არჩეულ მასალაზე გადასვლა

ევგენი იაკუ და მისი მეუღლე ირინა

2021 წლის 17 მაისი
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ

ძმა ევგენი იაკუ იეჰოვას სთხოვს სიბრძნეს სასამართლო პროცესების დროს

ძმა ევგენი იაკუ იეჰოვას სთხოვს სიბრძნეს სასამართლო პროცესების დროს

განახლებული ინფორმაცია | რუსეთის სასამართლო არ აკმაყოფილებს ევგენი იაკუს საჩივარს

2021 წლის 1-ლ ოქტომბერს არხანგელსკის საოლქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ევგენი იაკუს საჩივარი და ძალაში დატოვა ქვემდგომი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი.

2021 წლის 19 ივლისს არხანგელსკში მდებარე სოლომბალსკის რაიონულმა სასამართლომ ძმა ევგენი დამნაშავედ ცნო და 880 000 რუბლის (12 082$) ოდენობის ჯარიმა დააკისრა. ამჟამად მას არ მოუწევს სასჯელის ციხეში მოხდა.

ზოგადი ინფორმაცია

ევგენი იაკუ

  • დაბადების წელი: 1980 (სოფელი სოსნოვეცი, კარელიის რესპუბლიკა).

  • ბიოგრაფია: მოზარდობის წლებში მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმის აღმოჩენამ, თუ როგორ სრულდებოდა ბიბლიური წინასწარმეტყველებები. იეჰოვას მოწმე 2006 წელს გახდა. ბიზნესსასწავლებელში სწავლის გამო გადავიდა არხანგელსკში. 2007 წელს დაქორწინდა ირინაზე. მათ უყვართ მოგზაურობა და ბუნებაში ყოფნა.

სასამართლო საქმე

2019 წლის 18 თებერვალს, დილით, რუსეთის სამართალდამცავებმა გაჩხრიკეს ევგენი იაკუს სახლი და ის „ექსტრემისტულ“ საქმიანობაში მონაწილეობის ბრალდებით დააკავეს. ადგილობრივმა პოლიციელებმა ის იზოლატორში გადაიყვანეს, სადაც ორი დღე გააჩერეს. მისმა მეგობრებმა და ოჯახის წევრებმა არ იცოდნენ მისი ადგილსამყოფელი.

გათავისუფლების შემდეგ ევგენის ეკრძალებოდა საღამოობით სახლიდან გასვლა, ნებისმიერი სახის შეკრების მოწყობა სახლში და მათთან ურთიერთობა, ვისაც მისი სასამართლო საქმე ეხებოდა, იქნებოდა ეს ტელეფონით, ელექტრონული ფოსტით თუ სხვა საშუალებებით. შვიდი თვის შემდეგ სასამართლომ მას ზოგიერთი შეზღუდვა მოუხსნა და საღამოობით სახლიდან გასვლის ნება დართო.

2019 წლის 25 ნოემბერს ევგენის „ექსტრემისტული“ საქმიანობის ორგანიზებაში დასდეს ბრალი. დროთა განმავლობაში, მას სხვა ბრალდებებიც წაუყენეს. გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში, მას 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება. შეზღუდვების გამო ევგენიმ დაკარგა სამსახური; გარდა ამისა მას დაუბლოკეს საბანკო ანგარიშები და ჩამოართვეს ორი ავტომობილი.

ამ ურთულეს პერიოდში ევგენი და ირინა უფრო მეტად არიან მინდობილი იეჰოვაზე. ირინა ამბობს: „უდიდესი მადლიერების გრძნობა მეუფლება, როცა იეჰოვა კონკრეტულად მპასუხობს ლოცვებზე და ზრუნავს ჟენიასა [ევგენი] და ჩემზე“.

მაგალითად, ირინამ იეჰოვას სთხოვა, რომ მისი ქმრისთვის მიეცა სიმშვიდე და დახმარებოდა, რომ სასამართლო მოსმენების დროს კარგად ესაუბრა თავის რწმენაზე. ევგენიც იმავეზე ლოცულობდა. ის აღნიშნავს: „საგამოძიებო განყოფილებაში თუ სასამართლო პროცესებზე წასვლის წინ იეჰოვას ყოველთვის ვთხოვდი, რომ სიბრძნე მოეცა ჩემთვის“. ევგენი გრძნობდა, როგორ პასუხობდა იეჰოვა. „მხოლოდ იმას ვამბობდი, რაც საჭირო იყო; ბევრს არაფერს ვლაპარაკობდი“,— დასძენს ევგენი, — „იეჰოვა მარწმუნებს, რომ არ მივუტოვებივარ და აშკარად და შესამჩნევად პასუხობს ჩემს ლოცვებს. ახლა უფრო ნათლად ვგრძნობ მის ხელს ჩემს ცხოვრებაში, ვიდრე ოდესმე“.

ჩვენ გვჯერა, რომ იეჰოვა კვლავ მისცემს გაბედულებას ევგენის, რომ განაჩენის გამოტანამდე საკუთარი რწმენა „რბილად და პატივისცემით“ დაიცვას (1 პეტრე 3:15).