2020 წლის 23 სექტემბერი
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ
ძმა იური ზალიპაიევს ორწლიანი პატიმრობა ემუქრება რუსეთში
სავარაუდო სასჯელი
2020 წლის 7 ოქტომბერს a მაისკის რაიონული სასამართლო (ყაბარდო-ბალყარეთის ტერიტორია) განაჩენს გამოიტანს ძმა იური ზალიპაიევის საქმეზე. მას ორწლიანი პატიმრობა ემუქრება.
ზოგადი ინფორმაცია
იური ზალიპაიევი
დაიბადა: 1962 წელს (სამარა)
ბიოგრაფია: მუშაობდა შემდუღებლად და სატვირთო ავტომობილის მძღოლად. უყვარს პოეზია და ლაშქრობა.
1983 წელს დაქორწინდა ნატალიაზე, ყოფილ თანაკლასელზე. ათი წლის შემდეგ ერთად დაიწყეს ბიბლიის შესწავლა. ჰყავთ სამი შვილი. მთელი ოჯახი და რამდენიმე ნათესავი ერთად ემსახურება იეჰოვას.
სასამართლო საქმე
2016 წლის 20 აგვისტოს პოლიციელებმა გაჩხრიკეს ქალაქ მაისკიში მდებარე იეჰოვას მოწმეთა დარბაზი და იქ ფარულად დატოვეს ჩვენი ლიტერატურა, რომელიც მთავრობის მიერ „ექსტრემისტულადაა“ შერაცხული. მიუხედავად იმისა, რომ ძმებმა სასამართლოზე ვიდეოჩანაწერი წარადგინეს იმის დასტურად, რომ ლიტერატურა სამართალდამცავების მიერ იყო ჩადებული, სასამართლომ მაინც ადგილობრივი იურიდიული პირი დააჯარიმა 200 000 რუბლით (2 634 აშშ დოლარი), ვითომდა, კანონის დარღვევისთვის. რამდენიმე თვის შემდეგ, აღნიშნული ფაქტის საფუძველზე, პროკურატურამ საქმე აღძრა ძმა იური ზალიპაიევის წინააღმდეგაც.
პროკურორი ირწმუნება, რომ იური ზალიპაიევმა გაავრცელა აკრძალული ლიტერატურა და წააქეზა სხვა იეჰოვას მოწმეები, ზეწოლა მოეხდინათ სხვა რელიგიის წევრებზე. ამ სახის დანაშაული ისჯება კანონით — „საზოგადოების მოწოდება ექსტრემისტული საქმიანობისკენ“ (რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 280-ე მუხლი, ნაწილი 1).
სასამართლო მოსმენები 2020 წლის 21 ივნისს დაიწყო. პროცესების დროს ბრალდების მხარის მოწმეები ხშირად იძლეოდნენ ურთიერთგამომრიცხავ და უსაფუძვლო ჩვენებებს. მაგალითად, ზოგი მოწმე ამტკიცებდა, რომ საკუთარი ყურით გაიგონეს, როგორ მოუწოდებდა შეხვედრებზე იური ზალიპაიევი სხვებს ძალადობისკენ. თუმცა გაირკვა, რომ ეს მოწმეები სინამდვილეში არც კი იმყოფებოდნენ ადგილზე. ბრალდების მხარის ზოგი მოწმის ჩვენებიდან ისიც კი გამოჩნდა, რომ დარბაზში აღმოჩენილი აკრძალული ლიტერატურა სამართალდამცავების მიერ იყო ჩადებული.
სანამ ძმა იური თავის განაჩენს ელის, ვლოცულობთ, რომ მან და მისმა ოჯახის წევრებმა შეძლონ სიმტკიცისა და სიმშვიდის შენარჩუნება, დავითის მსგავსად, რომელიც ლოცულობდა: „იეჰოვაა ჩემი ძალა და ფარი, გულით ვენდობი მას. შემეწია იგი და გული გამიხალისა“ (ფსალმუნი 28:7).
a შესაძლოა შეიცვალოს