა, მომეკრიბა გაბედულება და სიხარულით ამეტანა განსაცდელი. სიკვდილის საშიშროების წინაშეც რომ აღმოვჩნდე, ვიცი, რომ იეჰოვა ყოველთვის ჩემთანაა“.

ევგენის თანამორწმუნეებიც ედგნენ მხარში. „და-ძმები სასამართლო პროცესებზე მოდიოდნენ ხოლმე, რაც ძალიან, ძალიან მამხნევებდა“, — გვიყვება ევგენი, — „გარდა ამისა, ამ სირთულეების დროს დიდად მანუგეშებდა ჩემი მეუღლეც, რომელიც ჩემთვის იეჰოვასგან ბოძებული ძვირფასი შემავსებელია. სიხარულს ყოველთვის განვიცდი, რადგან მაქვს სულიერი და ფიზიკური საზრდო და უდიდესი მხარდაჭერა ღვთისგან“.

ევგენის გადაწყვეტილი აქვს, რომ ყოველთვის მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდეს იეჰოვასთან. მათ, ვისაც მომავალში იგივე განსაცდელები ელით, ევგენი ურჩევს: „ისწავლეთ სამეფო სიმღერები, მოამზადეთ გული მტრების შესაყვარებლად. იმისთვისაც მოემზადეთ, რომ ნებისმიერ სიტუაციაში სიხარულით ემსახუროთ იეჰოვას“.

მოდი ყველამ ვისწავლოთ რუსეთში მცხოვრები ჩვენი და-ძმების მაგალითებიდან. იეჰოვა ჩვენც მსგავსად გაგვაძლიერებს, როცა განსაცდელების პირისპირ აღმოვჩნდებით (ფსალმუნი 29:11).