2019 წლის 14 ოქტომბერი
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ
ძმა ვალერი მოსკალენკოს საბოლოო სიტყვა სასამართლოზე
პარასკევს, 2019 წლის 30 აგვისტოს, ძმა ვალერი მოსკალენკო საბოლოო სიტყვით წარსდგა სასამართლოს წინაშე. გთავაზობთ ნაწყვეტს მისი სიტყვიდან (ნათარგმნია რუსულიდან):
თქვენო ღირსებავ და პატივცემულო საზოგადოებავ, მე 52 წლის გახლავართ. გასულ წელს დამაკავეს, უფრო ზუსტად რომ ვთქვა, ერთ წელზე მეტია, რაც დაპატიმრებული ვარ.
საბოლოო სიტყვაში მსურს, მოკლედ მოგიყვეთ ჩემზე, როგორ ვუყურებ ჩემს ბრალდებას და, ზოგადად, როგორია ჩემი შეხედულება ცხოვრებაზე. დიდი იმედი მაქვს, თქვენო ღირსებავ, გამიგებთ, რატომ არ ვღალატობ ჩემს რელიგიურ შეხედულებებს და რატომ არ მიმაჩნია ღვთისადმი რწმენა დანაშაულად.
იყო დრო, როცა არ ვიყავი იეჰოვას მოწმე. კარგი მშობლები მყავდა და კარგადაც აღმზარდეს. თუმცა ჯერ კიდევ ბავშვი ვიყავი, როცა ირგვლივ ბევრ უსამართლობას ვხედავდი და ჩემთვის ვფიქრობდი: „ასე არ უნდა ხდებოდეს; ბოროტი და მატყუარა ადამიანები წარმატებულები არიან, პატიოსანი და კეთილი ადამიანები კი — იტანჯებიან“.
24 წლის ასაკში სერიოზულად დავიწყე ბიბლიის კვლევა. რამდენიმე თვეში ყველა ჩემს კითხვაზე ვიპოვე პასუხი.
მას შემდეგ, გადაწყვეტილებების მიღების დროს, ყოველთვის იმას ვცდილობ, გავითვალისწინო ღვთის გრძნობები, კანონები და პრინციპები, რომელთა შესახებაც დეტალურად წერია ბიბლიაში. ამ მხრივ ბიბლიაში მოხსენიებული მორწმუნე ადამიანების ისტორიებიც მეხმარება.
დედასთან ერთად ვცხოვრობ. ის ხანდაზმულია და ჩემს მზრუნველობას საჭიროებს. 2018 წლის 1 აგვისტოს, როცა დედაჩემი სახლში მარტო იყო, ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლის ბრძანებით, სპეცდანიშნულების რაზმმა ჩვენი სახლის უკანა კარის ანჯამა გადახერხა და ჩვენს ბინაში ჩხრეკის ჩასატარებლად შემოვიდა.
როცა ნიღბიანმა ჯარისკაცებმა კარი შემოამტვრიეს, დედას შიშისგან გულის შეტევა დაემართა და საჭირო გახდა სასწრაფო დახმარების გამოძახება. როცა გავიგე, რომ ჩემს ბინაში პოლიცია იყო, 30 წუთში სახლში გავჩნდი. დედაჩემი რომ ამ მდგომარეობაში ვნახე, წნევამ ამიწია. ყველაფრის მიუხედავად, ვცდილობდი, მოთმინება არ დამეკარგა და სიმშვიდე შემენარჩუნებინა. ამას მასწავლის ჩემი ღმერთი, იეჰოვა, და არ მინდა, მას გული ვატკინო.
ბოდიშს ვიხდი, თქვენო ღირსებავ, არ მიყვარს საკუთარ თავზე ბევრი ლაპარაკი, მაგრამ ახლა იძულებული ვარ, ეს გავაკეთო.
უკვე 25 წელია, რაც იეჰოვას მოწმე ვარ. ეს არ არის პატარა დრო. ამ დროის განმავლობაში არავის უწოდებია ჩემთვის ექსტრემისტი. პირიქით, ყველა ისე მიცნობს, როგორც კარგ მეზობელს, პატიოსან თანამშრომელს და მზრუნველ შვილს.
უცებ ყველაფერი შეიცვალა და 2017 წლის 20 აპრილის შემდეგ ექსტრემისტად გამომაცხადეს. რის საფუძველზე? რამე შეიცვალა? ცუდი ადამიანი გავხდი? არა. ბოროტმოქმედი გავხდი ან ვინმეს ზიანი მივაყენე? არა. რუსეთის კონსტიტუციის 28-ე მუხლით სარგებლობის უფლება დავკარგე? ეს არ მომხდარა. ჩემი სახელი არ იყო იმ სიაში, რომელიც უზენაესმა სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში წარადგინა. არავის აუკრძალავს ჩემთვის რუსეთის ფედერაციის კონსტიტუციის 28-ე მუხლით სარგებლობის უფლება. მაშ, რატომ ვზივარ დღეს განსასჯელის სკამზე?
გამომძიებელთან არაერთი საუბრისას გამოჩნდა, რომ ჩემი დაკავებისა და დაპატიმრების მიზეზია ჩემი რწმენა და აგრეთვე ის, რომ საუბრებში და ლოცვებში ყოვლისშემძლე ღვთის, იეჰოვას, სახელს ვიყენებ. მე არ ვთვლი ამას დანაშაულად. ღმერთმა თვითონ აირჩია ეს სახელი და იზრუნა იმაზე, რომ ის ბიბლიაში ჩაწერილიყო.
ვთქვი და კიდევ გავიმეორებ, რომ წარმოუდგენლად მიმაჩნია, წავიდე ღვთის ნების წინააღმდეგ, რომელიც ბიბლიაში არაორაზროვნად არის გამოხატული. არ აქვს მნიშვნელობა, რა სასჯელს მომისჯიან; სასიკვდილო განაჩენიც რომ გამომიტანონ, თამამად ვაცხადებ, რომ ესეც ვერ დამაშორებს სამყაროს ყოვლისშემძლე შემოქმედს, იეჰოვას.
თქვენო ღირსებავ, იეჰოვას მოწმეებს მთელ მსოფლიოში იცნობენ უკონფლიქტო და მშვიდობისმოყვარე ადამიანებად. თითქმის ყველა ქვეყანაში პატივისცემით ეკიდებიან მათ რელიგიურ უფლებებს. ძალიან მინდა, რუსეთშიც პატივისცემით ეპყრობოდნენ მორწმუნე ადამიანის უფლებებს და ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ჩემს უფლებებს.
არავითარი ბრალი არ მიმიძღვის იმ დანაშაულში, რომელსაც მიყენებენ. თხოვნით მივმართავ სასამართლოს, უდანაშაულოდ მცნოს!
უღრმესი მადლობა!